ამერიკელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს ბიოლოგიური ორგანიზმების „მესამე მდგომარეობა“, რომელიც არ შეიძლება მიეწეროს არც სიკვდილს და არც სიცოცხლეს. ამის შესახებ „ევრონიუსი“ წერს.
ახალი კვლევა აჩვენებს, რომ, როგორც ჩანს, ბიოლოგიური ორგანიზმის არსებობის ფორმები არ შეიძლება შემოიფარგლოს მხოლოდ ორი მდგომარეობით, როგორიც არის „სიკვდილი“ ან „სიცოცხლე“. მეცნიერებმა აღმოაჩინეს მესამე მდგომარეობა – უჯრედების ერთგვარი რენესანსი (რენესანსი /renaissance ფრანგული სიტყვაა და ნიშნავს თავიდან დაბადებას).
გამოცემის შეფასებით, მათი აღმოჩენა მედიცინაში უზარმაზარ მიღწევას გვპირდება.
სიეტლის ვაშინგტონის უნივერსიტეტის პროფესორ პიტერ ნობლისა და კალიფორნიის City of Hope-ის ეროვნული სამედიცინო ცენტრის მეცნიერის, დოქტორ ალექს პოჟიტკოვის თქმით, ორგანიზმის სიკვდილის შემდეგ მის უჯრედებს შეუძლიათ შეიძინონ ახალი შესაძლებლობები, რაც მათ სიცოცხლეში არ ჰქონდათ, საკვები ნივთიერებების, ჟანგბადის, ბიოლექტრობისა და ბიოქიმიური სიგნალების არსებობის შემთხვევაში.
მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ მკვდარი ბაყაყების კანის უჯრედებს აქვთ უნარი, ადაპტირდნენ პეტრის ჭურჭელთან ლაბორატორიაში და სპონტანურად გადაიქცნენ მრავალუჯრედიან ორგანიზმებად, სახელწოდებით „ქსენობოტები“. მათ ასევე განაცხადეს, რომ სიკვდილის შემდეგ ადამიანის ფილტვებში ცალკეული უჯრედები შეიძლება დაჯგუფდნენ მინიატიურულ მრავალუჯრედიან ორგანიზმებად, რომლებსაც „ანთრობოტები“ ეწოდებათ.
კვლევა ეჭვქვეშ აყენებს აზრს, რომ უჯრედების და ორგანიზმების ევოლუცია მხოლოდ წინასწარ განსაზღვრული გზებით ხდება. შეუძლიათ თუ არა ქსოვილებს გადარჩენა და ფუნქციონირება ორგანიზმის სიკვდილის შემდეგ, მთელი რიგი ფაქტორებით განისაზღვრება, როგორიცაა: გარემო პირობები, მეტაბოლური აქტივობა და კონსერვაციის მეთოდები. სხვადასხვა ტიპის უჯრედებს აქვთ სხვადასხვა გადარჩენის დრო, მაგალითად:
- ადამიანებში ლეიკოციტები, ჩვეულებრივ, სიკვდილიდან 60-86 საათში ნადგურდებიან;
- თაგვის ჩონჩხის უჯრედების რეგენერაცია შესაძლებელია 14 დღის განმავლობაში;
- ცხვრისა და თხის ფიბრობლასტების იმპლანტაცია შესაძლებელია ცხოველის სიკვდილიდან დაახლოებით ერთი თვის შემდეგ.
ამ სფეროში ფართომასშტაბიანი კვლევები თხუთმეტ წელზე მეტია, რაც ტარდება და მიუხედავად იმისა, რომ პირველ ექსპერიმენტებს სამეცნიერო საზოგადოება სკეპტიციზმით შეხვდა, დროთა განმავლობაში მათ მიმართ დამოკიდებულება შეიცვალა. 2017 წელს მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ თაგვებსა და თევზებში სიკვდილის შემდეგ დაახლოებით ათასი გენი ფუნქციონირებს.
ნობლი და პოჟიტკოვი დარწმუნებულები არიან, რომ ასეთმა კვლევამ შეიძლება რევოლუციური მიღწევები გამოიწვიოს რეგენერაციულ მედიცინასა და იმუნოთერაპიაში. მეცნიერების დასკვნა ასეთია: „ჩვენ სიცოცხლის შესახებ ფუნდამენტური საკითხების გარკვევის ზღვარზე ვართ“.
ნინო ხოშტარია
მსგავს თემაზე: სიკვდილის წინ: რას გრძნობს და ხედავს ადამიანი, როდესაც გული უჩერდება – მეცნიერთა დასკვნა
„სიცოცხლე სიცოცხლის შემდეგ“ – ფრაგმენტები რეიმონდ მოუდის წიგნიდან I
„სიცოცხლე სიცოცხლის შემდეგ“ – ფრაგმენტები რეიმონდ მოუდის წიგნიდან II
კომენტარები