ილონ მასკს სურს, თავისი 11 შვილი და მათი დედები „ერთ ოჯახად“ დაასახლოს
53 წლის ამერიკელმა მილიარდერმა ილონ მასკმა ტეხასში სამი სახლი იყიდა, სადაც სურს ერთად დაასახლოს თავისი შვილები, რომ მათ ერთმანეთთან ხშირი ურთიერთობის საშუალება ჰქონდეთ და მათი დედები. მასკი შობადობის შემცირებას საფრთხედ თვლის და თავის ნაცნობებს მოუწოდებს, სპერმის დონორები გახდნენ.
The New York Times-ის ინფორმაციით, SpaceX-ისა და Tesla-ს დამფუძნებელმა ილონ მასკმა უჩვეულო „ოჯახური კომპლექსისთვის“ ოსტინში (ტეხასი) უკვე იყიდა ტოსკანური ვილის მსგავსი სახლი, რომლის ფართობიც 1 338 კვადრატული მეტრია და ახლომდებარე, მეორე სახლი, რომელშიც 6 ოთახია. ამ ახლად შეძენილი უძრავი ქონების საერთო ღირებულება დაახლოებით 35 მილიონი დოლარია. მასკი ამ სახლებში თავის შვილებს და მათ 3 დედას დაასახლებს.
გამოცემის ცნობით, ბოლო თვეებში მასკი ხშირად უყვება ახლობლებს, რომ „წარმოიდგინა, როგორ იცხოვრებდნენ მისი შვილები – სულ ცოტა,11 და მათი სამი დედიდან ორი მეზობელ სახლებში“. ამ გზით, ბიზნესმენის აზრით, მისი უმცროსი შვილები „შეიძლება ერთმანეთის ცხოვრების ნაწილი გახდნენ “ და თავად მას შეეძლება, უფრო მეტი დრო გაატაროს ბავშვებთან.
ადგილობრივები ამბობენ, რომ ამ ორი სახლის მახლობლად მესამეც არის, რომელშიც პერიოდულად თავად მასკი ცხოვრობს.
„კომპლექსში“ უკვე ცხოვრობს მასკის 3 შვილის დედა, კომპანია Neuralink-ის ტოპ-მენეჯერი შივონ ზილისი. გაზეთი წერს, რომ მომღერალმა გრაიმსმა (ნამდვილი სახელი – კლერ ალის ბუჩერი), რომელსაც ასევე სამი შვილი ჰყავს მასკისგან, ყოფილი შეყვარებულის წინადადებისგან „თავი შორს დაიჭირა“. წყვილს დღემდე სასამართლო დავა აქვთ მეურვეობის საკითხებთან დაკავშირებით. მასკის პირველი ცოლი ჯასტინი ბიზნესმენს არ ელაპარაკება, თუმცა „კომპლექსში“ ადგილი მისთვისაც არის გათვალისწინებული. წყვილი ერთმანეთს 2008 წელს დაშორდა. მათ 6 შვილი შეეძინათ, თუმცა უფროსი ადრეულ ასაკში გარდაიცვალა.
გამოცემა აღნიშნავს, რომ მასკი in vitro განაყოფიერების მეთოდის მხარდამჭერია. მილიარდერის და მისი პირველი ცოლის შვილები სწორედ „სინჯარის ბავშვები“ არიან. გაზეთის ცნობით, ბიზნესმენმა მეგობრებსა და ნაცნობებს შესთავაზა, სპერმის დონორები გამხდარიყვნენ, მათ შორის, დაქორწინებულ წყვილს, რომელთანაც მანამდე მხოლოდ რამდენჯერმე ჰქონდა ურთიერთობა.
მასკი შობადობის შემცირებას დიდ საფრთხედ აფასებს და მიაჩნია, რომ კაცობრიობა „დემოგრაფიულ კოლაფსში“ იმყოფება. 2023 წლის დეკემბერში იტალიაში გამართულ პოლიტიკურ ღონისძიებაზე გამოსვლისას ბიზნესმენმა თქვა, რომ „თუ ადამიანები უფრო მეტ შვილებს არ გააჩენენ, კაცობრიობა გადაშენდება“.
მანანა ბანძელაძე
კომენტარები