დეპორტაცია ევროკავშირიდან: ყოველი 4 არალეგალური მიგრანტიდან მხოლოდ ერთმა დატოვა EU-ს ტერიტორია უარყოფითი პასუხის მიღების შემდეგ
ევროსტატი ადასტურებს სიტყვებსა და ფაქტებს შორის შეუსაბამობას. ეს ასევე ეხება იტალიას: 2024 წლის პირველ ნახევარში რეპატრიაციის 13 330 ბრძანებიდან მთავრობამ ევროკავშირის არაწევრი 2035 მოქალაქე გააძევა
ევროპას ორი სიჩქარე აქვს არალეგალურ მიგრანტებს წევრი ქვეყნების დატოვების ბრძანებების გაცემასა და მათ აღსრულებას შორის. საქმე ისაა, რომ დეპორტაციის ბრძანებების გაცემა უფრო სწრაფად ხდება, ვიდრე მათი აღსრულება.
ევროსტატის მიერ ორშაბათს, 30 სექტემბერს გამოქვეყნებულმა მონაცემებმა აჩვენა, რომ მეორე კვარტალში ევროკავშირის არაწევრ 96 115 მოქალაქეს უნდა დაეტოვებინა ევროკავშირის ქვეყნები, მაშინ როცა მხოლოდ 25 285 იმიგრანტი დაბრუნდა მესამე ქვეყნებში ასეთი ბრძანებების შემდეგ – ანუ 26,3%. ეს მაჩვენებელი წლის პირველ ნახევარს შეესაბამება, როდესაც 103 505 დაბრუნების ბრძანება იქნა მიღებული და 30 795 იმიგრანტი დაბრუნდა უკან, თავის ქვეყანაში. 2024 წლის დასაწყისიდან კი სულ ევროპაში 199 620 დეპორტაციის ბრძანება მიიღეს და მათგან მხოლოდ 56 080 იმიგრანტი დააბრუნეს მესამე ქვეყნებში.
ევროპის სტატისტიკური ინსტიტუტის მონაცემებით, ევროკავშირის არაწევრი მოქალაქეების მხოლოდ მეოთხედზე ცოტა მეტი ტოვებს ევროკავშირის ტერიტორიას. ეს ნიშნავს, რომ ოთხი ემიგრანტიდან სამი რჩება ევროკავშირში და რომ რეპატრიაციის ევროპული სისტემა ჯერ კიდევ არ არის დახვეწილი, რაც მიგრაციის მართვის სირთულეს ასახავს.
პრობლემა მჭიდროდ უკავშირდება იტალიასაც, ქვეყანას, რომელიც მიგრაციული მოვლენის ე. წ. „გარე განზომილებას“ თავის ერთ-ერთ პრიორიტეტად აქცევს. მელონის მთავრობა ყურადღებას ამახვილებს არა იმდენად ქვეყანაში ჩასული იმიგრანტების გადანაწილებაზე, არამედ უფრო რაც შეიძლება მჭიდრო თანამშრომლობაზე მესამე ქვეყნებთან, რათა მაქსიმალურად შემცირდეს და თავიდან იქნას აცილებული ამ ქვეყნების დატოვება და მიგრანტებისს ევროპაში გამგზავრება, ასევე, მუშაობს იმ იმიგრანტების რეპატრიაციაზე წარმოშობის ქვეყნებში, რომლებსაც არ აქვთ ლეგალური უფლება, იტალიის და, შესაბამისად, ევროკავშირის ტერიტორიაზე დარჩნენ. 2024 წლის პირველ ნახევარში იტალიამ დეპორტაციის 13 330 ბრძანება მიიღო და ევროკავშირის არაწევრ 2035 მოქალაქეს დაატოვებინა ქვეყნის (შესაბამისად, ევროკავშირის) ტერიტორია.
არალეგალური იმიგრანტების უმეტესობა, რომლებიც იძულებულნი არიან დატოვონ ევროკავშირის რომელიმე ქვეყნის ტერიტორია, ალჟირიდან და მაროკოდანაა. მიმდინარე წლის მეორე კვარტალში უარყოფითი პასუხის ყველაზე დიდი წილი ევროპაში დარჩენის მოთხოვნაზე ამ ქვეყნების მოქალაქეებმა მიიღეს (მთლიანი რიცხვიდან თითოეულმა – 7-7 პროცენტი), რის შედეგადაც დეპორტაცია განხორციელდა. მათ მოსდევენ თურქები და სირიელები (6-6 პროცენტი). მესამე ქვეყნებში რეპატრირებულთა უმეტესობა საქართველოს მოქალაქეა (10 პროცენტი), მას მოსდევს ალბანეთი (8 პროცენტი) და თურქეთი (7 პროცენტი).
ნინო ხოშტარია
კომენტარები