ვიდეოსპორტი

უსიამოვნო ინციდენტი ოლიმპიადაზე – გურამ თუშიშვილმა ფრანგ ტედი რინერთან მეოთხედფინალში წააგო, თან დისკვალიფიკაცია მიიღო (ვიდეო)

პარიზის ოლიმპიადის ძიუდოს ტურნირზე, ინდივიდუალური ასპარეზობების ბოლო დღეს მძიმეწონოსანი (+100) გურამ თუშიშვილი მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენელს, სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონს, ფრანგ ტედი რინერს დაუპირისპირდა და ვაზარით დამარცხდა.

თავიდან თანაბარი ორთაბრძოლა მიდიოდა, რინერმა გაფრთხილებაც მიიღო, თუმცა შეხვედრის ძირითადი დროის დასრულებამდე წუთნახევრით ადრე რინერმა ვაზარი მოიპოვა. ორთაბრძოლის დასრულების შემდეგ ქართველ და ფრანგ ძიუდოისტს შორის ინციდენტი მოხდა, რის გამოც გურამ თუშიშვილმა დისკვალიფიკაცია მიიღო და არა მარტო რეპეშაჟიდან ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლას გამოეთიშა, არამედ ვერც 3 აგვისტოს, გუნდურ შეჯიბრებაში იასპარეზებს. მას ილია სულამანიძე (-100 კგ) შეცვლის (შეგახსენებთ, რომ ილიამ პირველ აგვისტოს ოლიმპიური ვერცხლის მედალი მოიპოვა).

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილებით, გურამ თუშიშვილის  სასჯელი ეხება არა მარტო პარიზის ოლიმპიადაზე ასპარეზობას, არამედ ქართველ ძიუდოისტს ეკრძალება სხვა ტურნირებში მონაწილეობაც, სანამ კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას არ მიიღებს.

ლეგენდარულმა ტედი რინერმა კი, მსოფლიოს 12-გზის და ევროპის 5-გზის ჩემპიონმა, ბოლომდე წარმატებით გააგრძელა ბრძოლა და მეოთხედ მოიპოვა ოლიმპიური ოქროს მედალი.

დღეს კიდევ ერთი ქართველი ძიუდოისტი ასპარეზობდა – სოფიო სომხიშვილმა (+78 კგ) პირველი შეხვედრა იპონით მოიგო, შემდეგ კი ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტს, ფრანგ რომენ დიკოს შეხვდა და 3 გაფრთხილებით დამარცხდა.

ასპარეზობის მეშვიდე დღის ბოლოს პარიზის ოლიმპიადაზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ანგარიშზე სამი მედალია. ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური (90 კგ) გახდა, ხოლო ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) და ილია სულამანიძემ ვერცხლის მედლები მოიპოვეს.

საქართველოს ოლიმპიური ნაკრების ყულაბაში კი, ფაქტობრივად, 4 მედალია – ერთი ოქრო, 2 ვერცხლი, ერთი მედლის სინჯი კი ჯერ გაურკვეველია – მოკრივე ლაშა გურული ნახევარფინალში გავიდა და ნებისმიერ შემთხვევაში მიიღებს ოლიმპიურ მედალს: თუ ნახევარფინალში დამარცხდა 4 აგვისტოს –  ბრინჯაოს, თუ ფინალში გავიდა, ვერცხლი გარანტირებული ექნება და ოქროსთვის იბრძოლებს.

დღეს პარიზის ოლიმპიადაზე თუშიშვილის და სომხიშვილის გარდა კიდევ 3 ქართველი სპორტსმენი ასპარეზობდა:

ბატუტზე მხტომელმა ლუბა გოლოვინამ პირველ ეტაპზე ორი გამოსვლის შემდეგ 16 მონაწილეს შორის მე-11 ადგილი დაიკავა, თუმცა მომდევნო ეტაპზე საუკეთესო მაჩვენებლების მქონე 8 სპორტსმენი გადავიდა და გოლოვონამ ასპარეზობა დაასრულა.

ქართველმა მძლეოსანმა, 23 წლის ლიკა ხარჩილავამ პირველად იასპარეზა ოლიმპიადაზე, სადაც 100-მეტრიანი გარბენის საკვალიფიკაციო ეტაპში მიიღო მონაწილეობა და დისტანცია 12,37 წამში დაფარა, თუმცა ეს შედეგი მომდევნო ეტაპზე გადასასვლელად საკმარისი არ აღმოჩნდა.

ოლიმპიადაზე ასპარეზობა დღეს დაასრულა 55 წლის ნინო სალუქვაძემაც – მან პნევმატური იარაღით 25 მეტრი დისტანციიდან სროლაში მიიღო მონაწილეობა, თუმცა ფინალში ვერ გადავიდა.

შეგახსენებთ, რომ ნინო ოლიმპიადაზე 10 მეტრიდან პნევმატური პისტოლეტით სროლის საკვალიფიკაციო ასპარეზობაზეც გამოვიდა, მაგრამ ფინალის საგზური ვერ მოიპოვა.

ლეგენდარულ ქართველ სპორტსმენს, რომელმაც მე-10 ოლიმპიადაში მიიღო მონაწილეობა (და ამ მხრივ რეკორდსმენია), ოლიმპიადებზე 3 მედალი აქვს მოპოვებული – ოქრო, ვერცხლი და ბრინჯაო. ოქრო და ვერცხლი ნინომ 1988 წელს სეულში მოიგო 19 წლის ასაკში, ხოლო ბრინჯაოს მედალს 2008 წელს პეკინის ოლიმპიადაზე დაეუფლა.

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close