სპორტი

როგორ შეძლო საქართველომ, რომელსაც ფრანგი ვილი სანიოლი წვრთნის, კონტინენტის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი გამხდარიყო

საქართველომ უმაღლეს მწვერვალზე გამოიღვიძა. 1990 წელს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები დიდ საერთაშორისო ტურნირში პირველად მონაწილეობს. „ჯვაროსნები“, რომლებსაც 2021 წლიდან ფრანგი ვილი სანიოლი ხელმძღვანელობს, სამშაბათს, 18 ივნისს, ევროპის მთავარ ტურნირზე თურქეთის წინააღმდეგ მატჩით ისტორიაში შევლენ, რასაც წინ საბერძნეთთან გამართული საკვალიფიკაციო პლეი-ოფის (0-0, 4-2 პენალტების სერიაში) შეხვედრა უძღოდა.

„ყველა მოთამაშემ მითხრა, რომ ისინი გერმანიაში ღირსშესანიშნაობების დასათვალიერებლად არ მიდიან: ეს კარგია, რადგან მე იქ უკვე ნამყოფი ვარ და ეს ღირსშესანიშნაობები ნანახი მაქვს“, – განაცხადა 28 მარტს მიუნხენის „ბაიერნის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ვილი სანიოლმა „ლ’ეკიპთან“ინტერვიუში. „ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ კარგად ვითამაშოთ, ბოლომდე ვიბრძოლოთ. გვინდა, ყველას დავუმტკიცოთ, რომ აქ ყოფნას ვიმსახურებთ“, – აღნიშნა გუნდის კაპიტანმა გურამ კაშიამ წინასამატჩო პრესკონფერენციაზე.

როგორც ევრო 2024-ის ერთადერთი დებიუტანტი, საქართველო, რომელიც F ჯგუფში პორტუგალიასთან, ჩეხეთთან და თურქეთთან ერთად მოხვდა, ერთი შეხედვით, განწირულად გამოიყურება, მაგრამ მათ მიერ ჩატარებული შესარჩევი ტურნირი მათივე მწვრთნელის ხასიათის მთავარ ნიშანს – მოკრძალებასა და გამძლეობას – წარმოაჩენს და ეს ყველაფერი ხდება ევრო 2021-ის პლეი ოფში იმედგაცრუების შემდეგ, რომელიც ჩრდილოეთ მაკედონიასთან თბილისში მოულოდნელად განცდილმა მარცხმა (0:1) გამოიწვია.

საგულდაგულოდ დაგეგმილი „გმირობა“

„ის საქართველოს გმირია, – აღნიშნა ნიკოლო (ნიკა) კვეკვესკირმა ვილი სანიოლის შესახებ 9 ივნისს ჩრდილო მაკედონიასთან (უნდა იყოს: მონტენეგროსთან – რედ.) ამხანაგური მატჩის შემდეგ. „ეს გამარჯვება ფედერაციის ჯილდოდ უნდა მივიჩნიოთ, – დასძინა ამ მატჩის შესახებ ფიფას 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალისტმა უეფას ვებგვერდისთვის მიცემულ ინტერვიუში, – ფედერაცია ცდილობს, ახალგაზრდებს წინსვლაში დაეხმაროს. იმედი მაქვს, რომ ევრო 2024-ში მონაწილეობა ფეხბურთის ფედერაციას და ქართველ ხალხს გამოცდილებას შესძენს, რომელიც მომავალში ახალი წარმატებებამდე მიგვიყვანს“.

„ჟირონდინ დე ბორდოს“ ყოფილ მწვრთნელს კარგად ესმის, რომ თუ ეს ქვეყანა, სადაც 3,7 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და რომელიც რაგბის თამაშით უფროა ცნობილი, ევროპის 24 საუკეთესო გუნდს შორის მოხვდა, ეს, ძირითადად, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მრავალწლიანი მუშაობის წყალობით მოხდა.

ინვესტიციებმა, რომლის წარმატებით დაბანდების მაგალითად შეიძლება 2014 წელს ფეხბურთის ეროვნული აკადემიის დაარსება მოვიყვანოთ, ახალგაზრდა ფეხბურთელთა რაოდენობა საგრძნობლად, 14 676-დან (2015 წელი) 37 600-მდე (2021 წელი) გაზარდა. შედეგად, ბოლო დროს გაბრწყინდა ქვეყნის ისტორიაში ისეთი უდიდესი ტალანტი, როგორიცაა ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“), – 2023 წლის ნეაპოლური ტრიუმფის გმირი, რომელიც სერია A-ს საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს და „ოქროს ბურთის“ პრეტენდენტთა შორის მე-17 ადგილზე გავიდა.

„რამდენიმე წლის წინ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ შექმნა რამდენიმე საინტერესო პროექტი, რომლებიც ინფრასტრუქტურას და აკადემიებს უკავშირდება. არადა, რაღაც მომენტში, ქვეყანაში სტადიონები აღარ იყო დარჩენილი, სადაც ბავშვებს თამაშის საშუალება ექნებოდათ“, – განუცხადა FIFA.com-ს საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა.

ამ მძიმე მუშაობის პირველი ჯილდო 2023 წლის ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის მასპინძლობა (რუმინეთთან ერთად) იყო, რომელშიც ქართველი ფეხბურთელები მეოთხედფინალში გავიდნენ. ამ 21-წლამდელთა გუნდიდან გერმანიაში ხუთი ფეხბურთელი გაემგზავრა, მათ შორის არიან ზურიკო დავითაშვილი „ბორდოდან“ და ესპანეთის ლა-ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“).

თავმდაბლობა და მოთმინება – საქართველოს ნაკრების წარმატების გასაღები

ვილი სანიოლმა იცის, როგორ გამოიყენოს მათი ნიჭი: საქართველოს ნაკრებს „ერთა ლიგის“ C ჯგუფში მარცხი არ განუცდია და ევრო 2024-ის პლეი-ოფში გავიდა, სადაც ყაზახეთი (უნდა იყოს ლუქსემბურგი – რედ) (2:0), შემდეგ კი საბერძნეთი (0:0, 4:2 პენალტებით) დაამარცხა. ევრო 2024-ზე კვალიფიცირებულ ყველა გუნდს შორის საქართველომ, შესარჩევ ტურნირზე, საშუალოდ, ყველაზე ნაკლები გოლი გაიტანა (1 თამაშში 1,4 გოლი) და ყველაზე ნაკლები ბურთის ფლობის მაჩვენებელი ჰქონდა (43,4%), მაგრამ, ამავე დროს, ჰყავდა ყველაზე საიმედო მეკარე – გიორგი მამარდაშვილი (34 სეივი).

ვილი სანიოლი ამ პრაგმატიზმს იზიარებს: „მოთამაშეები პროგრესირებენ, მაგრამ ზოგიერთი მათგანი პოლონეთში, ბერძნულ ლიგა 2-ში ან კვიპროსში თამაშობს. ამიტომ, ჩვენს ამბიციებში რეალისტები უნდა ვიყოთ“, – აღიარა მან „ლ’ეკიპთან“, – ჩვენ გვყავს შრომისმოყვარე მეომრების გუნდი, რომელსაც ზოგიერთ გუნდთან თამაშის გაკონტროლება შეუძლია, მაგრამ არა ესპანეთთან ან პორტუგალიასთან“. ძლიერ კავკასიურ გუნდს გურამ კაშია კაპიტნობს, რომელსაც ნაკრებში მატჩების რეკორდული რაოდენობა – 112 აქვს ჩატარებული, შეტევაში კი ხვიჩა კვარაცხელია, ფრანკო-ქართველი გიორგი მიქაუტაძე („მეცი“) და ნიჭიერი გიორგი ჩაკვეტაძე („უოტფორდი“) გამოირჩევიან.

ამ რამდენიმე სპორტსმენზე მეტადაც კი, ვილი სანიოლს, ძალიან რთული სტარტის მიუხედავად (შვიდი მარცხი ცხრა მატჩში), საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ენდო. ეს ადამიანიც, რომელსაც, მისივე აღიარებით, „შეეძლო, უფრო მდგრადი და თვალშისაცემი პროექტებით დაკავებულიყო“, ამ ურთიერთნდობას ძალიან აფასებს. თავისი უდიდესი სამწვრთნელო მიღწევის საღამოს, საბერძნეთთან შესარჩევი მატჩის შემდეგ, სანიოლმა განაცხადა: „ფეხბურთში ერთ ან თუნდაც ექვს თვეში ყველაფრის შეცვლა შეუძლებელია. ამისთვის ყოველთვის მეტი დროა საჭირო“.

Mateo Calabrese

francetvinfo.fr

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close