ევროპაში სწრაფად ვრცელდება დაავადებები, რომლებიც კოღოებს გადააქვთ
კლიმატის ცვლილების გამო მსოფლიოში, განსაკუთრებით კი ევროპაში სწრაფად ვრცელდება მალარია და დენგეს ცხელება, რომლებიც აზიურ ვეფხვის კოღოს გადააქვს. ეს მწერი უკვე ევროპის 13 ქვეყანაში დაფიქსირდა.
„გარდიანის“ ინფორმაციით, 2000 წელს მსოფლიოში დენგეს ცხელების 500 000 შემთხვევა აღირიცხა, 2019 წლის მონაცემებით კი – რაოდენობა 5 მილიონს აღემატებოდა.გლობალურმა დათბობამ, უჩვეულო თბილმა და ნოტიო კლიმატმა დაავადების გადამტანი კოღოების ფართო გავრცელებას შეუწყო ხელი.
პროფესორი რეიჩელ ლოუ, რომელიც ბარსელონის სუპერკომპიუტერულ ცენტრში ესპანეთის ჯანმრთელობის მდგრადობის გლობალურ ჯგუფს ხელმძღვანელობს, გამოდის გაფრთხილებით, რომ უახლოესი რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში კოღოებით გამოწვეული დაავადებები ფართოდ გავრცელდება დედამიწის იმ ნაწილებშიც, რომლებიც ამჟამად აღნიშნული დაავადებებისგან თავისუფალია.
„გლობალური დათბობა ნიშნავს, რომ მალარიისა და დენგეს გავრცელების რისკი იზრდება. მსოფლიო ამისთვის მზად უნდა იყოს. რეალობა ის არის, რომ ცხელი სეზონები კოღოებით გადამდები დაავადებების გავრცელებას ხელს შეუწყობს. დენგე, ძირითადად, ტროპიკულ და სუბტროპიკულ რეგიონებში გვხვდება, ეს დაავადება აზიურ ვეფხვის კოღოს (Aedes albopictus) გადააქვს. კლიმატის ცვლილება ეკოლოგიურ წონასწორობას არღვევს და საშუალებას აძლევს პათოგენებს, სულ უფრო მეტად გამოიწვიონ დაავადება“, – ამბობს მეცნიერი.
2023 წლის მდგომარეობით, აზიური ვეფხვის კოღო უკვე ევროპის 13 ქვეყანაში დაფიქსირდა. ესენია: იტალია, საფრანგეთი, ესპანეთი, მალტა, მონაკო, სან-მარინო, გიბრალტარი, შვეიცარია, გერმანია, ავსტრია, ლიხტენშტაინი, საბერძნეთი და პორტუგალია.
ამ რუკაზე ჩანს მისი გავრცელების არეალი და ისიც, რომ საქართველოს შესახებ მონაცემები არ არსებობს.
მანანა ბანძელაძე
კომენტარები