რატომ ითხოვენ მეღვინეები ზღვის ფსკერზე ადგილის გამოყოფას
შავ ზღვაში წყალქვეშა ღვინის მუზეუმის და მარნის მოწყობა იგეგმება.
„ზღვის ფსკერზე დაძველებულ ღვინოს თავისებური, სულ სხვანაირად კარგი გემო აქვს“, – ამბობს კომპანია „პოსეიდონის სამყაროს“ დირექტორი და „საქართველოს წყალქვეშა ცურვის ასოციაციის“ თავმჯდომარე დავით ნიკოლეიშვილი. ყველაფერი კი მაშინ დაიწყო, როცა კოვიდი მძვინვარებდა.
ორმა მეგობარმა – ზღვის ეკოლოგმა, ცნობილმა მყვინთავმა დავით ნიკოლეიშვილმა და მეღვინე ზურაბ ქუმსიაშვილმა გადაწყვიტეს, მსოფლიოში მეღვინეობის ახალი მიმართულებისთვის ფეხი აეწყოთ და 2020 წლის 20 ივლისს საქართველოში ღვინის ზღვაში დავარგება დაიწყეს.
წყალქვეშ ღვინო უფრო მალე ძველდება. აქ 1 წელი – იქ 3-წლიან დაძველებას უდრის. თითქმის წელიწად-ნახევრის შემდეგ ზღვაში დაძველებული ქართული ღვინის, რქაწითლის ნიჟარებიანი ამფორა 500 ლარად (160 დოლარად) გაიყიდა.
მსოფლიოში ამ ბიზნესით დაკავებული ყველა კომპანია ზღვის ფსკერზე ღვინოს ბოთლებში ავარგებს. ქართველები ამ მხრივ პიონერები აღმოვჩნდით. ამფორები გასანთლულიც კი არ არის. სუფთა თიხისგან დამზადებული ჭურჭელი ზღვაშიც ჩვეულებრივად „სუნთქავს“.
შავი ზღვის მარნის მფლობელები ამბობენ, რომ ქართული ამფორებით ძალიან დაინტერესებულები არიან ხორვატები, ეფექტიანი მარკეტინგის წყალობით, ზღვაში დავარგებული ღვინის თითო ბოთლს 300 ევროდ ყიდიან, მაგრამ ამ იდეის განხორციელება დღემდე ვერ შეძლეს, რადგან ფსკერზე ადგილის გამოყოფა პრობლემად ექცათ.
„პოსეიდონის სამყაროს“ დირექტორის თქმით, არაერთხელ მიმართეს თხოვნით ტურიზმის დეპარტამენტს, ეკონომიკის სამინისტროს, გამოუყონ ადგილი ზღვაში, თუმცა პასუხი ვერ მიიღეს..
ზღვის ფსკერზე მხოლოდ მარნის კი არა, სხვა შესანიშნავი პროექტების განხორციელებაც შეიძლება. კომპანიის მესვეურები აპირებენ, წყალქვეშა ტურები მოაწყონ, სტუმრებს ყვინთვა ასწავლონ, წყალქვეშ ღვინის მაღაზია-მუზეუმი და მარანი გახსნან, სადაც ტურისტი ჩაყვინთავს და თავისთვის სასურველ ღვინოს აირჩევს.
დავით ნიკოლეიშვილის თქმით, შავი ზღვის საქართველოს ნაწილში ბიზნესის ამ მიმართულების ეფექტიანად განვითარება ტურიზმის განვითარებასაც შეუწყობს ხელს.
„თუ ვინმეს უნდა ჰქონდეს ღვინის მარანი და მუზეუმი, ეს უნდა იყოს საქართველო. ღვინო ჩვენი სიმბოლოა – ყველა ასპექტია ამისთვის. დიდი იმედით ველოდები ზაფხულს, ერთ-ერთმა ევროპულმა ქვეყანამ უნდა გამოიკვლიოს ჩვენი სანაპირო და თუ ყველაფერი კარგად ჩაივლის, ღვინის პირველ წყალქვეშა მუზეუმს გავაკეთებთ“, – განაცხადა დავით ნიკოლეიშვილმა.
მანანა ბანძელაძე
კომენტარები