ვიდეოკინო/ფილმებიარტისტი

რას წერდა რეჟისორი სიკო დოლიძე ლეილა აბაშიძეზე „ჭრიჭინას“ ეკრანზე გამოსვლის შემდეგ

„ქაჯანადან“ დაწყებული, დაუვიწყარია დიდებული ქართველი მსახიობის – ლეილა აბაშიძის როლები ფილმებში: „ჭრიჭინა“, „აბეზარა“, „აკაკის აკვანი“, „ჩვენი ეზო“, „სად არის შენი ბედნიერება, მზია?“, „შეხვედრა მთაში“, „ორომტრიალი“, „მაია წყნეთელი“, „ისინი ჩამოვიდნენ მთიდან“, „ხევისბერი გოჩა“… ქართული კინოს ვარსკვლავი ყველა როლში განუმეორებელია თავისი სამსახიობო ნიჭითა თუ გარეგნობით, თუმცა თავად ლეილა აბაშიძე „მაია წყნეთელს“ გამოარჩევდა და ამბობდა, რომ ეს როლი მისთვის „ღვთის საჩუქარი“ იყო, რადგან წილად ხვდა „პატივი ქართველი ქალის ეროვნული სახის განსახიერებისა“. მის ოცნების როლად კი ფუფალა დარჩა „ნატვრის ხეში“.

რაც შეეხება კინოკომედია „ჭრიჭინას“, აი, რას წერდა ფილმის ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ ახალგაზრდა, ნიჭიერი მსახიობი ქალის შესახებ რეჟისორი სიკო დოლიძე:

„კინემატოგრაფიის საკავშირო კომიტეტმა წარმოებაში ჩასაშვებად ერთდროულად ასი სცენარი მოითხოვა. ამ პერიოდში დასადგმელად ავირჩიე მარიკა ბარათაშვილისა და ლევან ხოტივარის სცენარი „ჭრიჭინა“.

კინოკომედია „ჭრიჭინას“ ეკრანებზე გამოსვლისთანავე დიდი წარმატება ხვდა წილად. ამ ფილმით ქართულ კინოს შეემატა ახალგაზრდა ნიჭიერი მსახიობი ქალი ლეილა აბაშიძე, რომელმაც სახელგანთქმულ მსახიობებს – ცეცილია წუწუნავას, თამარ აბაშიძეს, ალექსანდრე ომიაძეს, შალვა ღამბაშიძეს, გიორგი შავგულიძესა და სხვებს – ჩინებული პარტნიორობა გაუწია. ლეილა აბაშიძემ მშვენივრად გაართვა თავი ამ რთულ, სახასიათო როლს. ამ ფილმში ლეილა აბაშიძესთან ერთად თავისი პირველი ნაბიჯები კინოში გადადგეს რამაზ ჩხიკვაძემ და დოდო აბაშიძემ. ლეილა აბაშიძეს მხარს უმშვენებდნენ ახალგაზრდა მსახიობები – ლიანა ასათიანი და მედეა ჩახავა. სამსახიობო ანსამბლმა დიდად განაპირობა ფილმის წარმატება. ექვს თვეში ნახა ოცდათექვსმეტმა მილიონმა მაყურებელმა. კინოგაქირავების პრაქტიკაში ეს სარეკორდო რიცხვი იყო.

ფილმ „ჭრიჭინას“ გამოსვლის შემდეგ ამერიკული პრესა ლეილა აბაშიძეზე წერდა, საბჭოთა კინომ იპოვა თავისი მერი პიკფორდიო. მართალია, ლეილა აბაშიძემ „ჭრიჭინამდე“ „ქაჯანაში“ და სხვა ფილმებში ითამაშა, მაგრამ სახელი, რომელიც მას „ჭრიჭინამ“ მოუტანა, ყოველგვარ მოლოდინს აღემატებოდა. მან ბრწყინვალედ გადმოსცა ეკრანზე ცელქი, ჯიუტი, თავნება გოგოს ხასიათი. (კინომასალების კრებული „კინო“, 1982 წ.)

უცნაური დამთხვევაა: ლეილა აბაშიძე 8 აპრილს (2018), სწორედ ცნობილი ამერიკელი კინოვარსკვლავის, მერი პიკფორდის დაბადების დღეს (1892) გარდაიცვალა.

თამარ ოთიაშვილი

ეპიზოდი ფილმიდან „ჭრიჭინა“ – „თქვენ მოჰკალით ძერა?“ 

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close