მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული მამაკაცი გარდაიცვალა – რა იყო მისი დღეგრძელობის საიდუმლო?
ვენესუელაში გარდაიცვალა ფერმერი ხუან ვისენტე პერეს მორა (Juan Vicente Pérez), მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმულi მამაკაცი. ორ თვეში, 27 მაისს მას 115 წელი შეუსრულდებოდა. გარდაცვალების მომენტში, 2 აპრილს ხუან ვისენტე პერესი 114 წლის და 331 დღის იყო.
მისი გარდაცვალების შესახებ სოციალურ ქსელ X-ზე (ყოფილი ტვიტერი) ვენესუელის შტატის, ტაჩირის გუბერნატორმა ფრედი ბერნალმა დაწერა (ფერმერი სწორედ ამ შტატში ცხოვრობდა): „ჩვენო ძვირფასო ხუან ვისენტე პერეს მორა, ღრმა მწუხარებით გემშვიდობებით, როგორც კეთილ, შრომისმოყვარე და ოჯახის მოყვარულ კაცს ტაჩირიდან… მშვიდად განისვენე, ჩვენო ძირფასო მოხუცო, არასოდეს დაგივიწყებთ!“
როგორც Daily Mail-ი წერს, მისი სიცოცხლის ხანგრძლივობის საიდუმლო იყო: „იმუშავე გულმოდგინედ, კარგად დაისვენე, ადრე დაიძინე, ყოველდღე დალიე ერთი ჭიქა აგუარდიენტე (შინნახადი ძლიერი კოლუმბიური ალკოჰოლური სასმელი – თ. ო.), გიყვარდეს ღმერთი და ყოველთვის გყავდეს გულში“.
ხუან ვისენტე პერეს მორა 1909 წლის 27 მაისს დაიბადა და მეხუთე შვილი იყო 10-შვილიან ოჯახში. უკვე ხუთი წლის ასაკში თავის ძმებთან და დებთან ერთად მუშაობა დაიწყო ფერმაში, სადაც შაქრის ლერწმს და ყავას აგროვებდა. იგი კარაკასის შერიფიც იყო, თანაც ისე, რომ ფერმაში მუშაობა არ შეუწყვეტია.
ხუან ვისენტე პერეს მორა 1937 წელს დაქორწინდა ედიოფინა დელ როსარიო გარსიაზე და მასთან ერთად 60 წელი ცხოვრობდა. მათ შეეძინათ 11 შვილი, 41 შვილიშვილი, 18 შვილთაშვილი და 12 შვილთაშვილიშვილი.
თამარ ოთიაშვილი
კომენტარები