მუტანტი მგლები ჩერნობილიდან – კიბოს მიმართ საოცარი მდგრადობის მაგალითი
თითქმის 40 წლის განმავლობაში ბევრი გარეული ცხოველი თავშესაფარს ჩერნობილის მახლობლად პოულობდა, სადაც ისინი ხალხისგან დაცულნი იყვნენ, მაგრამ კიბოს გამომწვევ რადიაციას, წესით, ვერსად უნდა დამალოდნენ, თუმცა ამერიკელ მკვლევართა ჯგუფმა აღმოაჩინა, რომ ზოგიერთმა მათგანმა მუტაცია განიცადა და კიბოს მიმართ რეზისტენტული გახდა.
ნაკრძალი, რომელიც ადამიანებისგან დაცულია, მაგრამ რადიაციისგან – არა
1986 წლის 26 აპრილს ჩერნობილში კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე საშინელი ბირთვული კატასტროფა მოხდა. მას შემდეგ ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის და მეზობელი ქალაქების მიმდებარე ტერიტორია, რომელიც 30 კვადრატულ კილომეტრ ფართობს მოიცავს, მთლიანად დაცარიელდა. ამის შედეგად ბუნებამ აქ თავისი უფლებები დაიბრუნა. რადიოაქტიურობის მაღალი დონის გამო ადამიანებისთვის „აკრძალულად“ ქცეული ეს ზონა რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში გარეული ცხოველების ნაკრძალად იქცა. ლიეჟის უნივერსიტეტის კონსერვაციული გენეტიკის ლაბორატორიის დირექტორი, ბიოლოგი იოჰან მიშო ამ პარადოქსით გაოცებულია: „ჩვენ ვდგავართ აბსოლუტურად წარმოუდგენელი ბიომრავალფეროვნების წინაშე. გაჩნდა მგლების უზარმაზარი პოპულაციები, ხელახლა გაველურებული ცხენები, ცხენ-ირემი, ფოცხვერი და ა.შ. ეს ბიომრავალფეროვნება, ფაქტობრივად, იმის გამო შეიქმნა, რომ ადამიანი, როგორც სახეობა, აქ აღარ არსებობს“. შესაბამისად, ეს უამრავ კითხვას ბადებს იმ ქმედებების მიმართ, რომელსაც ადამიანი ბიომრავალფეროვნების მიმართ ახორციელებს.
კიბოს მიმართ საოცარი მდგრადობა
ამ ველურმა ბუნებამ, რომელიც ადამიანის ყოფნისგან თავისუფალია, რადიოაქტიურობის ზემოქმედების მიმართ საოცარი წინააღმდეგობის უნარიც განავითარა. პრინსტონის უნივერსიტეტის შეინ კემპბელის ლაბორატორიის ბიოლოგმა კარა ლავმა ჩერნობილის მიდამოებში მცხოვრები მგლების შესახებ საოცარი აღმოჩენა გააკეთა. ეს ცხოველები ცხოვრობენ არეალში, სადაც რადიოაქტიური გამოსხივების დონე 11,28 მილირენტგენია. ეს დაახლოებით ექვსჯერ აღემატება ადამიანისთვის სასიკვდილო დოზას, თუმცა მგლები ასეთ პირობებს შეეგუვნენ. პრობლემის შესწავლა ლავმა სისხლის სინჯების აღებით და ცხოველებისთვის საყელოების გაკეთების საშუალებით მოახერხა. ამით შესაძლებელი გახდა იმის დადგენა, სად იმყოფებიან მგლები რეალურ დროში და რა დოზის რადიაციას ექვემდებარებიან ისინი. მგლებმა, როგორც ჩანს, გამოიმუშავეს გარკვეული გენები, რომლებიც კიბოს გაზრდილი რისკის მიმართ რეზისტენტულია. იოჰან მიშო ამ ფენომენს ასე ხსნის: „არსებობს მგლების პოპულაციები, რომლებიც ჩერნობილს გადაურჩა. ამ პოპულაციების შიგნით არსებობდა მცირე, უმნიშვნელო გენეტიკური მუტაციები, რომლებიც თავიდან ნეიტრალური, უსარგებლო ჩანდა, მაგრამ რადიოაქტიურობისთვის წინააღმდეგობის გაწევის პროცესში სასარგებლო აღმოჩნდა. ჩვენ შეგვიძლია შევადაროთ არარადიოაქტიურ ადგილებში მცხოვრები მგლები რადიოაქტიურ ადგილებში მყოფ მგლებს. შეგვიძლია შევადაროთ მათი გენომი, შევადაროთ მათი დნმ და გავიგოთ, თუ სად უნდა ვეძიოთ ის მცირე მუტაციები, რომლებიც შეიძლება რეზისტენტულობის კუთხით იყოს საინტერესო“.
მგლების იმუნური სისტემა იმ პაციენტების ანალოგიურია, რომლებიც რადიოთერაპიას გადიან
მკვლევარი ვარაუდობს, რომ სწორედ მათი იმუნური სისტემაა უფრო გამძლე, თუმცა კარა ლავის გუნდმა არ გაამჟღავნა, გენომის ზუსტად რომელი ზონა იყო შესწავლილი ან რომელი გენები იყვნენ ჩართულნი. თუმცა, იოჰან მიშოს თქმით, გასაკვირი არ არის, რომ მგლების პოპულაციას კიბოს მიმართ განსაკუთრებული იმუნიტეტი აქვს: „ჩვენი იმუნური სისტემა ყოველდღიურად ებრძვის ჩვენს ორგანიზმში წარმოქმნილ მცირე სიმსივნურ უჯრედებს. ადამიანის იმუნური სისტემა ამოიცნობს მათ და ანადგურებს. ასე რომ, კიბო რეალურად მხოლოდ მაშინ ჩნდება, როცა ჩვენს იმუნურ სისტემას აღარ შეუძლია ამ უჯრედების ამოცნობა“. კარა ლავმა, რომლის ნამუშევარი ჯერ არ გამოქვეყნებულა, თავისი კვლევა გასული წლის იანვარში გამართულ კონფერენციაზე წარადგინა. მან მგლების იმუნური სისტემა შეადარა სიმსივნით დაავადებული პაციენტების იმუნურ სისტემას, რომლებიც სხივურ თერაპიას გადიან. მგლების იმუნურმა სისტემამ ისევე განიცადა მუტაცია, როგორც ჩერნობილის მაწანწალა ძაღლებისამ, რომელიც რამდენიმე წლის წინ ასევე კვლევის საგანი გახდა. ამ კვლევას შეუძლია რევოლუციური წვლილი შეიტანოს იმის გაგებაში, თუ როგორ შეუძლია გენეტიკურ მუტაციებს კიბოსგან ადამიანების გადარჩენის შანსების გაზრდა.
მკვლევრები, რომლებიც მცენარეთა რადიაციას სწავლობდნენ, იმავე დასკვნამდე მივიდნენ
მგლების კვლევასთან ერთად, 2016 წელს ჩერნობილში ჩასულმა მეცნიერთა ჯგუფმა მცენარეებზე რადიაციის გავლენაც შეისწავლა. ამ ჯგუფში იყო ბირთვული კვლევების ცენტრის მკვლევარი ნელე ჰორემანსიც. მისი კვლევის დასკვნები მგლებზე ჩატარებული კვლევების შედეგებს ადასტურებს: „მცენარეები რადიაციის იმავე დოზებს ექვემდებარებიან, როგორსაც მგლები, მაგრამ მათგან განსხვავებით, მცენარეები ვერ მოძრაობენ. ამიტომ ისინი უფრო მაღალ დოზებს იღებენ, ვიდრე მგლები. ჩვენ დავრწმუნდით, რომ რადიაციას ისევე შეუძლია გააძლიეროს მცენარეთა იმუნური სისტემა, როგორც ეს ცხოველების შემთხვევაში ხდება“. სამწუხაროდ, ამ სამეცნიერო ჯგუფებმა ბოლო წლებში ჩერნობილის „აკრძალულ ზონაში“ ვერ შეაღწიეს. ამას ჯერ კორონავირუსმა, შემდეგ კი რუსეთსა და უკრაინას შორის დაწყებულმა ომმა შეუშალა ხელი.
კომენტარები