მიგრაციამსოფლიო

ძალადობის მსხვერპლ ქალებს ევროკავშირში თავშესაფრის მოთხოვნა შეეძლებათ – ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილება

ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილებით, ძალადობის მსხვერპლ ქალებს ამიერიდან შეეძლებათ, ევროკავშირში საერთაშორისო დაცვა – თავშესაფარი მოითხოვონ.

სასამართლოს მიერ 2011/95 დირექტივაში შეტანილი ცვლილების თანახმად, ქალები მთლიანობაში უნდა განიხილებოდნენ, როგორც სოციალური ჯგუფი და შეუძლიათ მიიღონ თავშესაფარი ევროკავშირში იმ პირობებით, რომელსაც ეს დირექტივა განსაზღვრავს: თუ წარმოშობის ქვეყანაში ქალი ფიზიკური, მენტალური, სექსუალური ან ოჯახური ძალადობის მსხვერპლია, მას შეუძლია ევროკავშირში საერთაშორისო დაცვა – დევნილის სტატუსი მოითხოვოს. 

ხოლო თუ ისინი ლტოლვილის სტატუსისთვის საჭირო კრიტერიუმებს ვერ დააკმაყოფილებენ, მაინც შეეძლებათ სუბსიდიარული დაცვის (დროებითი დაცვა) პროგრამაში მოხვედრა იმ შემთხვევაში, თუ მათი სიცოცხლის მოსპობის ან მათზე ძალადობის რეალური რისკი არსებობს მათივე ოჯახის წევრების ან თემის მხრიდან კულტურული, რელიგიური თუ ტრადიციული ნორმების სავარაუდო დარღვევის გამო.

ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ ეს გადაწყვეტილება თურქეთის მოქალაქე ქურთული წარმოშობის ქალის საქმის განხილვის შედეგად მიიღო. ქალმა ბულგარეთში საერთაშორისო დაცვა მოითხოვა, რადგან, როგორც თავად ამბობდა, ოჯახმა მისი სურვილის წინააღმდეგ გაათხოვა და ქმარი მასზე ძალადობდა. ქალის თქმით, მის სიცოცხლეს საფრთხე შეექმნებოდა, თუ ოჯახი თურქეთში დააბრუნებდა.

ბულგარელმა მოსამართლემ საქმე ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს გადააბარა, ამ უკანასკნელმა კი ლტოლვილის სტატუსის მინიჭების წესში (დირექტივა 2011/95) ცვლილება შეიტანა, რომლის საფუძველზეც ამიერიდან ლტოლვილის სტატუსის მოთხოვნა ძალადობის მსხვერპლ ქალებსაც შეეძლებათ.

დირექტივა 2011/95 1 (პრიმა) ადგენს, ერთი მხრივ, ლტოლვილის სტატუსის მინიჭების, ხოლო, მეორე მხრივ, სუბსიდიარული დაცვის პირობებს, რომლითაც სარგებლობა შეუძლიათ მესამე ქვეყნების (ევროკავშირის არაწევრი ქვეყნები) მოქალაქეებს. მესამე ქვეყნების ნებისმიერი მოქალაქისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭება ხდება იმ შემთხვევაში, თუ მას საკუთარ ქვეყანაში დევნიან რასის, რელიგიის, ეროვნების, პოლიტიკური შეხედულებების ან კონკრეტული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების გამო. სუბსიდიარული დაცვა, თავის მხრივ, ეძლევა მესამე ქვეყნის ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც არ შეიძლება ჩაითვალოს ლტოლვილად, მაგრამ აქვს სერიოზული და დამტკიცებული საფუძვლები, მიაჩნდეს, რომ წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში სერიოზული ძალადობის მსხვერპლი გახდება, როგორიცაა, კერძოდ, მოკვლა ან არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობა.

ევროპული მართლმსაჯულების სასამართლომ თურქეთის მოქალაქე ქურთი ქალის საქმის განხილვისას დაადგინა, რომ დირექტივა უნდა იყოს ინტერპრეტირებული სტამბოლის მეორე კონვენციის შესაბამისად, რომელიც ევროკავშირისთვის სავალდებულოა და ქალების მიმართ გენდერული ძალადობა დევნის ფორმად აღიარა.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close