მედიცინაჯანმრთელობა

იტალიელმა მეცნიერებმა მეხსიერებიდან ცუდი მოგონებების წაშლა ისწავლეს: საინტერესო ექსპერიმენტი

იტალიელმა ნეიროფიზიოლოგებმა შეძლეს, არასასიამოვნო მოგონებები დაევიწყებინათ ექსპერიმენტის მონაწილეებისთვის, რისთვისაც ტვინის ტრანსკრანიალური სტიმულაციის (TMS) მეთოდი გამოიყენეს, იუწყება სამეცნიერო ჟურნალი Current Biology.

მეცნიერების განმარტებით, ტრანსკრანიალური მაგნიტური სტიმულაციის დროს სხვადასხვა სიხშირის მაგნიტური სიგნალები თავის ტვინში აღწევს და ელექტროიმპულსებს წარმოქმნის, რომლებიც ნერვული უჯრედების მუშაობის ხასიათს ცვლის იმ მონაკვეთში, რომლისკენაც არის მიმართული მოწყობილობა.

„ცდებმა აჩვენა, რომ ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ პოტენციურად უსიამოვნო და ტრავმული მოგონებების შენახვის ხანგრძლივობა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია სარეაბილიტაციო და კლინიკური მედიცინის თვალსაზრისით. ჩვენი მეთოდიკის გამოყენება სხვადასხვა მიზნებით შეიძლება – უპირველესად პოსტტრავმული სტრესული დარღვევების აღმოსაფხვრელად“, – განაცხადა კვლევის თანაავტორმა, ბოლონიის უნივერსიტეტის პროფესორმა ჯუზეპე დი პელეგრინომ.

პელეგრინომ და მისმა კოლეგებმა მიაგნეს მეთოდს, თუ როგორ შეიძლება წაიშალოს ასეთი მოწყობილობის დახმარებით უკვე კარგად ჩამოყალიბებული უსიამოვნო მოგონებები. როგორც მათ დაადგინეს, ამა თუ იმ ცუდი მოგონების შეცვლა მისი ჩამოყალიბებიდან რაღაც დროის განმავლობაშია შესაძლებელი.
ამ მეთოდის შესამოწმებლად მეცნიერებმა ასი მოხალისე შეკრიბეს და შეეცადნენ, წაეშალათ მათი მეხსიერებიდან ის ცუდი მოგონებები, რომლებიც მათ ექსპერიმენტის დროს ჩამოუყალიბეს.

მკვლევრები ცდის პირებს ნეიტრალური შინაარსის ფოტოებს აჩვენებდნენ და იმავდროულად მტკივნეულ დარტყმას აყენებდნენ ელექტროშოკერით. ამის შედეგად მათ საკმაოდ მალე ჩამოუყალიბდათ ასოციაცია ამ სურათებსა და დენის დარტყმას შორის.

რამდენიმე დღის შემდეგ მეცნიერებმა მათ განმეორებითი ექსპერიმენტი ჩაუტარეს და შეეცადნენ, სწორედ იმ ფოტოებით გაეხსენებინათ მათთვის ელექტროშოკით გამოწვეული უსიამოვნო მოგონებები. ამ დროს ნეიროფიზიოლოგები მათი ტვინის სხვადასხვა უბანზე TMS-ით ზემოქმედებდნენ და ცდილობდნენ იმ ნეირონებს „შეხებოდნენ“, რომლებიც უარყოფითი მოგონებების კონსოლიდაციაში მონაწილეობდნენ.

მეორე დღეს მკვლევრებმა შეამოწმეს, შეიცვალა თუ არა მოხალისეთა მოგონებები და ამისთვის მათ ისევ აჩვენეს იგივე ფოტოები. გაირკვა, რომ ექსპერიმენტის მონაწილეებს ნამდვილად წაშლოდათ შიში და უსიამოვნო მოგონებები, მიუხედავად იმისა, რომ წინა დღის მოვლენები მშვენივრად ახსოვდათ.
აღსანიშნავია, რომ ტვინის სხვა უბნებზე ზემოქმედებას იგივე შედეგები არ მოჰყოლია.
მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ ამ ტექნოლოგიის საფუძველზე მომავალში პოსტტრავმული სტრესული სინდრომისა და ფსიქიკის სხვა დარღვევებს უმკურნალებენ.

sputnik-georgia.com

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close