დაუჯერებელი ვიდეო – შრომისმოყვარე თაგვი 2 თვეა ფარდულს ალაგებს
75 წლის უელსელი პენსიონერის ფარდულს 2 თვის განმავლობაში თითქმის ყოველ ღამე სტუმრობდა თაგვი და მიმოყრილ ნივთებს ალაგებდა.
ეს დაუჯერებელი ამბავი უელსის ქალაქ ბილტ-უელსში მოხდა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ყოფილმა ფოსტალიონმა როდნი ჰოლბრუკმა, რომელიც ასევე ველური ბუნების მოყვარული ფოტოგრაფია, შენიშნა, რომ ფარდულში მიმოყრილი ნივთები დილაობით დალაგებული ხვდებოდა. ჰოლბრუკმა გადაწყვიტა, ფარდულში ღამის ხედვის კამერა ჩართული დაეტოვებინა, რათა გაერკვია, რაში იყო საქმე.
ღამის ხედვის კამერის მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს მღრღნელი, რომელიც კეთილსინდისიერად აგროვებს ბოთლების საცობებს, თხილს და ჭანჭიკებს და ჰოლბრუკის სამუშაო მაგიდაზე მოთავსებულ ყუთში აწყობს. ჰოლბრუკმა ექსპერიმენტიც ჩაატარა და მაგიდაზე სხვადასხვა სახის ნივთები მიმოფანტა, რათა შეემოწმებინა, მათაც შეინახავდა თუ არა თაგვი სათავსოში. „წესრიგის მოყვარულმა“ პატარა მღრღნელმა ამ საქმესაც გაართვა თავი და ყველაფერი გულდასმით შეაგროვა.
„ჩემი აზრით, თაგვი დალაგების პროცესისგან სიამოვნებასაც კი იღებს“, – ამბობს ჰოლბრუკი.
იგი ვარაუდობს, რომ თაგვი მის მიერ დატოვებულ წვრილმანებს თხილეულის შესანახად იყენებს, თუმცა ამ ეტაპზე შექმნილი მდგომარეობა ორივეს ხელს აძლევს – თაგვსაც და ადამიანსაც.
მანანა ბანძელაძე
კომენტარები