რას ნიშნავს, როდესაც ქრისტე იბადება
7 იანვარს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ქრისტესშობას აღნიშნავს.
„ნებისმიერ ადამიანს რომ შეეკითხოთ, რა სურს მას, პასუხი ერთი იქნება – ბედნიერება. ბედნიერება, რომელიც ქრისტემ მოიტანა, სხვა სახისაა. მას ამ ბედნიერებაზე ცხრა სიტყვა, ანუ ცხრა ნეტარება აქვს ნათქვამი“, – ეუბნება სასულიერო აკადემიის პედაგოგი, თეოლოგი გიორგი გვასალია რადიო თავისუფლებას და ქრისტეს მატერიალურ სამყაროში დაბადების მნიშვნელობის ახნსას ცდილობს.
რადიო თავისუფლება: ქრისტიანობა არის ერთადერთი რელიგია, რომელიც მოციქულის ან წინასწარმეტყველის მეშვეობით კი არ გაცხადდა ადამიანებისთვის, არამედ – როგორც ამას ქრისტიანული სწავლება მიიჩნევს – თავად ღმერთმა, იესო ქრისტემ იქადაგა. ზოგი, ვინც თეოლოგიაში ჩახედული არაა, ფიქრობს, რომ ქრისტეს როლი მხოლოდ ეს იყო – ახალი სარწმუნოების გავრცელება.
გიორგი გვასალია: ქრისტიანობა არის გამოცხადებითი რელიგია, ანუ არა ის, რაც ადამიანმა ღმერთზე მოიფიქრა, არამედ ის, რაც ღმერთმა თავად გამოუცხადა ადამიანს საკუთარ თავზე. როდესაც ადამიანი ცოდვით დაეცა, ცოდვამ ადამიანი ფიზიკურადაც დააზიანა და სულიერადაც. ქრისტესშობამდე პერიოდში ჩვენ გვაქვს ერთი წიაღი, ისრაელი, სადაც ეს გამოცხადებითი ჭეშმარიტება ინახება – ანუ ის, რომ უნდა მოვიდეს მესია და ადამიანი ამ დაზიანებისგან გაათავისუფლოს
რადიო თავისუფლება: თუმცა, სწავლების მიხედვით, ქრისტე არ ათავისუფლებს ადამიანს ვალდებულებისგან, საკუთარ ცოდვებს თავადვე მიხედოს, მოინანიოს, გამოასწოროს… სად არის ის ზღვარი, სადამდეც ადამიანი საკუთარი ძალისხმევით უნდა მივიდეს და სადაც უკვე ღმერთი უნდა ჩაერიოს?
გიორგი გვასალია: სწორედ ეს არ შეუძლია ადამიანს – გამოიხსნას თავი ცოდვებისგან. ადამიანს ეს რაღაც დონემდეც რომ შესძლებოდა, ქრისტეს განკაცება საჭირო აღარ იქნებოდა. მაგრამ გამოხსნის შემდეგაც ადამიანს ეს გამოხსნა კი არ მიესაჯა, არამედ შეეთავაზა. ამ დაზიანებას ადამიანმა თავი ქრისტესთან ერთად უნდა დააღწიოს. ეს არის სინერგია, თანამოქმედება. სად იწყება ეს თანამოქმედება და სად სრულდება, ასე გამიჯნულად არ ჩანს. ალბათ, და ეს ჩემი პირადი აზრია, ეს იწყება აღიარებით, რომ ღმერთის გარეშე ადამიანს არაფერი შეუძლია.
რადიო თავისუფლება: თუმცა ადამიანი ბოლომდე ვერ იგებს, რას ნიშნავს ცოდვისგან გამოხსნა. ადამიანი ამბობს, კი, მე ვცოდე, მაგრამ ეს ადამიანურია.
გიორგი გვასალია: ეს კითხვა ეხება იმას, სინამდვილეში რა არის ადამიანი. ადამიანი ხილულ სამყაროში არის ერთადერთი არსება, რომელსაც გააჩნია ის, რაც არ ქრება – სული. ადამიანი საკუთარ ქმედებას უნდა განიხილავდეს არა მარტო კონკრეტულ ისტორიულ კონტექსტში, არამედ მარადიულობაში. დაცემას თან უნდა ახლდეს გააზრება, რომ ეს დაცემა არ უნდა შეიწყნარო, რადგან ის მარადიულობაში აისახება. აქვე უნდა წამოდგე! ეს წამოდგომა უნდა აისახოს მარადიულობაში! ადამიანი უფრო მეტია, ვიდრე დღევანდელ ისტორიულ კონტექსტში მოქცეული გონიერი არსება.
რადიო თავისუფლება: დაცემა მხოლოდ რამე ცუდის გაკეთებას ნიშნავს? თუ ადამიანმა საკუთარი თავი ვერ შეიცნო, ესეც ხომ გარკვეულწილად დაცემაა?
გიორგი გვასალია: საკუთარი თავის შეცნობა მუდმივი პროცესია. დაცემაში შეგვიძლია ვიგულისხმოთ ის, რასაც კლასიკური გააზრებით გულისხმობს ტერმინი „ცოდვა“ – გზიდან გადახვევა, მიზანს აცდენა. ნებისმიერ ადამიანს რომ შეეკითხოთ, რა სურს მას, პასუხი ერთი იქნება – ბედნიერება. თან გააჩნია, ბედნიერებას რას ვუწოდებთ. თუ ჩვენთვის ბედნიერება არის ხორციელი ტკბობა, ის აქვე იწყება და აქვე თავდება. ბედნიერება, რომელიც ქრისტემ მოიტანა, სხვა სახისაა. მას ამ ბედნიერებაზე ცხრა სიტყვა ანუ ცხრა ნეტარება აქვს ნათქვამი – „ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა… ნეტარ იყვნენ, რომელთა შიოდეს და სწყუროდეს სიმართლისათვის“… აქ რაღაც ისეთზეა საუბარი, რაც მხოლოდ ადამიანმა შეიძლება განიცადოს და არა ცხოველმა.
რადიო თავისუფლება: ბარემ ისიც განვმარტოთ, რას ნიშნავს სულით გლახაკი.
გიორგი გვასალია: გლახაკი ვინ არის?
რადიო თავისუფლება: ის, ვინც ითხოვს?
გიორგი გვასალია: თხოვნა უკვე პროცესია. მანამდე გლახაკი აღირებს, რომ მას დახმარება სჭირდება. სულით გლახაკი ადამიანი აღიარებს თავის სისუსტეს, რომ თუ ღმერთი თავისი მადლით მასში არ დამკვიდრდა, მარადიულობაში ის ბედნიერებას ვერ მიაღწევს.
რადიო თავისუფლება: ისევ უშუალოდ შობას რომ დავუბრუნდეთ. ძველი აღთქმის მიხედვით, როდესაც ევა პირველ ვაჟს შობს, კაენს, ფიქრობს, რომ ესაა აღთქმული მაცხოვარი. სინამდვილეში ის საუკუნეების შემდეგ იბადება. რატომ? კაცობრიობა მხოლოდ ამ დროისთვის მომწიფდა იმისთვის, რომ დაბადებულიყო მარიამი, რომელიც, თავის მხრივ, ღვთის დატევას შეძლებდა, თუ ეს ამასთან კავშირში არაა?
გიორგი გვასალია: გრიგოლ ნოსელი და გრიგოლ ღვთისმეტყველი წერენ, რომ ეს მომწიფება კი არ იყო, პირიქით, ცოდვის გამოვლინების სისავსე. მთელი თავისი სიბინძურე გამოავლინა ცოდვაში ჩაძირულმა კაცობრიობამ და სწორედ მაშინ მოვიდა მაცხოვარი.
გააგრძელე კითხვა აქ: radiotavisupleba.ge
კომენტარები