საქართველოს საელჩო ჩეხეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს.
„დღეს ქალაქ პრაღაში, კარლის უნივერსიტეტში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საგანგებოდ, 24-საათიან რეჟიმში ამოქმედდა საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზი: +420 777 222 053, საჭიროების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ აღნიშნულ ნომერზე“, – ნათქვამია განცხადებაში.
21 დეკემბერს, დაახლოებით დღის 3 საათისთვის შეიარაღებულმა პირმა პრაღის ცენტრში, კარლის უნივერსიტეტში (რომელიც უძველესია მსოფლიოში), ფილოსოფიის ფაკულტეტზე ცეცხლი გახსნა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, პრაღაში სროლის შედეგად დაღუპულია 15 ადამიანი (თავდამსხმელის ჩათვლით), 30-მდე კი – დაშავებულია. იან პალახის მოედანზე მდებარე უნივერსიტეტის შენობიდან ხალხი გამოიყვანეს, მოედანი და მისი მიმდებარე ქუჩები გადაიკეტა. ადგილზე საგანგებო სამსახურები მუშაობენ.
ჩეხეთის პოლიციის ცნობით, თავდამსხმელი, 24 წლის მამაკაცი, რომელმაც პრაღაში, უნივერსიტეტთან ცეცხლი გახსნა, ლიკვიდირებულია. პრაღის მერმა ბოგუსლავ სვობოდამ განაცხადა, რომ როდესაც ადგილზე პოლიცია მივიდა, თავდამსხმელმა თავი მოიკლა.
წინასწარი მონაცემებით, თავდამსხმელი კარლის უნივერსიტეტის სტუდენტი – დავიდ კოზაკია. იგი მარტო მოქმედებდა. მისი მოტივი ჯერჯერობით უცნობია. პოლიცია ვარაუდობს, რომ კოზაკი უცხოეთში მომხდარი მსგავსი მასობრივი მკვლელობებით იყო შთაგონებული. აღსანიშნავია, რომ მას იარაღის ტარების ნებართვა ჰქონდა.
მოგვიანებით ჩეხურმა მედიასაშუალებებმა დაწერეს, რომ კოზაკი, რომელიც ჩაკეტილი ადამიანი იყო პირად ურთიერთობებში, სოციალურ ქსელ „ტელეგრამში“ თავისი ავადმყოფური ფანტაზიების გაზიარებას არ ერიდებოდა.
მან დაწერა, რომ „ყოველთვის უნდოდა მოკვლა“ და ფიქრობდა, რომ „ერთხელაც მანიაკი გახდებოდა“. იგი იწონებდა სხვა ახალგაზრდების საქციელს, რომლებმაც სხვა ქვეყნებში მკვლელობები მოაწყვეს – მან ბოლოს მოიწონა 14 წლის რუსი მოსწავლის, ალინა აფანასკინას ქმედება, რომელმაც მამამისის თოფით ბრიანსკის სკოლაში ერთი მოსწავლე მოკლა და 5 დაჭრა, შემდეგ კი თავი მოიკლა.
„თითქოს იგი დროულად მომევლინა ზეციდან დასახმარებლად“ – დაწერა კოზაკმა.
თავდასხმის დროს რამდენიმე სტუდენტი ფანჯრიდან გადაძვრა და კარნიზზე დადგა, ერთმა გოგონამ, სამწუხაროდ, ვიწრო კარნიზზე თავი ვერ შეიკავა, ჩამოვარდა და დაიღუპა.
ჩეხეთში საქართველოს საელჩოში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაღუპულებსა და დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან.
„ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები არ არიან დაღუპულებს და დაშავებულებს შორის. საელჩო აქტიურ რეჟიმში ხაზზე რჩება ჩეხეთის ყველა შესაბამის სამსახურთან“, – აღნიშნულია ჩეხეთის რესპიბლიკაში საქართველოს საელჩოს განცხადებაში.
ნანა ძნელაძე
კომენტარები