სილამაზის ელექსირი – საუზმე, რომელიც ერთ თვეში შესანიშნავ ფორმას დაგიბრუნებთ
ყველა ქალის ოცნებაა, იყოს მუდამ ლამაზი და მომხიბვლელი, თუმცა თავის მოვლას ბევრი ვერ ახერხებს. ამ მხრივ პასიურობა კი წლების შემდეგ მნიშვნელოვან დაღს ასვამს ჩვენს გარეგნობას.
ქალების დიდი ნაწილის მთავარი საწუხარი ჭარბი წონა იყო და არის. ათასგვარი დიეტებით ვითომდა სასურველ შედეგს ვაღწევთ, მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ პრობლემა კვლავ იჩენს თავს და ყველაფერი თავიდან იწყება. ამ უნიკალურ რეცეპტებს, რომლებსაც ქვემოთ შემოგთავაზებთ, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ცნობილი ქალები წარმატებით იყენებენ. თითოეულმა მათგანმა იცის – მთავარია, როგორ ვიწყებთ დილას, ანუ რას მივირთმევთ საუზმედ. მარტივად მოსამზადებელი ფაფა, რომელსაც გთავაზობთ, წონის პრობლემის მქონე ქალების ყველაზე ერთგული მეგობარია. ნახეთ, იქნებ თქვენც სწორედ მან მოგიხსნათ პრობლემა. ნუ მოიცდით ახალ წლამდე, ხვალ დილიდანვე დაიწყეთ!
ამერიკული ვარიანტი
დაგჭირდებათ ხუთი სუფრის კოვზი შვრიის ფანტელი, ხუთი სუფრის კოვზი ანადუღარი გრილი წყალი, სამი სუფრის კოვზი რძე ან ნაღები, ერთი ან ორი ჩაის კოვზი თაფლი, ოთხი-ხუთი თხილის გული.
შვრიის ფანტელებს დაასხით ანადუღარი წყალი და დატოვეთ მთელი ღამის განმავლობაში. დილით დაუმატეთ რძე ან ნაღები და გატარებული თხილის გული. ნელა, გულდასმით აურიეთ და საუზმედ მიირთვით.
ფრანგული ვარიანტი
ორი სუფრის კოვზი შვრიის ფანტელი, ექვსი სუფრის კოვზი ანადუღარი ცივი წყალი, სამი სუფრის კოვზი ანადუღარი (ან პასტერიზებული) ცივი რძე, ერთი ჩაის კოვზი შაქარი (შეგიძლიათ თაფლით შეცვალოთ), ერთი დიდი ვაშლი და ერთი ლიმონი.
შვრიის ფანტელებს დაასხით ანადუღარი წყალი და გააჩერეთ ერთი საათი. შემდეგ დაუმატეთ რძე, შაქარი, მსხვილ სახეხზე გახეხილი ვაშლი და ერთი ლიმონის წვენი. „სილამაზის ფაფა“ მზადაა. მის შემადგენლობაში შედის მინერალური მარილები, B ჯგუფის ვიტამინები და ორგანული მჟავები. გარდა ამისა, უმი შვრიის ფანტელი საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას აუმჯობესებს. ძალიან კარგია საუზმედ ან ვახშმად. მართალია, მაინცდამაინც გემრიელი და სასიამოვნო საჭმელი არ არის, თუმცა მხოლოდ პირველი სამი დღე გაგიჭირდებათ მასთან შეგუება. თუ ნებისყოფა გეყოფათ და შეძლებთ ერთი თვის განმავლობაში ყოველ დილით ეს საუზმე მიირთვათ, გარწმუნებთ, საკუთარ თავს ვეღარ იცნობთ, ისეთ შესანიშნავ ფორმაში იქნებით.
თამთა გურული
კომენტარები