ქართველები უცხოეთშიჩვენი ფავორიტიინტერვიუ

„საქართველოს მარგალიტები“ იტალიაში და ფიქრი რომში ქართული თეატრის გახსნაზე – ლალი ლატარია უცხოეთში ეროვნულ საქმეს აკეთებს

„ყველაზე საოცარი რამ მასწავლა იტალიამ: დროის და შრომის ფასი, რომელსაც საქართველოში ყურადღებას არ ვაქცევდი და ვნანობ, თურმე რამდენი დრო დამიკარგავს...“

ქალბატონი ლალი ლატარიას ემიგრანტობა, როგორც თავად ამბობს ჩვენთან ინტერვიუში, მოულოდნელი და დაუგეგმავი აღმოჩნდა, რადგან ემიგრაციაში წასვლაზე არასდროს უფიქრია, მით უმეტეს, რომ აღიარება არც საქართველოში აკლდა. იტალიაში ტურისტული მიზნით ჩავიდა, მაგრამ ისე მოხდა, რომ უკვე 5 წელია, რომში ცხოვრობს, თუმცა თავისი ცხოვრების მთავარ საქმეს იქაც აგრძელებს – ქართველი ხელოვანი ხელმძღვანელობს რომის სამრევლოსთან არსებულ ქორეოგრაფიულ ანსამბლს „საქართველოს მარგალიტები“ და სტიმულს აძლევს თანამემამულეებს, რომ არ დაკარგონ „ქართული ფესვები და კულტურა, რომელსაც მსოფლიო ტაშს უკრავს!“

ქალბატონო ლალი, დამეთანხმებით, დიდი გამართლებაა, როდესაც უცხო ქვეყანაშიც ახერხებ საყვარელი საქმის კეთებას. საინტერესოა, რას ფიქრობდით, უცხოეთში რომ მიდიოდით და რას იტყოდით ახლა?

იტალიაში ტურისტული ვიზით ჩამოვედი. საერთოდ არ მიფიქრია ჩემი ქვეყნის დატოვება, პირიქით, იმაზე ვწუხდი და მიკვირდა, როგორ ტოვებდნენ ქართველები სამშობლოს და საყვარელ ოჯახებს. ჩემს ჩამოსვლას იტალიაში პანდემია დაემთხვა და ბევრი მიზეზის გამო მომიწია აქ დარჩენა. შეიძლება ითქვას, რომ მოულოდნელად გავხდი ემიგრანტი, ეს კი დიდი ტკივილი, დარდი და მონატრება აღმოჩნდა, რომელსაც უნდა გავმკლავებოდი… ახლაც ერთი სული მაქვს, როდის დავბრუნდები ჩემს ულამაზეს საქართველოში და სამშობლოში გავაგრძელებ შემოქმედებით საქმიანობას.

ვიცი, რომ საქართველოში საკმაოდ წარმატებული იყო ეს საქმიანობა… მეხსიერება ყველაზე სათუთად რას ინახავს წარსულიდან, ემიგრაციამდელი ცხოვრებიდან?

5 წლის ვიყავი, პირველად სცენაზე რომ ავედი და მას შემდეგ არ ჩამოვსულვარ. დავამთავრე შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი. ასევე, ქუთაისის წულუკიძის სახელობის უნივერსიტეტი, ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტი; ქუთაისის N2 მუსიკალური სასწავლებელი, ვიოლონჩელის სპეციალობით. 6 წლიდან ვცეკვავდი ქუთაისის და თბილისის ქორეოგრაფიულ ანსამბლებში, ამასთანავე, შევისწავლე მსოფლიო ხალხთა ცეკვები. პროფესიით რეჟისორი, მსახიობი და ქორეოგრაფი გახლავართ. ვმუშაობდი თბილისის ,,სამეფო უბნის თეატრში“ უნიჭიერესი და ყველასთვის საყვარელი მსახიობის, მედეა ჩახავას რეკომენდაციით. ჩემი „მეორე დედა“ – ასე ვეძახდი მას. ქორეოგრაფიაში კი ბატონ როსტომ იაშვილის და ქალბატონ გულიკო სიხარულიძის (სუხიშვილების პირველი თაობის წარმომადგენლები) კლასი გავიარე.

ლალი ლატარია მედეა ჩახავასთან და თამარ სხირტლაძესთან ერთად

თეატრალური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ხობის თეატრის მსახიობი და მოცეკვავე ვიყავი. პარალელურად ვმუშაობდი საბავშვო ბაღებსა და სკოლებში, მიწვევები მქონდა სხვადასხვა ქალაქში…

2010 წელს თბილისში დავაფუძნე საბავშვო მუსიკალური თეატრი – „კარის თეატრი“, ვარ მუსიკალური დაჯილდოების ცერემონიალის -,,მეგას“ სამგზის პრიზის მფლობელი, საქართველოს და საერთაშორისო ფესტივალების ლაურეატი და პრიზიორი, ინდივიდუალური ცეკვების სამგზის ოქროს მედლის მფლობელი, „ჩოხოსანთა“ წევრი, „პერსონა 2017“ და „პერსონა 2018“-ის პრიზიორი ნომინაციაში „წარმატებული ქალბატონი“; 2019 წელს ქალაქ ზუგდიდში დავაფუძნე და გავხსენი ხელოვნების სკოლა „ელიტ არტ სტუდიო“. ამავე დროს, ვმუშაობდი თბილისის კერძო სკოლაში „მარჯი“ და ზუგდიდის პრინც მიურატის სახელობის სკოლა-ლიცეუმში, ვიყავი გიმნაზია „ჯიჯისთან“ არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლის „ჯიჯიელები“ დამდგმელი რეჟისორი; თბილისის დავით ანდღულაძის სახელობის მე-14 ხელოვნების სკოლაში ვხელმძღვანელობდი საბავშვო თეატრალურ სტუდიას, ვარ წიგნის „ნიჭიერი თაობა“ სამგზის რესპონდენტი.

ვერ ვივიწყებ ბავშვებთან, ჩემს გაზრდილ პატარა მსახიობებთან გატარებულ დღეებს და წუთებს. მათი თბილი და მონატრებული გულით დაწერილი წერილები დღესაც ცრემლს მგვრის და მათთან ჩახუტების სურვილს მიღვიძებს.

რა იყო ყველაზე დიდი სირთულე, რისი გადალახვაც მოგიხდათ პირველ ეტაპზე, როდესაც იტალიაში ჩახვედით და რა გაძლევდათ სტიმულს?

ყველაზე დიდი სირთულე, რაც ყველაზე მეტად გამიჭირდა, დედის და შვილების მოულოდნელი დატოვება იყო. საკუთარ თავს ვამხნევებდი და ვეუბნებოდი: „ლალი, შენ შეძლებ!!! ლალი, შენ უნდა შეძლო!!!“

ამ ყველაფერს პანდემია დაემატა, სახლში ჩაკეტილი უცხო ქვეყანაში და ტელეფონის განუწყვეტელი ზარები: „როგორ ხარ, ლალი?“… შიშით შეპყრობილი სამყარო, დედის ტირილი… ეს იყო ყველაზე დიდი სტრესი. მაინც ვიპოვე გამოსავალი – სხვენზე ავიპარებოდი და იქ ვცეკვავდი, ამით ვამშვიდებდი ჩემი ოჯახის წევრებს, მეგობრებს და დედას, რომ არ ენერვიულათ ჩემზე…

საშინელი პერიოდი გამოვიარე პანდემიის დროს, პირველ ტალღას კი გადავურჩით, მაგრამ მეორე ტალღას ვერ გავუძელით. ყველას, ვინც ერთ ოჯახში ვცხოვრობდით, კორონა შეგვხვდა მძიმე ფორმებში. გარდაიცვალა ქალბატონი, რომელიც დედასავით ზრუნავდა ჩემზე და ამან უფრო სტრესში ჩამაგდო… სიკვდილს ვუყურებდით თვალებში. ერთმანეთთან შიშით ვერ მივდიოდით. იტალიელებმა გადაგვარჩინეს, ყოველდღე სურსათით დატვირთული ყუთები გვხვდებოდა კართან… თუმცა არავინ იცოდა, გადავრჩებოდით, თუ არა. იმ დროს საბუთიც არ მქონდა და ექიმსაც ვერ ვიძახებდით.

…ფაქტობრივად, ის ძლიერი ტოტი მომიტყდა, რომელზეც მყარად ვიჯექი და დავრჩი ამ უცხო ქვეყანაში შიშველი ხელებით და უზარმაზარ გზაჯვარედინზე…. მოკლედ, თავიდან დავიწყე ცხოვრება.

და ასეთ რთულ ვითარებაში როგორ მოახერხეთ, რომ თქვენი საქმიანობა წინ წამოსწიეთ?

სადაც არ უნდა წავიდე, ჩემს საყვარელ საქმეს ყოველთვის ვაკეთებ. სცენის გარეშე ერთი დღეც კი არ შემიძლია სიცოცხლე, ყველგან და ყოველთვის ვპოულობ გამოსავალს – შევიქმნა ჩემი სამყარო, ადგილი, სადაც ყველაზე ბედნიერი და ხალისიანი ვარ; სირთულეების მიუხედავად მაინც არ ვკარგავ ჩემს პოზიციას, რადგან შემოქმედება ჩემი სულის და სიცოცხლის ნაწილია.

იოლი არ არის უცხო ქვეყანაში წინა ხაზზე შენი საქმიანობის წამოწევა. იქ, სადაც არავინ გიცნობს, არავის სჯერა შენი, ვინ ხარ შენ?!.. თითქოს ახლად დაიბადე და ახლა ეცნობი ქვეყანას და ირგვლივ ყველას… მიუხედავად ამისა, ჩემი საქმის სიყვარული არ მასვენებდა, დღე და ღამე თეატრზე და ბავშვებზე ვფიქრობდი. ისეთი ფანტაზია მქონდა და იმხელა ენერგია დამიგროვდა, რომ სად დამეხარჯა, რა გამეკეთებინა, არ ვიცოდი…

ერთ მშვენიერ დღეს რომის სამრევლომ ექსკურსია-გასეირნება მოაწყო მამა იოანეს თაოსნობით. ჰოდა, ხშირად განებივრებულმა, ბევრი ვიცეკვე იმ დღეს. მერე ჟურნალისტი ბესო ჩუბინიძე ჩამოვიდა რომში და სიუჟეტი მოამზადა ჩემზე; რომში გვესტუმრა ქორეოგრაფთა ფედერაციის წარმომადგენელი, საქართველოს ქორეოგრაფთა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, ქალბატონი თამარ მელიქიშვილი, რომელმაც  საქართველოში გაწეული შემოქმედებითი საქმიანობისთვის გადმომცა ჯილდო და ფაფანაკი, აგრეთვე, მომენიჭა „საუკეთესო ხელოვანის“ წოდება. სამრევლოს წინაშე ჩემი ასეთი წარდგენა ძალიან ბევრს ნიშნავდა… მიმიწვიეს საკვირაო სკოლაში „ფესვები“, რომელიც რომის სამრევლოს ბაზაზეა დაფუძნებული. ამ ყველაფერმა ძალიან დიდი სტიმული მომცა და ანსამბლის ჩამოყალიბება გამაბედვინა, რაც მამა იოანეს კურთხევით შევძელი და ანსამბლს „საქართველოს მარგალიტები“ დავარქვი…

ანსამბლში მხოლოდ ქართველები არიან?

დიახ, ამ ეტაპზე ანსამბლში მხოლოდ ქართველები არიან, მაგრამ უკვე ძალიან ბევრ იტალიელს და, ასევე, სხვა ქვეყნის მოქალაქეებსაც დიდი სურვილი აქვთ, ქართული ცეკვა ისწავლონ. ახლახან ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მათზე „სუხიშვილების“ კონცერტმა რომში, რომელსაც დიდი ოვაციები მოჰყვა, 10 წუთი ფეხზე იდგნენ იტალიელები, ტაშს მთელი მონდომებით უკრავდნენ და მე ბედნიერი და ამაყი ვიდექი მათ გვერდით. ეს ის ხელოვნებაა, ეს ის კულტურაა და ის ფოლკლორია, რომელსაც მსოფლიო ტაშს უკრავს!

საინტერესოა, რა საერთოა ქართულ და იტალიურ კულტურას და ჩვენს ხალხებს შორის?

იტალიელები თითქოს ხასიათითაც გვგვანან ქართველებს. ხმაურიანები, ხალისიანები არიან… უყვართ სიმღერა, ცეკვა და უდიდეს პატივს სცემენ ხელოვნებას. მოსწონთ ჩვენი კულტურა, ეროვნული ტანსაცმელი, ჩვენი ხასიათი და სტუმართმოყვარეობა. კარგი მეგობრობაც იციან… მე იტალიელებმა გადამარჩინეს და დღესაც გვერდით მიდგანან, ცდილობენ ხელი შემიწყონ და იტალიაშიც გავაგრძელო ჩემი შემოქმედება. ბედმა გამიღიმა და აქაც მსახიობების ოჯახში მოვხვდი, ხელს მიწყობენ, როგორც საკუთარი ოჯახის წევრები.

პანდემიამ უფრო დამაახლოვა იტალიელების ხასიათსა და ცხოვრებას. უყვართ სტუმრის მიღება და გაჭირვებისას გვერდში დგომა. პანდემიის დროს საოცარი სიმღერის ჰანგებით გვაძლიერებდნენ ჩაკეტილი დარაბებიდან და ეს სიცოცხლის ხალისს და იმედს გვმატებდა… ძალიან უყვართ სამზარეულო, ხშირად მეკითხებიან ჩვენს სამზარეულოზე და პასუხის შემდეგ ყველას სურს იმოგზაუროს საქართველოში და დააგემოვნონ ,,ხაჭაპური“ და ,,ხინკალი“… ბევრი რომ არ გავაგრძელო, უდიდეს პატივს სცემენ ჩვენს ხელოვნებას და კულტურას. რადგან იციან, რომ ხელოვანი ვარ, შარშან საახალწლოდ ოპერისა და ბალეტის თეატრის ბილეთით დამასაჩუქრეს, სადაც მსოფლიოს ნაკრები ბალერინები და ბალერონები მონაწილეობდნენ. საოცრება ის იყო, რომ პირველი ადგილი და ყველაზე დიდი აპლოდისმენტები ქართველმა წყვილმა მოიპოვა. იმ დღეს თითქოს ორმაგად გავიზარდე. უჰ, როგორი ამაყი ვიყავი, ვერ წარმოიდგენთ…

თუმცა ალბათ ვერაფერი გადაწონის იმ სულიერ ტკივილს, რასაც ემიგრანტი განიცდის… თქვენი აზრით, ყველაზე დიდი პრობლემა რა არის ემიგრაციის გზაზე? ემიგრანტების ყველაზე დიდი საფიქრალი რა არის?

დიდი ტკივილია ყველა ემიგრანტისთვის მშობლიური მიწის და ოჯახის დატოვება. ეს არის უდიდესი სტრესი, რასაც ადამიანი განიცდის. შეუძლებელია ამ ყველაფრის გადმოცემა, მხოლოდ ემიგრანტი მიგიხვდება ამ განცდას… ყველა ვერ უძლებს ემიგრანტობას და ამიტომაც ყველა ემიგრანტი გმირია, გმირი, რომელიც ოჯახისა და თავის ქვეყნის გადასარჩენად იბრძვის!

ემიგრანტების ყველაზე დიდი საფიქრალი სამშობლოში, საკუთარ ოჯახში დაბრუნებაა…

და როგორ ფიქრობთ, ზოგადად, ემიგრაციაში მყოფი ქართველები დაუბრუნდებიან საქართველოს?

აუცილებლად… „ჩვენ დავბრუნდებით“!

ქართველი ემიგრანტების ახალ თაობაზე, ბავშვებზე რას იტყვით? შეიძლება ითქვას, რომ მათი ერთ-ერთი საყრდენი თქვენ ხართ იტალიაში…

ერთ-ერთი საყრდენი შეიძლება მეც ვიყო, რადგან არიან არაჩვეულებრივი პედაგოგები, რომლებიც ცდილობენ, ბავშვებმა ქართული სულიერება არ დაკარგონ. ძალიან მტკივა, როდესაც ვხედავ, რომ ქართველი ქართულად ვერ ლაპარაკობს, მაგრამ გულს იმით ვიმშვიდებ, რომ ცეკვით ვასაუბრო ისინი და ის ქართული მუხტი გავაღვიძო იმ ცეკვის მელოდიებით და ილეთებით, რომელიც თითოეულ მათგანს სისხლში აქვს და არასოდეს დაიკარგება. ქართველი ყველგან ქართველობს… ეს ჩვენი დალოცვილი გენი მსოფლიოს აკვირვებს და მჯერა, რომ არასოდეს გაქრება.

არ ფიქრობთ, რომ რაღაც ხიდი უნდა გაიდოს ემიგრანტ ბავშვებსა და მათ მშობლიურ ქვეყანაში მცხოვრებ ბავშვებს შორის? იქნებ უკვე მუშაობთ კიდეც ამ კუთხით… თქვენი მომავლის გეგმები რამდენად უკავშირდება საქართველოს?

პირველი ეგ იყო ჩემი საფიქრალი, როგორ დამეკავშირებინა ქართველი ბავშვები ერთმანეთთან და ეს სწორედ ხელოვნებას შეუძლია მხოლოდ! გვაქვს პროექტები, რომელთა განხორციელებას უკვე შევუდექით, ალბათ ყველაფერი კარგად დამთავრდება და მიზანსაც მივაღწევთ.

წარმატებებს გისურვებთ!.. თქვენი აზრით, რა უნდა იცოდნენ ემიგრანტებმა?

ყველა ემიგრანტმა უნდა იფიქროს, რომ ეს ყველაფერი დროებითია და ჩვენ როლს ვთამაშობთ, როლს ცხოვრების წიგნის სხვადასხვა გმირისა: ხან მოსამსახურე ხარ, ხან ძიძა, ხან მომვლელი, ხან დამლაგებელი და ხანაც მუნჯი, რომელიც ყველაფერს ხედავს, ისმენს და ვერ საუბრობს. დიდი სტრესი მოჰყვება ამ როლის თამაშს, მაგრამ ყველა იმისთვის ვთამაშობთ, რომ ფინალში ტაშს დაგვიკრავენ ჩვენი შვილები და მათ გამარჯვებული და წარმატებული დავუბრუნდებით, მხოლოდ ცოტათი შევერცხლილი თმებითა და ნოსტალგიის ნაოჭებით…

თქვენი პირადი ცხოვრების შესახებ რას გვეტყვით? თქვენი შვილები საქართველოში არიან?

ორი შვილი (ქალ-ვაჟი) და სამი შვილიშვილი მყავს, რომლებიც მაბედნიერებენ და ცხოვრებას მიხალისებენ. მეუღლე, სამწუხაროდ, გარდამეცვალა.

ქალიშვილი – მირანდა შულაია შვილებთან (ლუკა, ბარბარე და ანასტასია ქაჯაიები) ერთად საქართველოშია.

მირანდა და ლუკა

ჩემი ვაჟი – ირაკლი შულაია და მისი უკრაინელი მეუღლე – იულია მაშტალერი კი ევროპის სხვადასხვა ქვეყნის შოუების წამყვანი სოლისტები არიან. ირაკლი ქართული და მსოფლიო ხალხთა ცეკვების მოცეკვავე, ქორეოგრაფი და მსახიობია, იულია კი – ბალერინა, ამჟამად თურქეთის ერთ-ერთი საკონცერტო შოუ პროგრამის მთავარ ქორეოგრაფებად არიან მიწვეულები.

ირაკლი შულაია და იულია მაშტალერი

რაზე ოცნებობს იტალიაში მცხოვრები ქართველი ხელოვანი?

საკუთარი თავი არ უნდა დაკარგო და შექმნა ის, რაც ძალიან გიყვარს, როგორ სიტუაციაშიც არ უნდა იყო და სადაც არ უნდა იყო, აი მაშინ ხარ ხელოვანი. მე პირადად ვაპირებ, რომში დავაფუძნო ქართული თეატრი, სცენაზე გავაცოცხლო ქართველი მწერლების, პოეტების ნაწარმოებები და ჩემი წვლილი შევიტანო იმაში, რომ იტალიაში მცხოვრებმა ქართველმა ბავშვებმა არ დაივიწყონ მშობლიური ენა, იცნობდნენ და უყვარდეთ ქართული ლიტერატურის ბუმბერაზი წარმომადგენლები.

იტალიელი ბავშვები თუ ინტერესდებიან ქართული კულტურით, ქართული ცეკვების სწავლის სურვილი თუ აქვთ?

რა თქმა უნდა, ინტერესდებიან, ძალიან უყვართ ქართული ცეკვები და ბევრს სწავლის სურვილიც აქვს. ქართველ ბავშვებში კი სისხლი თავისას შვრება, ხშირად თავიანთ მოგონილ რაღაც ილეთს მაჩვენებენ და შიგ დებენ თავიანთ გულს და ქართულ ცეცხლს, რომელიც შინაგანად არ ასვენებთ. მათთან ყოფნა და თითოეული გაკვეთილი მთელი ჩემი ცხოვრებაა. ისინი მიხანგრძლივებენ სიცოცხლეს და ცხოვრების და მუშაობის სტიმულს მიბრუნებენ.

ასწავლით… თქვენ რა ისწავლეთ იტალიაში?

ყველაზე საოცარი რამ მასწავლა იტალიამ: დროის და შრომის ფასი, რომელსაც საქართველოში ყურადღებას არ ვაქცევდი და ვნანობ, თურმე რამდენი დრო დამიკარგავს…

ახლობლებს, მეგობრებს, თქვენი ხელოვნების თაყვანისმცემლებს რას ეტყოდით იტალიიდან?

საოცარი სამეგობრო მყავს, რომლებიც ყოველდღე მამხნევებენ, მაძლიერებენ, მაიმედებენ. ყველას მინდა მოვეფერო სათითაოდ და ვუსურვო წარმატება თავიანთ საქმიანობაში. მიყვარხართ!!!

მინდა მოვეფერო ყველა ემიგრანტს, ყველა ქართველს, ყველა მეგობარს, ჩემს მონატრებულ საქართველოს და ბოლოს მადლობა გითხრათ თქვენ, რომ არ კარგავთ ხელოვან ადამიანებს და მათ შემოქმედებას აცნობთ საზოგადოებას. გისურვებთ წარმატებებს… გვიყვარდეს ერთმანეთი, გვწამდეს ღმერთის და ყველაფერი კარგად იქნება!

თამარ ოთიაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close