ქართველები უცხოეთშიჩვენი ფავორიტიინტერვიუ

„იმ განწყობით დავბრუნდი იტალიიდან, რომ უკან აღარ წავიდოდი, მაგრამ რამდენიმე თვეში ისევ დავადექი ემიგრაციის გზას“ – ნინო შუბითიძე

კვარაცხელიას გადმოსვლამ „ნაპოლიში“ მართლა ძალიან შეცვალა დამოკიდებულება, ქართველ ქალებს „კვარას დედას“ გვეძახიან

ჩემს რესპონდენტს ბავშვობიდან ვიცნობ… ვიცნობ კი არა, რაც თავი მახსოვს, ისიც მახსოვს და მისი ძალიან თბილი ოჯახიც. ნინო ჩემი უფროსი დის კლასელი იყო, ნინოს მომდევნო და, ნანა – ჩემი კლასელი და უახლოესი მეგობარი. მთელი ბავშვობა ერთად გავატარეთ, ერთ უბანში, პრაქტიკულად, სულ ერთად ვიყავით – მაშინ ხომ ბავშვები ეზოს თამაშებს ვთამაშობდით: კლასობანას, წრეში ბურთს, რეზინობანას, დამალობანას, დაჭერობანას… ახლა, როცა ათასობით კილომეტრი გვაშორებს და თბილისიდან ნეაპოლში მესენჯერით ვესაუბრები, თვალწინ მიცოცხლდება ბავშვობის დროინდელი თბილად მოსაგონარი ამბები. მაშინ ვინ წარმოიდგენდა, რომ მოვლენები ასე განვითარდებოდა და ათასობით, ათიათასობით ქართველი დედა ემიგრანტი გახდებოდა?!

ნინო შუბითიძე პირველად რომ წავიდა იტალიაში ემიგრაციაში 2019 წელს, ამბობდა, რომ დიდხანს არ დარჩებოდა, როგორც კი ოჯახის ფინანსურ პრობლემებს მოაგვარებდა, მაშინვე სამშობლოში დაბრუნდებოდა. ასეც მოხდა – 3 წელიწადში ჩამოვიდა.

გამიხარდა, მისი დაბრუნება რომ გავიგე, ვიფიქრე, ცოტა დრო გავიდეს და ინტერვიუს ჩავწერ, როგორც დაბრუნებულ ემიგრანტთან, რომელმაც სამშობლოში შეძლო და აუწყო ცხოვრებას ფეხი-მეთქი, თუმცა რამდენიმე თვეში ისევ ემიგრაციის გზას დაადგა და ჩვენი დღევანდელი ინტერვიუც სხვა მიმართულებით წარიმართა…  

ნინო, ემიგრაციიდან  რომ დაბრუნდი საქართველოში, გამიხარდა… ჩემთვის სრულიად უცნობი ქართველები რომ ბრუნდებიან, ეგ მიხარია ხოლმე და შენი დაბრუნება – მით უმეტეს, მაგრამ შემდეგ რომ გავიგე, ისევ წახვედი, მართალი გითხრა, არ გამკვირვებია. ძალიან ხშირია მსგავსი შემთხვევები და იმიტომ, მეც არაერთი ფაქტი ვიცი. შარშან გაზაფხულზე იმ განწყობით ჩამოხვედი საქართველოში, რომ აღარ აპირებდი წასვლას, მაგრამ რამდენიმე თვის შემდეგ მაინც წახვედი – რატომ?

მართალი ხარ, ჩამოვედი იმ განწყობით, რომ წასვლას აღარ ვაპირებდი, რადგან რა მიზანიც მქონდა, როდესაც ემიგრაციაში წამოვედი, შევასრულე. ყველამ კარგად იცის, რომ აქ სასეირნოდ არავინ ვართ ჩამოსულები, არამედ ოჯახური პრობლემების გამო… მინდოდა, რაც ვალი დამედო ბავშვების სწავლა-განათლების – სკოლის დამთავრება იყო თუ ინსტიტუტში სწავლა – და სხვა პრობლემების გამო, გამესტუმრებინა…

თავიდან არ მოვყვები, რა სირთულეებიც გავიარე იმ მძიმე 90-იან წლებში, მერე, ოჯახი რომ შევქმენი, კიდევ რას შევეჭიდე… ისეთი პრობლემები დაგვიგროვდა, რომ გამოუვალი მდგომარეობა იყო და ამიტომ წამოვედი. ეს ყველაფერი რომ მოვაგვარე, ვალები გავანულე, ცოტა დანაზოგიც გავაკეთე, ვიფიქრე, წავალ ჩემს სახლში, ბათუმში, ბავშვებიც მუშაობენ, მეუღლეც მუშაობს, რაღაც სამსახურს მეც როგორ ვერ მოვძებნი-მეთქი და დავბრუნდი.

შვიდი თვის განმავლობაში სად არ ვეძებე, სად არ ვეცადე, შესაფერისი ვერაფერი ვიპოვე… ჩემი პროფესიის ადამიანი – კავშირგაბმულობის სპეციალისტი ვარ განათლებით – ვიღას უნდა, მით უმეტეს, 60 წელს გადაცილებული?! სხვა სამსახურშიც წამყვან პოზიციაზე არავინ მიგიღებს, მხოლოდ მრეცხავებად, დამლაგებლებად ვჭირდებით… რომ მოვიკითხე და მივედი ადგილზე, რა უნდა გამეკეთებინა – თუ გინდა, რესტორანში, თუ გინდა, სასტუმროში – 15-20 ოთახი უნდა დამელაგებინა 400-500 ლარად, თუნდაც 600 ყოფილიყო, მაინც არ არის ეს იმ დატვირთვის შესაფერისი ანაზღაურება, რა სამუშაოც იყო შესასრულებელი. დილის 9-იდან 7-8 საათამდე და კიდევ უფრო მეტხანს ამ ანაზღაურებაზე მუშაობა არ შემეძლო. ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება და ჩემებს ვუთხარი, ისევ უნდა წავიდე-მეთქი – მადლობა ღმერთს, ჩემი შვილები ისეთები არ არიან, რომ ვერ აუღონ ცხოვრებას ალღო. ნანა თბილისშია, მუშაობს, თავისი მიზნები აქვს, ანა ბათუმშია, ისიც მუშაობს, მამამისსაც ყურადღებას აქცევს, გოგოები უკვე დამოუკიდებლები არიან… და ისევ დავადექი ემიგრაციის გზას.

ნინოს უფროსი ქალიშვილი – ანა დუმბაძე

მეორედ რომ წახვედი, ალბათ ისე აღარ გაგჭირვებია, როგორც პირველად ხომ?

რა თქმა უნდა. პირველი იყო ძალიან რთული მომენტი, გახსენებაზე ახლაც მეტირება… ჩემი შვილები ისე გავზარდე, ერთი ღამე არ გაუთევიათ ჩემ გარეშე. ჩემი უმცროსი და – მაიაც ბათუმში ცხოვრობს, მაგრამ მასთანაც არ დამიტოვებია არცერთი ღამე. დილით ადრე მივდიოდი სამსახურში, სახაჭაპურეში ვმუშაობდი, საუზმეს გავუმზადებდი, დავუტოვებდი სუფთა ტანსაცმელს და სკოლაში მარტო უნდა წასულიყვნენ ბავშვები. აი, ასე გავზარდე, ერთი დღე არ ყოფილან უჩემოდ და როგორ უნდა დამეტოვებინა, ვერ წარმომედგინა…

შენი შვილები უკვე ზრდასრულები იყვნენ, დედა ყოველთვის გვჭირდება, მაგრამ იმდენად ხომ აღარ სჭირდებოდათ დედის ხელი, როგორც ბავშვობის ასაკში… ბევრი წავიდა ისე, რომ მცირეწლოვანი შვილები, ჩვილებიც კი დატოვეს. ამის მიუხედავად მაინც ძალიან გაგიჭირდა ხომ?

კი, პირველად მაინც ძალიან გამიჭირდა, მაგრამ ეს იყო გამოუვალი მდგომარეობა, კატასტროფამდე ვიყავით მისულები. ჩემი მეუღლეც არ მუშაობდა, გაიყინა ყველაფერი, აღარაფერი საშველი არ ჩანდა და დავადექი ამ გზას.

ნანა სტუდენტი იყო, მესამე კურსზე, ანას დამთავრებული ჰქონდა. მუშაობდა ხან აქ, ხან იქ, რომ თავისი ჯიბის ფული ჰქონოდა, მაგრამ ფეხი მყარად არ ჰქონდა ჯერ მოკიდებული.

როგორც ვიცი, პირველად ნეაპოლში ჩახვედი…

კი, ნეაპოლში. მიჭირდა, რა თქმა უნდა, მაგრამ თავს იმით ვინუგეშებდი, რომ მე ხომ აქ მუდმივად არ ვარ, ხომ ვიცი, რატომაც წამოვედი და უნდა გავუძლო, ავიტანო… ხელფასს ავიღებდი თუ არა, მაშინვე საქართველოში ვგზავნიდი და კმაყოფილი ვიყავი… რომ ამოვისუნთქეთ და საშუალება გამიჩნდა, ნანას სურვილი შევუსრულე – ძალიან უნდოდა, თბილისში გაეგრძელებინა სწავლა და ღმერთს მადლობა, რომ ეს შევძელი. ნანა რომ თბილისში წავიდა მარტო, მე იტალიაში ვიყავი და როგორი ნერვიულობა გადავიტანე, ეგ კიდევ სხვა თემაა. გზაც არ იცოდა წესიერად. ძნელია, როცა არაფერი იცი, არავინ გყავს… – კი გამოვნახავდი ნაცნობებს, ვიღაცას შევაწუხებდი, მაგრამ მითხრა, არავის შეწუხება არ მინდა, თავად მივხედავ თავსო, ჩემით  გავიკვლევ გზასო. ნანა ძალიან დამოუკიდებელი და მიზანდასახულია.

ნინოს უმცროსი ქალიშვილი – ნანა დუმბაძე

ასე გავატარე ემიგრაციაში 3 წელი და 2 თვე.

თავი რომ დავანებოთ უცხო გარემოში ყოფნის დისკომფორტს, შვილების, ახლობლების მონატრებას, ყველაზე რთული მაინც რა იყო შენთვის პირველ პერიოდში?

ენის ბარიერი იყო ყველაზე დიდი სირთულე.

არ მოემზადე წინასწარ?

კი, რაღაც სიტყვები ვისწავლე, მაგრამ ამათი საუბრის გაგება მაინც რთულია, ესენი ხომ იმას არ ითვალისწინებენ, შენ რა იცი, სწრაფად ლაპარაკობენ და თან საუბარში სიტყვებს ბოლო 2 ასოს აკლებენ. როცა ენა კარგად არ იცი და კიდევ საუბრისას სიტყვებს ბოლო ასოებს აკლებენ, როგორ გაიგებ?! ვეტყოდი ხოლმე: „პიანო, პიანო პარლარე სინიორა, ნო კაპიტო“ (იტ. „ნელა ილაპარაკეთ, სინიორა, ნუ ჩქარობთ“), მერე ნელა მეტყოდნენ და ერთ სიტყვას თუ გავიგებდი, იმას ჩავეჭიდებოდი და აზრს ვაბამდი. სავარჯიშო რვეულში ვიწერდი სიტყვებს, გამოთქმებს, წიგნებიც შევიძინე და ნელ-ნელა ვისწავლე საუბარი. აქ ჟესტიკულაციითაც აგებინებ, უკვე მიჩვეულები არიან, პირველი არც მე ვიყავი იმ ოჯახში უცხოელი დამხმარე და არც ბოლო ვიქნებოდი, ცხადია. ძალიან ბევრი უცხოელი ბადანტე (იტ. მომვლელი, დამხმარე ქალი) მუშაობს აქ – პოლონელები, ინდოელები და ქართველები და ახლა უკრაინელებიც დაემატნენ ომის გამო.

მაინც უცბად ავუღე ალღო, მადლობა ღმერთს. ჩემი დები მეტყვიან ხოლმე, ნეტავი, ჩვენც შენ გგავდეთ, არ გიჭირს სახლიდან გასვლაო. სახლიდან გასვლა ყველას უჭირს, მაგრამ გაჭირვება მიჩვენე და გაქცევას გიჩვენებო, ხომ ნათქვამია. აქ გაძლებინებს ის და იმით ხარ კმაყოფილი, რომ შვილები უზრუნველყოფილი გყავს და ამ დაღლას და ნერვიულობას აღარაფრად აგდებ. თან იმას ვფიქრობდი: ეს ხომ ჩემთვის მუდმივი არ არის, აგერ მოვა ზამთარი, მოვა გაზაფხული და წავალ სახლში!..

თუ ისე ხარ, რომ ვეღარ იტან ფსიქოლოგიურად და ხედავ, რომ გაუსაძლისია შენთვის, ვინ გაბამს?! იმ ვალებსაც რაღაცას მოუხერხებ, ბოლოს და ბოლოს. ახლა მე რომ მოვინდომო კიდევ ბინების ყიდვა ბათუმში, თბილისში, აქ მომიწევს 10-12 წელი ყოფნა და ასე ნამდვილად ვერ მოვიქცევი. ახალგაზრდაც აღარ ვარ, ეს წლები ხომ მიდის უცხო მიწაზე, ვერ ხედავ შენიანებს, შენთვის ძვირფას ადამიანებს ხარ მოშორებული, ამ წლებს ხომ ვერ დააბრუნებ?!  ჩემთვის ძალიან რთულია, 10 წელი ვერაფრით გავჩერდები. აქ წამოვედი იმ პირობით, რომ ცოტა ხანს, ერთ წელს კიდევ ვიმუშავებ, რაღაცას მოვაგროვებ… ისიც ვიანგარიშე – საქართველოში ერთი წელი რომ მემუშავა იმ 500 ლარზე, არაფერი თანხა არ გამომივიდოდა და აქ რომ ერთი წელი ვიმუშაო, კარგ დანაზოგს გავაკეთებ…

მეორედ რომ წამოვედი, სამსახურიც უკვე ნაშოვნი მქონდა და ეს არ მაფიქრებდა. არც ისე ვინერვიულებდი, იმიტომ რომ მე უკვე „ენიანებში“ გავდივარ, ასე თუ ისე, იტალიურ სამზარეულოზეც წარმოდგენა მაქვს და სამსახურის გარეშე არ დავრჩებოდი, მაგრამ როცა თავიდანვე იცი, რომ სამსახური დაგხვდება, რა თქმა უნდა, მთლად უკეთესია.

როგორც ვიცი, სოფელში გინდა მოაწესრიგო კარ-მიდამო და იქ გადახვიდე საცხოვრებლად ხომ?

კი, გურიაში, ჩემი ქმრის სოფელში – ცხემლისხიდში (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი) გვაქვს ნაკვეთი და სახლი, ან პატარა სახლს ჩავდგამ, ან ნახევარი რაც გვაქვს, იმას გავარემონტებ. სოფელში მინდა წასვლა ძალიან, სიგიჟემდე მიყვარს…

ნინო მეუღლესთან – ავთანდილ დუმბაძესთან ერთად დისშვილის ქორწილში

რომ დავბრუნდი საქართველოში 3-წლიანი ემიგრაციის შემდეგ, მე და ჩემი ქმარი – ავთო ხან ზესტაფონში წავედით ახლობლებთან, ხან სურამში – ჩემებთან, ხან ბიძაშვილები მოვინახულეთ, ისე მესიამოვნა! ჩემს ქმარსაც უნდა, რომ ცოლი გვერდით ჰყავდეს, ასაკში ვართ უკვე და რაც წლები დამრჩენია, მეც მინდა, ჩემს ქმართან გავატარო. გოგოებს თავ-თავიანთი გზა აქვთ, ანას საქმრო ჰყავს და ცოტა ხანში გათხოვდება, ნანას უნდა კარიერა აიწყოს, ფიქრობს, ოცნებობს, სწავლობს, სწავლობს, სულ სწავლობს… მე და ჩემი ქმარი კი ვიქნებით სოფელში ჩვენთვის, მშვიდად და წყნარად.

მე იმხელა სირთულეები გადავიტანე, ემიგრაციაში წასვლა იმასთან შედარებით არაფერი არ არის. ბავშვები პატარები იყვნენ მაშინ, მე-2-მე-3 კლასში, 4 წელი ისეთ გაუსაძლის პირობებში ვიყავი, რომ გახსენებაც არ მინდა, მაგრამ ღმერთს მადლობა, ჩემი და – ია, ჩემი დედმამიშვილები გვერდში მედგნენ, როგორც შეეძლოთ. ვაპირებდი, სოფელში წავალ-მეთქი, მაგრამ გავუძელი და გადავიტანე… იმ წლებზე უარესი აქ ყოფნა ნამდვილად არ არის. აქ არის მონატრება, შვილებს რომ ვერ ხედავ პირადად. თუ რამე განსაცდელია ოჯახში, მაშინ ხარ აფორიაქებული, რაღაც თუ მოხდა, ტელეფონზე თუ არ გიპასუხეს… ღმერთმა ყველას აშოროს და, თუ ვინმე გარდაიცვლება, აბა, ჩქარა, ბილეთი, ბევრი ვერ მიდის, ყველა ვალის და გაჭირვების გამოა აქ წამოსული და ადვილი არ არის.

ეს რომ გადავხარშე იმ შვიდი თვის განმავლობაში, რაც საქართველოში ვიყავი, ვიფიქრე, ისევ წავალ – ეს მეორე წამოსვლა ჩემთვის აღარანაირ სირთულეს არ წარმოადგენდა, გზა-კვალი ვიცოდი… იმასაც ვფიქრობდი, რომ იმ სამ წელიწადში რაც ვერ ვნახე იტალიაში, ვერ დავათვალიერე, ახლა ვნახავ-მეთქი.

პირველი ემიგრაციისას ვერ შეძელი?

მაშინ ვერ ვნახე, იმიტომ რომ, სადმე თუ გადიხარ, ხარჯი მინიმუმ 200 ევრო მაინც უნდა გაითვალისწინო და მაგის ფუფუნება მაშინ არ მქონდა, ვალები უნდა გამესტუმრებინა. ახლა დავდივარ ტურებში – პოზიტანო, ამალფი, კასორია, კაზერტა – ეს ადგილები მოვიარე, გასულ კვირას რომში ვიყავით. ვცდილობ, რომ გავეცნო იტალიას, დავათვალიერო, იქნებ ვეღარ ჩამოვიდე სხვა დროს. არქეოლოგიური მუზეუმიც მაინტერესებს, ახლა პომპეიში ვაპირებ წასვლას, ვარ ნამყოფი, მაგრამ მაშინ მუზეუმში ვერ შევედით.

ნინო პოზიტანოში

თითქოს ბანალური კითხვა გახდა, მაგრამ მაინც აუცილებლად უნდა გკითხო: როგორც ამბობენ, ხვიჩა კვარაცხელიას ფაქტორმა ძალიან შეცვალა დამოკიდებულება ქართველების მიმართ იტალიაში და ნეაპოლში – განსაკუთრებით, შენ რას იტყოდი ამაზე?

კვარაცხელიას გადმოსვლამ „ნაპოლიში“ მართლა ძალიან შეცვალა დამოკიდებულება. ქართველ ქალებს „კვარას დედას“ გვეძახიან. ამას წინათ ტელეფონს ვყიდულობდი მაღაზიაში. გამყიდველი მიხვდა, რომ ქართველი ვიყავი და „ჯორჯიანა?“ – მკითხა. „სი, ჯორჯიანა“-მეთქი… „აა მამმა კვარაო“ (იტ. „ქართველი ხარ?“, „კი, ქართველი ვარ“, „აა, კვარას დედა“). ძალიან უყვართ და პატივს სცემენ. არ ვიცი, რამდენად მართალია, მაგრამ ახლა აქ ხმები დადის, კვარა ხსნის ნეაპოლი-თბილისის რეისს და ქართველ გულშემატკივრებს საშუალება ექნებათ, უფრო ნაკლებ ფასად ჩამოვიდნენ ნეაპოლში, ვიდრე სხვა ავიაკომპანიებით ფრენის ღირებულებაა.

ახალი ჩამოსული ვიყავი და ჩვენს უბანში – „ქართველების უბანს“ ვეძახით“, რადგან აქ ბევრი ჩვენებური მუშაობს, სულ ქართული დროშებია გამოფენილი იტალიის დროშებთან ერთად, „ნაპოლის“ ლოგოები და ბანერებია გაკრული ჩვენს ქუჩაზე, Via Wikolungo ჰქვია – რომელიღაც არხი იღებდა სიუჟეტს, როგორი დამოკიდებულება აქვთ კვარაცხელიას მიმართ ქართველებსა და იტალიელებს ნეაპოლში. იტალიური მაღაზიაა აქვე და ძალიან კარგად ილაპარაკა მისმა თანამშრომელმა ახალგაზრდა კაცმა, იტალიელმა, დიდი პატივისცემა გამოხატა.

მთელი ნეაპოლი ფეხბურთით ცოცხლობს. გარეთ არის დამონტაჟებული დიდი მონიტორები, ერთად უყურებენ თამაშებს და არის დიდი გულშემატკივრობა. ერთ-ერთი მატჩის დროს ხმები ისმოდა და  ქართველებიც ჩავედით ქუჩაში დიდ ეკრანზე საყურებლად. ახალი დაწყებული ჰქონდა კვარას თამაში „ნაპოლიში“ და პირველი გოლი რომ გაიტანა, ხომ ძალიან ემოციური ხალხია ნეაპოლელები, ხმამაღლა გამოხატავენ ყველაფერს, ამაზე საერთოდ სიგიჟე დაემართათ. ჩვენც გაგვიხარდა, რომ ჩვენი თანამემამულე ასეთი აღიარებულია. იმ უბნის ბიჭები, იტალიელები, შევიდნენ მაღაზიაში და კოკა-კოლები, ენერგეტიკული სასმელები, ტკბილეული გამოიტანეს, ჯერ ქალებს ჩამოგვირიგეს ეს კოკა-კოლები, ტკბილეული და თან გვეუბნებოდნენ, მაგარი ბიჭი გყავთო – ასე გამოხატეს პატივისცემა.

გულიანი ხალხია, როგორც ჩანს…

კი, ძალიან კარგი ხალხია. ზოგი უარყოფითად ახასიათებს, მაგრამ მე ძალიან მადლიერი ვარ. 4 წლის განმავლობაში მესამე ოჯახში ვმუშაობ, არიან ქალები, 10-15 ოჯახი აქვთ გამოცვლილი. შენ უნდა მოერგო შენს სამსახურს და როგორღაც ააწყო ურთიერთობა, რა თქმა უნდა, თუ მართლა გაუსაძლისი პირობები არ არის. ახლა ვისთანაც ვმუშაობ, 48 წლის ქალია, სერენა ჰქვია, მამასთან ერთად ცხოვრობს, დედა, სამწუხაროდ, ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა. ამ ქალს პრობლემა აქვს, ეტლში ზის და საუბარიც უჭირს, მაგრამ იმდენად კეთილი ადამიანია, მეტი არ შეიძლება.

მეორედ რომ ჩამოვედი და ფეისბუქში ნახეს ფოტოები, ვისთანაც წინათ ვმუშაობდი, უფრო სწორად, შვილებმა, მომწერეს, თუ უმუშევარი ხარ, ისევ ჩვენთან მოდიო. თუ რამეში დახმარება დაგჭირდეს, ხომ იცი, რომ დაგეხმარებითო. პირველად ვისთანაც ვმუშაობდი, იმ მოხუცი კაცის ქალიშვილი მწერს ხოლმე და მთხოვს, საღამოს კაფეში შევხვდეთ, ვისაუბროთო. სამწუხაროდ, ბაბუა გარდაიცვალა.

საქართველო როგორ ჩანს შორიდან? რა შეიცვალა შენთვის?

მეორედ რომ წამოვედი, ჩვენი დროშა წამოვიღე. საქართველოში არასდროს დავფიქრებულვარ, როგორ მიყვარს ჩემი ქვეყანა და რა გრძნობები მაქვს მის მიმართ, დიდი წვლილიც არ შემიტანია ჩემი ქვეყნის კეთილდღეობაში და ბევრი არაფერი გამიკეთებია მნიშვნელოვანი მისთვის…

რატომაც არა?! ორი არაჩვეულებრივი შვილი გაუზარდე!

ეგ კი, თუმცა განსაკუთრებული არაფერი გამიკეთებია, მაგრამ როცა უცხო მიწაზე, უცხო ქვეყანაში ხარ, აქედან იმდენად გენატრება, მაშინ აცნობიერებ, რა ძლიერ გიყვარს შენი სამშობლო და გული შეგტკივა. ამბობენ, ციხეში როცა ხვდება ადამიანი, იქ აფასებს თავის განვლილ ცხოვრებას, იქიდან სხვანაირად ხედავს ყველაფერს და მომავალსაც უკეთ გეგმავსო. და მეორე – ემიგრაციაში: აქ აფასებ შენს განვლილ ცხოვრებას, დამოკიდებულებას შენი ქვეყნისა და შენი გარემოს მიმართ და სულ ფიქრობ, მომავალში როგორ იცხოვრო. ეს მსგავსება დავინახე ემიგრანტსა და პატიმარს შორის. ამბობენ კიდევაც, რომ ემიგრანტი უვადო პატიმარია, არ იცი, როდის გათავისუფლდები…

ეგ ხომ უკვე შენზეა დამოკიდებული ციხისგან განსხვავებით?

კი, მაგრამ გარემოებებზეც. წინ ოჯახი დგას ყოველთვის, შენი შვილები. იტყვი: „აი, დავამთავრე“, – და მერე: „მოდი, კიდევ ერთი თვე დავრჩები და ბარემ იმასაც ვუყიდი“, მერე „კიდევ ერთი თვე – ამასაც გავუგზავნი“, ამ ერთ თვეს რაღაც პრობლემა მოჰყვება, კიდევ და კიდევ და ასე რჩებიან ქალები აქ წლები…

ნინო, ტრადიციულად, ჩვენს ინტერვიუებს ვამთავრებთ ხოლმე ამ შეკითხვით: რას ეტყოდი ქართველ ემიგრანტებს? ალბათ ბევრს იცნობ და ურთიერთობაც გაქვს.

კი, რა თქმა უნდა, ჯერ ამ სახლში რამდენია, სადაც მე ვარ! აქ არ აქვს მნიშვნელობა, პირველად შეხვდი ქართველს, თუ დიდი ხანია იცნობ. გამარჯობას ყველა ეუბნება ერთმანეთს, თუ დაგჭირდა დახმარება – გზის სწავლება, ბილეთის აღებაში დაკვალიანება თუ სხვა – ისე არ არის, რომ არ გიცნობ და ვერ დაგეხმარები. ყველა ერთი მიწის შვილები ვართ, ყველა ვეხმარებით ერთმანეთს, თუ გინდა ფინანსურადაც.

დასვენება მაქვს კვირადღეს და ყველა გასვლაზე რაღაც ხდება – ხან დაბადების დღე აქვს ვინმეს, ხან, სამწუხაროდ, ვიღაც გარდაიცვლება და იმის მოსახსენიებლად პურმარილს მოიტანენ და ა. შ. ასე ვურთიერთობთ და ერთმანეთს ცხოვრებას ვულამაზებთ.

საუკეთესო მეგობართან – ქეთინო დვალთან ერთად

ყველა ემიგრანტს ვეტყოდი: საკუთარ ოჯახზე, საკუთარ მიწა-წყალზე გემრიელი და ძვირფასი, საუკეთესო სანახავი არაფერია. აქაც ხომ ულამაზესი ბუნებაა და ულამაზესი ადგილები, მაგრამ ჩვენს ქვეყანაზე კარგი და მშვენიერი არა მგონია, სადმე იყოს. ყველა ემიგრანტს ვუსურვებ გამძლეობას, ნერვების სიმშვიდე შეინარჩუნონ. ბევრი მენტალურად ცუდ მდგომარეობაშია და დამამშვიდებელ წამლებს სვამს, რომ ნერვული სისტემა დაიწყნაროს. მათ ვეტყოდი: გამოდით მაგ სამსახურიდან, შეიცვალეთ, როცა გაუსაძლისი სიტუაციაა, ნუ შეაკლავთ თავს, ჯანმრთელობას გაუფრთხილდით! ჩვენ რომ კარგად ვიქნებით აქ, ჩვენი ოჯახის წევრებიც კარგად იქნებიან და ისინი რომ კარგად არიან, ჩვენ აქ დაწყნარებულები ვართ. ყველას ვუსურვებ მშვიდობიან, გაძლიერებულ საქართველოში დაბრუნებას, ჩემს ქვეყანას კი – წელში გამართვას და ფეხზე მყარად დადგომას.

ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის ამბავი გამიხარდა. სერენა მეუბნება, ერთ წელიწადში მიგიღებენ ევროკავშირში, რადგან პატარა ქვეყანა ხართო. არა მგონია, ასე მალე მიგვიღონ, მაგრამ მაინც მიხარია, რომ იტალიელს ჩემს ქვეყანაზე გული შესტკივა.

დიდი მადლობა, ნინო, ასეთი გულწრფელი და ემოციური საუბრისთვის. გისურვებ მალე დაბრუნებას საქართველოში და შენი მიზნების განხორციელებას!

და კიდევ ერთი რამ მინდა გთხოვო ჩვენი მკითხველისთვის: ოჯახში იტალიურ კერძებსაც ხომ ამზადებ? რა მოგეწონა ბოლოს რაიმე უცხო და ჩვენს მკითხველს რეცეპტს ხომ არ გაუზიარებ?

ძალიან მომეწონა Pasta zucca e funghi – მაკარონი გოგრით და სოკოთი, პირველად ვჭამე. აქ პასტას ყოველდღე აკეთებენ და ძალიან გემრიელია. თავიდან კი ვუთხარი სერენას, რაც არ მიყვარს, გოგრა არის-მეთქი, მაგრამ, მოიცა, ნინო, გავაკეთოთ და ნახე, როგორ მოგეწონებაო. მართლაც საოცრად გემრიელი გამოვიდა.

აქაური გოგრა ჩვენებურს არ ჰგავს – ცალკე მოხარშულს ან შემწვარს ვერ შეჭამ, არც ტკბილია და არც გემრიელი, მაგრამ კერძებში კარგია.

ესაუბრა ნინო ლურსმანაშვილი

აი, რეცეპტიც ნინო შუბითიძისგან:

მაკარონი გოგრით და სოკოთი/ Pasta zucca e funghi (4

 ულუფა)

დაგჭირდებათ:

გოგრა – 300 გ (კანის გარეშე)

ქამა სოკო – 300 გ

მაკარონი –   320 გ (სპაგეტის გარდა)

ნაღები (panna) – 100 გ

ნიორი – 2 კბილი

ზეითუნის ზეთი – 4-5 ს. კ.

მარილი და წიწაკა გემოვნებით.

მომზადება:

ქვაბში მოვათავსოთ ზეითუნის ზეთი, ორი კბილი ნიორი და პატარა კუბებად დაჭრილი გოგრა. დავასხათ წყალი ისე, რომ გოგრა მოიხარშოს. წვენი რომ ამოშრება, ამოვიღოთ ნიორი და გადავაგდოთ, მოხარშულ გოგრას დავაყაროთ მარილი გემოვნებით და დავაბლენდეროთ.

ჯერ ცალკე ქვაბში მოვხარშოთ ქამა სოკო, შემდეგ ტაფაზე მოვშუშოთ ცხიმთან ერთად და დავუმატოთ ცოტა მარილი.

გამზადებული სოკო შევურიოთ დაბლენდერებულ გოგრას, რომელიც ქვაბში გვაქვს და 5 წთ ვადუღოთ ნელ ცეცხლზე.

ცალკე მოვხარშოთ მაკარონი ჩვეულებრივი წესით, გავწუროთ და ქვაბში მოთავსებულ გოგრას და სოკოს შევურიოთ. ღრმა თეფშზე გადმოღების შემდეგ დავამატოთ რამდენიმე კოვზი ნაღები (panna) გემოვნებით, ამოვურიოთ. შეგიძლიათ წიწაკითაც შეაზავოთ.

გემრიელად მიირთვით!

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close