რას ამბობენ იტალიელები, რამდენი უნდა გქონდეს ანაზღაურება, რომ უზრუნველად იცხოვრო?
ახალგაზრდა იტალიელებისთვის დღეს ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული პრობლემა არის ისეთი ხელფასის მიღების შესაძლებლობის არარსებობა, რომელიც მათ საშუალებას მისცემს, თვიდან თვემდე უზრუნველად იცხოვრონ: 40 წლამდე ასაკის ახალგაზრდა ადამიანების 62% სწორედ ამ პრობლემას მიიჩნევს პრიორიტეტულად, უფრო ხელშესახებადაც, ვიდრე მაღალი ბინის ქირა (ამ პრობლემას პრიორიტეტულად 13% ასახელებს), კარიერის გაკეთების შესაძლებლობის არარსებობა (13%) ან უმუშევრობა ახალგაზრდებს შორის, რომელიც იტალიაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია (23%) ევროკავშირში.
Adesso!-ს გამოკითხვის შედეგად, რომელიც ტომაზო გრეკოს პროექტს წარმოადგენს, გაირკვა „ღირსეული ხელფასის“ ზღვარი ანუ ის რაოდენობა, რომელიც, გამოკითხვაში მონაწილეთა აზრით, რეალურად იძლევა საშუალებას, რომ იტალიაში უზრუნველად იცხოვრო (ცხოვრების სიძვირისა და ინფლაციის გათვალისწინებით, რომელიც ჯერაც ისევ აქტუალურია(.
40 წლამდე ასაკის ახალგაზრდა ადამიანების 40%-ისთვის ეს „ღირსეული“ ანაზღაურება არის 1700-იდან 1900 ევრომდე (Netto ანუ გადასახადების გამოკლებით, ყოველთვიურად), კიდევ 25% მარჟას უფრო დაბლა სწევს – 1400 ევროდან 1600 ევრომდე; 8%-ისთვის იტალიაში უზრუნველად საცხოვრებლად 1300 ევროც საკმარისია, ხოლო 27% ამბობს, რომ მათ ყოველთვიურად მინიმუმ 2000 ევრო სჭირდებათ ნორმალური, უშფოთველი ცხოვრებისთვის.
ამ შემთხვევაში არსებითი როლი ენიჭება იმას, რომელ რეგიონშია ადამიანი: ცხოვრების ღირებულება ისეთ ქალაქებში, როგორიცაა რომი და მილანი, გაცილებით უფრო მაღალია, ვიდრე პროვინციულ ქალაქებში.
„35 წლამდე ასაკის დაქირავებულ დასაქმებულთა 25%-ზე ნაკლები (ანუ ყოველი მეოთხეზე ნაკლები) 1500 ევროზე მეტს გამოიმუშავებს, ხოლო 43% – 1000 ევროზე ნაკლებს, – ამბობს ტომაზო გრეკო. – ეს საერთოეროვნული ციფრებია: დიდ ქალაქებში საქმე შედარებით უკეთესადაა, საშუალო ხელფასი მაღალია, მაგრამ ისიც მართალია, რომ იქ ცხოვრებაც უფრო ძვირია. სამწუხაროდ, სწორედ აქაა თავმოყრილი ყველაზე მეტი შესაძლებლობა ახალგაზრდა ადამიანებისთვის, რომლებიც ხშირად იღებენ ასეთ ქალაქებში გადასვლის გადაწყვეტილებას, მაგრამ ასე საკუთარი მომავლის აშენება უფრო ძნელია, ზოგჯერ კი – შეუძლებელიც“.
სიტუაცია უფრო მძიმდება მარტოხელების შემთხვევაში, რომლებსაც არ შეუძლიათ ყოველთვიური ხარჯები პარტნიორთან ერთად გაინაწილონ. იტალიაში მარტო მცხოვრები ადამიანი საშუალოდ 1796 ევროს ხარჯავს თვეში – ამაში შედის კვება, ტრანსპორტი, ტანსაცმელი და დასვენება (Adesso!-მ Istat-ის მონაცემები დაამუშავა).
„ახალგაზრდა ადამიანები ითხოვენ მუშაობას ღირსეული ანაზღაურებით და თავიანთი მომავლის აშენებას ისეთივე შესაძლებლობებით, როგორიც მათ თანატოლებს აქვთ ევროპის სხვა ქვეყნებში. იმ შესაძლებლობებით, რომლებიც მათ მშობლებს ჰქონდათ, – განაგრძობს გრეკო. – აშკარაა, რომ თაობა „დაკიდებულია“ (Generazione Sospesa; კომპიუტერული ტერმინიდან – „დაეკიდა“ ანუ შეფერხებულია – რედ.), უფრო სწორად, ორი თაობა, რადგან ეს მარტო მათი პრობლემა არ არის, ვინც ახლა ხდება ზრდასრული, არამედ ეს პრობლემა ეხება მათ ოჯახებსაც და მთელ ქვეყანას. აუცილებელია საგანგებო გეგმა“.
იტალია – არ არის ქვეყანა ახალგაზრდებისთვის: ეს ფრაზა ხშირად ისმის ბოლო ათწლეულებში და ეს მარტო კინემატოგრაფიდან აღებული ციტატა როდია. იტალიაში სკოლებსა და სწავლებაში მშპ-ს მხოლოდ 4%-ს ინვესტირება ხდება.
ციფრები თავისთავად მეტყველებს არსებულ მდგომარეობაზე – ბოლო 10 წლის განმავლობაში იტალიიდან ემიგრაციაში 350 000 ახალგაზრდაზე მეტი წავიდა.
ამ საკითხის განსახილველად მოძრაობა Adesso!-მ მილანში Millepiani di Garbatella-ს სივრცეში მოაწყო შეკრება თემაზე Generazione Sospesa, რომლის ფარგლებშიც ამ პრობლემასთან დაკავშირებით დებატები გაიმართა.
ნინო ხოშტარია
კომენტარები