ხელოვნებაიტალიაკულტურა

ფლორენცია: იხსნება საიდუმლო ოთახი, სადაც მიქელანჯელო სასიკვდილო განაჩენის გამო იმალებოდა (ვიდეო)

1530 წლის ივნისიდან ოქტომბრამდე მიქელანჯელო ბუონაროტი (1475-1564) საიდუმლოდ ცხოვრობდა 10 მეტრი სიგრძისა და 3 მ სიგანის პატარა ოთახში, რომელიც მედიჩების კაპელის ქვეშ მდებარეობს. ამგვარად იგი თავის გადარჩენას ცდილობდა მას შემდეგ, რაც პაპმა კლემენტ VII-მ (საერო ცხოვრებაში – ჯულიო მედიჩი) სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. პაპი მიქელანჯელოს განურისხდა იმის გამო, რომ იგი რესპუბლიკის მთავრობასთან თანამშრომლობდა იმ პერიოდში, როდესაც მედიჩები ფლორენციიდან განდევნილები იყვნენ.

ახლა კი 15 ნოემბრიდან მედიჩების კაპელის მუზეუმი საჯარო პუბლიკისთვის პირველად გახსნის მიქელანჯელოს საიდუმლო ოთახს და საშუალებას მისცემს ფართო საზოგადოებას, დაათვალიეროს კედლებზე არსებული გამოსახულებები, რომლებიც, ჰიპოთეზის თანახმად, მხატვარმა დანახშირებული ხის ჯოხებით დახატა.

ეს ნახატები საზოგადოებას არასდროს უნახავს, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე ექსპერტს და ხელოვნებათმცოდნეს.

ოთახი ერთხელ უკვე გახსნეს მოკლე პერიოდებით და რეგულირების გარეშე 1990-იან წლებში.

ახლა, მისი გახსნიდან 50 წლის შემდეგ, ის პირველად იქნება ხელმისაწვდომი ფართო საზოგადოებისათვის რეგულირებადი წესით, მათ შორის,  მცირე ჯგუფებისთვისაც.

ინიციატივა ექსპერიმენტულია და 2024 წლის 30 მარტამდე გაგრძელდება, ამ დღეს შეფასდება შემდგომი ქმედებები.

რასაკვირველია, საჭიროა ნახატების დაცვა და შენახვის ადეკვატური პირობების შენარჩუნება, რომლებიც აუცილებელია ძვირფასი არტეფაქტების შესანარჩუნებლად.

მონიტორინგი, აგრეთვე, ჩატარდება უახლოეს თვეებში Opificio delle Pietre Dure-სთან ერთად.

მიქელანჯელოს საიდუმლო ოთახი 1975 წელს აღმოაჩინეს, როდესაც პაოლო დალ პოჯეტომ, მედიჩების კაპელის მუზეუმის მაშინდელმა დირექტორმა, რესტავრატორ საბინო ჯოვანონის დაავალა, ჩაეტარებინა საცდელი დალაგება ვიწრო კორიდორში Sagrestia Nuova-ს აფსიდის ქვეშ, წინასწარი დათვალიერების მიზნით. დირექტორი ეძებდა თავისუფალ სივრცეს, რომელიც მუზეუმის ახალი შესასვლელისთვის იქნებოდა შესაფერისი.

მიქელანჯელოს სამალავი, მცირე ზომის ოთახი 1955 წლამდე გამოიყენებოდა, როგორც ხის ნახშირის საწყობი, შემდეგ კი უფუნქციო იყო, დაკეტეს და მის შესახებ დაივიწყეს. ოთახი მდებარეობს იატაკზე არსებული ასახდელი კარის ქვეშ, რომელიც მთლიანად მძიმე ავეჯით იყო დაფარული.

სწორედ აქ, კედლებზე ჩატარებული სინჯების დროს რესტავრატორი ნალესის ორი ფენის ქვეშ კედლის ნახატებს – ფიგურების სერიას წააწყდა, რომლებიც მაშინდელ დირექტორს უმეტესწილად მიქელანჯელოს ნამუშევრებად მიაჩნდა.

პაოლა დ’აგოსტინო, ბარჯელოს მუზეუმის (მოიცავს რამდენიმე სამუზეუმო სივრცეს, მათ შორის, მედიჩების კაპელის მუზეუმსაც) დირექტორი, მიიჩნევს, რომ მხატვარს სურდა, თავისი ნამუშევრების კატალოგი შეექმნა, რადგან არ იცოდა, გამოვიდოდა თუ არა ამ პატარა ოთახიდან ცოცხალი.

„მან დახატა რაღაცები წარსულიდან, თითქოს მეხსიერების ბილიკზე მოგზაურობდა… ეს იყო მისი ნამუშევრების ერთგვარი კატალოგი“, – ამბობს დ’აგოსტინო.

ოთახში სინათლის ერთადერთი წყარო იყო პატარა ფანჯარა, საიდანაც მიქელანჯელოს ქუჩაში გახედვა შეეძლო.

გავრცელებული მოსაზრებით, მიქელანჯელომ საიდუმლო ოთახს თავი შეაფარა მედიჩებისგან, თავისი ყოფილი მფარველებისგან, თავდასაცავად, როდესაც ისინი ფლორენციაში დაბრუნდნენ სახალხო აჯანყების გამო გადასახლების შემდეგ 1527 წელს, რომელსაც თავისუფალი სულის და რესპუბლიკური იდეების ერთგული მხატვარიც შეუერთდა.

იმ პერიოდში, როდესაც მედიჩები განდევნილები იყვნენ ფლორენციიდან, ხანმოკლე რესპუბლიკური მთავრობის დროს, მიქელანჯელო ქალაქის ციხესიმაგრეების მთავარ მეთვალყურედ მუშაობდა. პაპი კლემენტი VII, მედიჩების ოჯახის წევრი, ამის გამო ხელოვანზე განრისხდა და როდესაც ისინი ფლორენციაში დაბრუნდნენ და ძალაუფლება დაიბრუნეს, მიქელანჯელოს მოკვლა ბრძანა.

ბოლოს მედიჩებმა შეიწყალეს იგი და რომის პაპმა გააუქმა მისი სასჯელი, მიქელანჯელოს უზარმაზარი ავტორიტეტის და მისდამი ხალხის პატივისცემის გამო, თანაც პაპს უნდოდა, რომ ხელოვანს სიქსტეს კაპელასა და მედიჩების საოჯახო აკლდამაზე მუშაობა დაესრულებინა.

მედიჩების კაპელის არქიტექტურულ და სკულპტურულ კომპლექსზე მიქელანჯელო 1520-1543 წლებში მუშაობდა, პარალელურად ლაურენციანის ბიბლიოთეკას აპროექტებდა და აშენებდა.

პაოლა დ’აგოსტინო, მუზეუმის ამჟამინდელი დირექტორი, დღეს გვიხსნის, რომ მიქელანჯელოს საიდუმლო ოთახის გახსნა პუბლიკისთვის „ხანგრძლივი, უწყვეტი და რუდუნებით ჩატარებული სამუშაოს შედეგია, რომელშიც სხვადასხვა პროფესიონალი მონაწილეობდა“.

საიდუმლო ოთახში მხოლოდ  და მხოლოდ წინასწარი დაჯავშნის შემდეგ შეუშვებენ ერთდროულად მაქსიმუმ 4 ადამიანს, მაგრამ კვირაში არა უმეტეს 100 კაცისა. ოთახში ყოფნის მაქსიმალური დრო 15 წუთი იქნება და ის არ იქნება ხელმისაწვდომი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებისთვის (ვიწრო კიბის გამო), აგრეთვე, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, 10 წელზე უმცროსი ბავშვებისთვის.

ოთახში შესასვლელი ბილეთი დამატებით 20 ევრო ეღირება, მედიჩების კაპელის მუზეუმის ბილეთის ფასისგან დამოუკიდებლად.

ცნობისათვის: მედიჩების კაპელის მუზეუმი ფლორენციაში სან ლორენცოს ეკლესიის ნაწილია და განუყოფლად არის დაკავშირებული დიდი მიქელანჯელოს სახელთან. ფლორენციელი მმართველების – მედიჩების ოჯახი ყოველთვის მფარველობდა რენესანსის გამოჩენილ მხატვრებს. გამონაკლისი არც მიქელანჯელო ბუონაროტი იყო, რომელსაც კარდინალმა ჯულიო მედიჩიმ (შემდგომში, 1523-1534 წლებში – პაპი კლემენტ VII) 1519 წელს ოჯახის მემორიალური სამლოცველოს შექმნა დაავალა.

მკაცრი სტილის სამლოცველოს შიგნით არის მიქელანჯელოს უნიკალური ნამუშევრები: ძმები მედიჩების – ჯულიანოს, ნემურის ჰერცოგის და ლორენცოს, ურბინოს ჰერცოგის საფლავები, რომლებზეც განთავსებულია დღე-ღამის მონაკვეთების ცნობილი ქანდაკებები: „დილა“ და „საღამო“ – ლორენცოს საფლავზე, ხოლო „დღე“ და „ღამე“ – ჯულიანოს საფლავზე. კაპელაშია, აგრეთვე, მიქელანჯელოს ცნობილი ქანდაკება „მადონა ყრმით“.

მიქელანჯელოს ქანდაკებები – „დილა“ და „საღამო“ ლორენცო მედიჩის საფლავზე.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close