მიგრაციამსოფლიოპოლიტიკა

ბერლინი დეპორტაციას ამარტივებს – რა დაჩქარებული ზომები დაამტკიცა გერმანიის მთავრობამ?

„ვისაც არ აქვს გერმანიაში დარჩენის უფლება, უნდა დატოვოს ჩვენი ქვეყანა”, – განაცხადა გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ნენსი ფეზერმა რამდენიმე დღის წინათ Rheinische Post-თან ინტერვიუში. თითქოს ანბანური ჭეშმარიტებაა: უცხოელს თავშესაფარზე უსაფუძვლობის გამო უარს ეუბნებიან, ბინადრობის ნებართვა არ აქვს, ვიზას ვადა გაუვიდა – კეთილი ინებოს და დაბრუნდეს სამშობლოში!

თუმცა გერმანიის მთავრობამ მხოლოდ ოთხშაბათს, 25 ოქტომბერს, საკმაოდ დიდი შეფერხების შემდეგ, დაამტკიცა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შემოთავაზებული კანონპროექტი, რომელიც მიზნად ისახავს გერმანიიდან იმ პირთა გაძევების პროცედურის გამარტივებას, რომლებმაც მიგრაციის და დევნილთა საქმეების ფედერალური სამსახურისგან (BAMF) მიიღეს უარი თავშესაფრის მინიჭებაზე და წერილობითი ვალდებულება, რომ დატოვონ ქვეყანა.

2022 წლის ბოლოსთვის, სტატისტიკის ფედერალური სამსახურის მონაცემებით, გერმანიაში 13,4 მილიონი უცხოელი ცხოვრობდა, მათგან 3,08 მილიონი დაცვის თხოვნით იმყოფებოდა. მათ შორისაა, დაახლოებით მილიონი უკრაინელი, რომლებიც აქ აფარებენ თავს სამშობლოში საომარი მოქმედებებისგან და რომლებიც თავშესაფრის მოთხოვნის ვალდებულებისგან გათავისუფლებულები არიან.

თუ არ ჩავთვლით სირიელებს, ავღანელებს, ერიტრეელებსა და სომალელებს, სხვა ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობის მოქალაქეებს გერმანიაში თავშესაფრის მიღების მიზერული შანსი აქვთ, თუმცა პრობლემა ის არის, რომ ქვეყანაში რჩებიან ის ადამიანებიც, რომლებმაც უარი მიიღეს თავშესაფრის მოთხოვნის  პასუხად, მაგრამ მაინც არ მიდიან. გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 30 სექტემბრის მდგომარეობით, გერმანიაში იმყოფებოდა 255 330 უცხოელი, რომლებსაც ოფიციალურად უკვე გაეგზავნათ წერილი, რომ დატოვონ ქვეყანა. თუმცა მათმა აბსოლუტურმა უმრავლესობამ (205196) დეპორტაციის გადავადება (ე. წ. დულდუნგი – Duldung) მიიღო სხვადასხვა მიზეზის გამო, თუმცა იმ 50 000-ზე მეტ უკანონო მიგრანტს, რომელსაც არანაირი გადავადება არ მიუღია, მაინც არ დაუტოვებია ქვეყანა და გერმანიაში რჩება.

მიმდინარე წლის პირველ ნახევარში რეალურად გერმანიიდან გააძევეს მხოლოდ 7861 უცხოელი, მთელი 2022 წლის განმავლობაში – 12 945. 2022 წელს დაგეგმილი 23 377 დეპორტი არ განხორციელებულა სხვადასხვა მიზეზის გამო, მათ შორის, ერთი უცნაური მიზეზითაც, რომ ასეთი მგზავრი ავიაკომპანიამ თვითმფრინავში არ აუშვა.

კერძოდ, რა ზომები დაამტკიცა გერმანიის მთავრობამ

შინაგან საქმეთა სამინისტროს კანონპროექტი, რომელიც ოთხშაბათს დამტკიცდა გერმანიის მთავრობის სხდომაზე, ფაქტობრივად, მხოლოდ ამ უცხოელებს უკავშირდება. კანცლერმა ოლაფ შოლცმა ბოლო ინტერვიუში გაზეთ Der Spiegel-თან პირობა დადო, რომ გერმანიიდან „im großen Stil“ (მასობრივად, ფართო მასშტაბით) განდევნის მათ, „ვისაც გერმანიაში დარჩენის უფლება არ აქვს“.

როგორც სხდომის შემდეგ კანცლერის ოფიციალურმა წარმომადგენელმა შტეფენ ჰებეშტრაიტმა განუმარტა ჟურნალისტებს, ერთ-ერთი ასეთი ზომაა, რომ აღარ არსებობს ვალდებულება, წინასწარ აცნობონ დეპორტაციას დაქვემდებარებულ პირს თვითმფრინავით მისი დეპორტაციის დრო. გამონაკლისს წარმოადგენს ოჯახი, სადაც 12 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვ(ებ)ი ჰყავთ.

ზოგიერთ შემთხვევაში, თუ ამას  წარმოშობის ქვეყანა ან ფრენის განრიგი მოითხოვს, პოლიცია დეპორტირებულთა ჰოსტელში ღამით მისვლასაც შეძლებს.

ფართოვდება ძებნის შესაძლებლობები. იმისათვის, რომ იპოვონ და აეროპორტში გადაიყვანონ დეპორტაციას დაქვემდებარებული დევნილი, პოლიციამ უფლება მიიღო, გაჩხრიკოს არა მხოლოდ მისი საერთო საცხოვრებლის, არამედ მეზობელი ოთახებიც, სადაც შეეძლო მას თვითონ დამალულიყო ან პასპორტი დაემალა. გარდა ამისა, უცხოელის ვინაობის დასადგენად პოლიციას მისი მობილური ტელეფონისა და „ღრუბლების“ შიგთავსის დათვალიერება შეეძლება.

სამართალდამცველებს, აგრეთვე, ენიჭება უფლება, დეპორტაციას დაქვემდებარებული პირი 28 დღემდე ჰყავდეს დაკავებული (ნაცვლად არსებული 10 დღისა). დაკავების ცენტრში აღმოჩნდებიან არა მხოლოდ უცხოელი კანონდამრღვევები, რომლებიც ქვეყნიდან უნდა განდევნონ, არამედ, მაგალითად, „მგზავრი“, რომელმაც თვითმფრინავში ჩაჯდომისთანავე ატეხა დებოში და ამ მიზეზით ეკიპაჟმა ის ბორტიდან გააძევა. ასეთ ადამიანს აკავებენ და ემზადებიან ხელახლა დეპორტაციისთვის ბადრაგის თანხლებით. თუმცა ფრენის და ბადრაგის თანხლების ხელახალ ორგანიზებას ხშირად 10 დღეზე მეტი სჭირდება.

მთავრობის კანონპროექტს უფლებადამცველები აკრიტიკებენ და ეწინააღმდეგებიან, მედიაც აცხადებს, რომ დეპორტაციის დაჩქარება პრობლემას ვერ მოხსნის.

ზოგიერთი გერმანელი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ ეს პრობლემა მხოლოდ ევროკავშირის დონეზე ერთობლივად გადაიჭრება. მათი თქმით, საჭიროა ახალი საერთოევროპული თავშესაფრის სისტემა ლტოლვილების სამართლიანი განაწილებით ევროკავშირის ქვეყნებში.

მომზადებულია „დოიჩე ველეს“ მიხედვით

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close