პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი ჩავარდა
დღეს, 18 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხს უყარეს კენჭი. იმპიჩმენტის საკითხი ჩავარდა, რადგან პრეზიდენტის გადაყენებას ფარულ კენჭისყრაზე 86-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ერთმა კი წინააღმდეგ მისცა ხმა.
კანონმდებლობით, პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის პარლამენტის სრული შემადგენლობის ორი მესამედის, 100 დეპუტატის ხმაა საჭირო. კენჭისყრისთვის რეგისტრაცია 90-მა დეპუტატმა გაიარა.
ოპოზიციის ნაწილი, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები დარბაზში არ იმყოფებოდნენ.
საქართველოს კანონმდებლობით, კონსტიტუციის დარღვევის ან ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არსებობის საფუძვლით საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხის აღძვრის უფლება აქვს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს. საკითხი გადაეცემა საკონსტიტუციო სასამართლოს, რომელიც მას განიხილავს და პარლამენტს წარუდგენს დასკვნას ერთი თვის ვადაში.
თუ საკონსტიტუციო სასამართლომ თავისი დასკვნით დაადასტურა თანამდებობის პირის მიერ კონსტიტუციის დარღვევა ან მის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არსებობა, პარლამენტი დასკვნის წარდგენიდან 2 კვირის ვადაში განიხილავს და კენჭს უყრის იმპიჩმენტის წესით მისი თანამდებობიდან გადაყენების საკითხს.
საქართველოს პრეზიდენტი იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენებულად ჩაითვლება, თუ ამ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი (ჩვენს შემთხვევაში 100 დეპუტატი 150-იდან).
პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტთან დაკავშირებით სამართლებრივი ნაწილი მას შემდეგ ამოიწურა, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ 16 ოქტომბერს გამოაცხადა დასკვნა, რომ პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუცია დაარღვია.
შეგახსენებთ, რომ მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წელს გაიმართება ახალი სისტემით და პრეზიდენტს საყოველთაო პირდაპირი ფარული კენჭისყრის ნაცვლად, ღია კენჭისყრით, პირდაპირი დებატების გარეშე, საარჩევნო კოლეგია აირჩევს 5 წლის ვადით.
სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობას 2018 წლის 16 დეკემბრიდან იკავებს.
ნინო ხოშტარია
კომენტარები