სამშაბათს, 17 ოქტომბერს იტალიის ფინანსურმა პოლიციამ (GdF) განაცხადა, რომ დააკავა 58 პირი, რომლებიც იტალიასა და ესპანეთში მოქმედ ნარკოტიკების საერთაშორისო კონტრაბანდის ქსელში იყვნენ ჩართულნი.
პოლიციის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ დაკავებულ პირებს, რომლებიც იტალიელები და ესპანელები არიან, ბრალად ედებათ ფულის გათეთრება და საგადასახადო თაღლითობა. მათ 129 მილიონი ევროს ღირებულების ქონება ჩამოერთვათ.
GdF-ის ცნობით, დაკავების ოპერაციაში ჩართული იყო უწყების 400 თანამშრომელი, რომლებმაც, სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლების ჩართულობით, იტალიაში, შვეიცარიასა და ესპანეთში, ეჭვმიტანილთა ფირმებსა და სახლებში, 96 ჩხრეკა ჩაატარეს.
გამოძიებამ გამოავლინა ქსელი, რომელიც დაახლოებით 30 ტონა ჰაშიშისა და მარიხუანას კონტრაბანდას ეწეოდა. GdF-ის ინფორმაციით, პოლიციამ 42 მილიონი ევროს ღირებულების ნარკოტიკები და 26 მილიონი ევროს ოდენობის ნაღდი ფული ამოიღო.
GdF-ის ცნობით, გამოძიება განსაკუთრებით დაინტერესდა ჩინეთის მოქალაქეებით, რომლებიც კონტრაბანდისტებს ალტერნატიული გადარიცხვის სისტემის საშუალებით ფულის გადარიცხვაში დაეხმარნენ. ეს სისტემა, რომელიც ცნობილია, როგორც Fei-chien და ზოგჯერ „მფრინავ ფულსაც“ უწოდებენ, ისლამური „ჰავალას“ (Hawala) სისტემის მსგავსია.
საინვესტიციო ვებსაიტებზე „ჰავალა“ მოიხსენიება, როგორც რეალური გადაადგილების გარეშე ფულის გადარიცხვის საშუალება. ექსპერტების აზრით, ამ სისტემაში სახსრების მოძრაობისთვის თვალყურის დევნება თითქმის შეუძლებელია, რადგან ოფიციალური ჩანაწერები არ ინახება.
კომენტარები