ჩვენი ფავორიტიინტერვიუკულტურასაქართველო

ლელწამი – კიდევ ერთი მტკიცებულება საქართველოსა თუ თურქეთის ტერიტორიაზე მდებარე ქართული ძეგლების ქართულობის დასაცავად

„ეს არის დამატებითი არგუმენტი, გაბათილდეს ჩვენი სომეხი კოლეგების არაერთგზის მცდელობა, სომხურად მონათლონ ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლები“

5 წლის წინათ, 2018 წლის 18 სექტემბერს 65 წლის ასაკში გარდაიცვალა იოსებ ბანძელაძე, დიდი ქართველი, რომელიც უმნიშვნელოვანეს ქართულ საქმეს უხმაუროდ, თითქმის საკუთარი თავის შეწირვის ფასად აკეთებდა. არქიტექტორ-რესტავრატორმა და მკვლევარმა ფასდაუდებელი ამაგი დასდო ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლების, ეკლესია-მონასტრების შესწავლას და რესტავრაცია-რეაბილიტაციას. მის სახელს უკავშირდება არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი (მათგან ერთ-ერთი ბოლო იყო 2015 წელს აწყურის ციხის რეაბილიტაცია). 

ამ საქმიანობის გარდა იოსებ ბანძელაძეს ეკუთვნის მნიშვნელოვანი აღმოჩენა – ქართული ტაძრების მშენებლობაში გამოყენებული საზომი სისტემის დადგენა. ეს საყურადღებო კვლევა ამ ზაფხულს, ავტორის დაბადებიდან 70 წლისთავზე, წიგნად გამოიცა და პრეზენტაციაც გაიმართა ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში, რომელსაც ფართო საზოგადოება ესწრებოდა.

დღეს გთავაზობთ 2005 წელს ჩაწერილ ინტერვიუს, რომელშიც იოსებ ბანძელაძე ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლების მშენებლობისას ადრეული ხანიდან გამოყენებულ საზომთა სისტემაზე საუბრობს. მის მიერ გამოკვლეული ეს სისტემა ამ ძეგლების წმინდა ქართული წარმომავლობის ერთ-ერთი უტყუარი საბუთია. ინტერვიუდან ბევრ საინტერესო და საყურადღებო ინფორმაციას შეიტყობთ.

ლელწამი – კიდევ ერთი მტკიცებულება ქართული ძეგლების ქართულობის დასაცავად

ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლების წმინდა ქართული წარმომავლობის ერთ-ერთი უტყუარი საბუთია საზომთა სისტემა, რომელიც ადრეული ხანიდან გამოიყენებოდა ქართული ძეგლების მშენებლობისას. ამ სიდიდეთა საზომზე ძალიან საინტერესო და საყურადღებო გამოკვლევა აქვს საქართველოს საპატრიარქოს ხუროთმოძღვრული ნაგებობების რესტავრაციის დეპარტამენტის უფროსს იოსებ ბანძელაძეს.

იოსებ ბანძელაძე გვესაუბრა ქართველი ხუროთმოძღვრების მიერ გამოყენებული საზომი სისტემის შესახებ, რომელიც საკუთრივ ქართულია და რომლის საფუძველზეც არის აგებული საქართველოსა თუ დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე მდებარე თითქმის ყველა ქართული ტაძარი.

იოსებ ბანძელაძე: – რამდენიმე ხნის წინათ ადრეული საუკუნეების ერთ-ერთ ქართულ ტაძარზე, პროპორციათა ანალიზის შედეგად, შემთხვევით აღმოვაჩინე ქართულ სატაძრო მშენებლობაში გამოყენებული მოდულის ზომა და აღვადგინე საზომი ჯოხი – ე. წ. „ლელწამი“. ეს ხელსაწყო წყაროებში დასახელებულია, ოღონდ აქამდე არ ვიცოდი, როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო მისი ეტალონური ზომები. მაგალითად, ბიბლიაში, ეზეკიელის წიგნში აღწერილია ნაბუქოდონოსორის მიერ დანგრეული იერუსალიმი, მთელი მისი ნაგებობით. არის ასეთი ხილვა:

„და აჰა კაცი და ხილვაჲ მისი იყო, ვითარცა ხილვაჲ რვალისა მზინვარისაჲ და იყო საბელი მაშენებლისაჲ ხელსა შორის მისსა და ლელწამი საზომისაჲ ხელსა შინა მისსა … ლელწამი ზომით წყრთათა ექუსთაჲ წყრთითა და გოჯულითა.“ ეს ტერმინები – „წყრთითა და გოჯულითა“ – გვხვდება მე-12 საუკუნის გელათურ ვერსიაში, ხოლო ოშკურ-იერუსალიმურ ვერსიაში არის ასეთი რედაქციით: „წყრთითა და ციდ-ერთ.“ საბელი, ჩვეულებრივი თოკი, გამოიყენებოდა როგორც სისწორის დასაცავად, რომ კედლები ლარში და შვეულში ყოფილიყო გამართული, ისე გეგმისა და სივრცის დაკვალვის მიზნით. რაც შეეხება „ლელწამს“, ეს იყო ხის სწორი ჯოხი, რომლის წიბოებზე ნაჭდევებით იყო აღნიშნული სხვადასხვა – 7 სმ, 8,75 სმ და 13 სმ სიდიდის დანაყოფები.

შეგიძლიათ თქვათ, რომ ეს საზომი მოდული საკუთრივ ქართულია? თუ ქრისტიანობამ შემოიტანა საქართველოში?

ამ საკითხმა, ცხადია, დამაინტერესა და გავეცანი მსოფლიო მეტროლოგიის მასალებს. საზომის საწყისი ანატომიაშია. მანძილის გაზომვა უმარტივესად სრულდება ნაბიჯების ათვლით ანუ ფეხით. აქედან წარმოიშვა ეტალონი ფუტი (ბერძნული პუს, პოდოს). შედარებით მცირე სიდიდეები უფრო ზუსტად იზომებოდა მხარით, წყრთით (პეხიუს), მტკაველით, ციდით; უფრო მცირე – გოჯეულით, გოჯით და თითით. როგორც ადამიანები განსხვავდებიან, ისევე განსხვავებულია ეს ზომები სხვადასხვა სამყაროში და იცვლება როგორც დროში, ისე სივრცეში. მაგ., ეგვიპტური წყრთა 45 სმ-ია, ბერძნული – 46,3 სმ, რომაული – 44,4 სმ. ძალიან შორს რომ არ წავიდე, უამრავი ზომიდან ჩემი ყურადღება მიიპყრო ერთ-ერთმა ცნობილმა სიდიდემ: ეს არის ეგვიპტური სამეფო წყრთის მეოთხედი ნაწილი.

ანთროპომეტრიული ანალიზით დადგინდა, რომ წყრთა (მანძილი იდაყვიდან შუა თითის წვერამდე) შედგება ორი მტკაველისგან (52:2=26 სმ), ხოლო მტკაველი – 2 მუჭისგან (26:2=13 სმ). ანუ ერთ-ერთი გამოვლენილი ზომა სწორედ ეგვიპტური წყრთის მეოთხედს – ჩარექს უდრის. როგორც ჩანს, წყრთა ოთხნაწილედი სიდიდეა. სიტყვის მთავარი ასო „წილი“ ხომ ოთხია („ქებაჲ და დიდებაის“ განმარტებით, „წილი“ – „ესე არს ოთხი, რამეთუ ათასი – ვითარცა ერთი“). ცნობილი მეორე სიდიდეა მცირეაზიული ფუტი, რომელიც უდრის 35 სმ-ს (34,9 სმ-ს). მეტრონომიის ისტორია ამ ორ საზომს (52 სმ და 35 სმ) იცნობს სხვადასხვა სისტემად, მაგრამ, სინამდვილეში, იმის მიხედვით, რაც საქართველოში ბოლნისის მანხუტის ტაძრებში აღმოჩნდა, 7-ისა და 13-ის ჯერადი ეს სიდიდეები ერთი სიდიდის შემადგენელი ნაწილია – ორი წყრთა უდრის სამ ფუტს (52,35 X 2 = 104,7, 34,9 X 3 = 104,7 სმ).

ერთი სიგრძის ჯოხი (ლელწამი) რომ დავყოთ ორ ნაწილად და სამ ნაწილად, ეს სიდიდეები ერთიანდება და საქართველოში ორივე ერთად, ერთდროულად არის გამოყენებული ერთ ელემენტში. ამ გაერთიანებულ საზომ სისტემას იყენებდნენ ქართველი ხუროთმოძღვრები არქიტექტურული ძეგლების მშენებლობისას.

რამდენადაა გავრცელებული ეს სისტემა ქართულ ტაძრებში?

ჩვენ მიერ ჩატარებული გამოკვლევისას დავადგინეთ, რომ ეს საზომი მოდული გამოყენებულია თითქმის ყველა ქართულ ტაძარში, არა მარტო მცხეთის ჯვრიდან დაწყებული, არამედ უფრო ადრეულ, ქრისტიანობამდელ ნაგებობებში. მაგალითად, ვმუშაობდით ძალისის ნაქალაქარზე, რომლის ძირითადი ნაგებობები – დიდი და მცირე აბანოები, საქართველოსთვის უნიკალური საცურაო აუზი, ჰიპოკაუსტიანი დარბაზები, სადაც იატაკთან ერთად, კედლებიც თბება, აუზშადრევნებიანი ატრიუმები, წყალსადენები, საკანალიზაციო სისტემა და სხვ. დაახლოებით ახალი წელთაღრიცხვის მე-2 საუკუნით თარიღდება. ეს რომაული პერიოდის ძეგლია და აშკარად არის კიდეც რომაული ელემენტები, მაგრამ გამოკვლევისას დადგინდა, რომ მთელი მოედნები, სასახლეები – ყველაფერი ამ საზომითაა აგებული. საინტერესოა, რომ საქართველოს საზღვრებს გარეთ არსებულ რომაულ ძეგლებში მსგავსი საზომი სისტემა ჯერჯერობით არ არის აღმოჩენილი. ასევე, ვერ აღმოვაჩინე მსგავსი საზომი სისტემა ვერც სომხურ არქიტექტურულ ძეგლებში. მოგეხსენებათ, სომხებს შესანიშნავი არქიტექტურა აქვთ, მაგრამ იქ სიდიდეთა საზომი სულ სხვაა. ეს არის დამატებითი არგუმენტი, გაბათილდეს ჩვენი სომეხი კოლეგების არაერთგზის მცდელობა, სომხურად მონათლონ ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლები.

ტაო-კლარჯეთის ქართულ ტაძრებში თუ არის გამოყენებული ზემოხსენებული საზომი სისტემა – ქართული მოდული?

შარშან საქართველოს ხუროთმოძღვრული მემკვიდრეობის რესტავრაციის ცენტრმა (ხელმძღვანელი – ივანე გრემელაშვილი) მოაწყო ექსპედიცია თურქეთში ტაო-კლარჯეთის ქართული ეკლესია-მონასტრების ტექნიკური მდგომარეობის შესწავლის მიზნით. ვიზიტი ხანმოკლე იყო, ამიტომ მხოლოდ 6 ტაძრის მონახულება შევძელით – ესენია: ბანა, ოშკი, იშხანი, ხახული, ტბეთი და ოთხთა ეკლესია. ადგილზე გაზომვებით დავრწმუნდი, რომ ყველა მათგანში ასევე გამოყენებულია ძველქართული საზომი სისტემა.

პროპორციული ანალიზით ძეგლის აღდგენა მნიშვნელოვანია რესტავრაციის დროს. ამ მხრივ, დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე მდებარე ქართული ეკლესია-მონასტრები ძალზე საინტერესოა, რადგანაც იქ გუმბათი ყველგან შენარჩუნებულია თავდაპირველი სახით, საქართველოში კი თითქმის ყველგან დანგრეულია.

ოშკის იოანე ნათლისმცემლის საკათედრო ტაძარი; ფოტო: wikimapia

განსაკუთრებით საინტერესოა ოშკი, რომელიც ყველაზე ახლოს დგას ბაგრატის ტაძართან – მისი შემდგომი პერიოდის ნაგებობასთან. ოშკი სივრცის ერთიანობის განუმეორებელ განცდას ქმნის. რა განაპირობებს ამ ერთიანობას? ნაგებობის ქვედა ნაწილის შეფარდება გუმბათთან არის 4:3 (პირობითი ერთეული ამ შემთხვევაში არის გუმბათის რადიუსი). ბაგრატის ტაძრის აგება ერთგვარი პოლიტიკური აქციაც იყო – იგი ერთიანი ქართული სახელმწიფოს დიდებულების სიმბოლოდ უნდა აღმართულიყო. ტაძრის ხუროთმოძღვრის ამოცანა იყო, მარტივი ხერხებით გრანდიოზული შთაბეჭდილება მოეხდინა. ამის მისაღწევად ძირითადი ტანის სიმაღლე ერთი რადიუსით გაზრდილია. თუ ოშკში ქვედა ნაწილის შეფარდება გუმბათთან არის 4:3, ბაგრატის ტაძარში ეს შეფარდება არის 5:3. ე. ი. გამოყენებულია ოქროს კვეთის პრინციპი და დაახლოებით ოშკის გუმბათის პროპორციების მქონე გუმბათი ერთი მოდულით მაღლაა ცაში აჭრილი.

რაც შეეხება ტაო-კლარჯეთის ქართული ტაძრების საზომ მოდულს, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ისიც საკუთრივ ქართულია და ეს ისტორიულ დოკუმენტებთან, ქართულ ეპიგრაფიკულ ძეგლებთან, მხატვრულ-სტილისტურ თავისებურებებთან ერთად, დამატებითი არგუმენტია მათი ქართულობის დასამტკიცებლად.

ესაუბრა ნინო ლურსმანაშვილი

ჟურნალი „სამყარო“, 2005

იოსებ ბანძელაძის წიგნი „ქართული საზომის დადგენის ისტორია – მეტროლოგიური ანალიზი“ ორენოვანია  (ქართულად და ინგლისურად).  PDF ვერსია შეგიძლიათ ნახოთ ბმულზე:https://iverieli.nplg.gov.ge/handle/1234/450471

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close