საქართველოში გლოვის დღეა შოვში მეწყრის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად
გარემოს ეროვნულმა სააგენტომ შოვში განვითარებულ სტიქიურ მოვლენებთან დაკავშირებით პირველადი შეფასება და გრაფიკული მასალა გამოაქვეყნა (ვიდეო)
დღეს, 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებიდან მე-15 წლისთავზე საქართველოში გლოვის დღეა 2023 წლის 3 აგვისტოს ონის მუნიციპალიტეტში, კურორტ შოვში მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად.
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 7 აგვისტოს 00:00 საათიდან 8 აგვისტოს 00:00 საათამდე სახელმწიფო დროშები დაშვებული იქნება.
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებით, შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთათვის საქართველოს ყველა ეკლესიაში დღეს პანაშვიდს გადაიხდიან.
შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, სტიქიის შედეგად 19 ადამიანია დაღუპული. დაკარგულთა ძებნა გრძელდება. დაღუპულთა და დაკარგულთა შორის არიან ბავშვებიც.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა ცოტა ხნის წინ მედიასთან ისაუბრა მიმდინარე სამუშაოებზე და სიახლეებზე: „ამ დროისთვის სტატისტიკურად განახლებული ინფორმაცია არ გვაქვს, ერთი სიახლე გუშინ საღამოს რაც მოგახსენეთ იყო ის, რომ ერთ-ერთი ცხედრის იდენტიფიცირება მოხერხდა, ეს იყო ბოლო განახლებული ინფორმაცია“, – განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.
მისივე თქმით, სტიქიის ზონაში, სადაც ცხედრები აღმოაჩინეს, ადამიანების პირად ნივთებს პოულობენ.
„ამ დილით გვაქვს ასეთ ინფორმაცია, რომ კონკრეტულად იმ პერიმეტრზე, სადაც ცხედრები იპოვეს, ვპოულობთ პირად ნივთებს, ტანისამოსს. ვიმედოვნებთ, რომ როგორც დავგეგმეთ, სწორი მიმართულებით მივდივართ და ვნახოთ, დღის განმავლობაში რა შედეგები გვექნება“, – განაცხადა მღებრიშვილმა.
მღებრიშვილმა უპასუხა მედიის წარმომადგენლის კითხვას გამოძიების დაწყების შესახებ. მისი განმარტებით, ინციდენტის გამოძიება პირველივე წუთებში დაიწყო. „საქმე ორი მუხლითაა აღძრული, თუმცა გამოძიების მიმდინარეობის დროს შეიძლება გადაკვალიფიცირდეს მუხლები. ეს არის გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლი და მეორე 240-ე მუხლი.
ნებისმიერი ინციდენტის დროს მყისიერად იწყება გამოძიება და, რა თქმა უნდა, ეს არის ჩვეულებრივი სტანდარტული პროცედურა, ამაში ახალი არაფერი არის და საერთოდ რატომ გაჩნდა ეს კითხვა, ჩემთვის გასაკვირია“, – განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა,
გარემოს ეროვნულმა სააგენტომ 2023 წლის 3 აგვისტოს მდინარე ბუბისწყლის ხეობაში (მდ. ჭანჭახის აუზი) განვითარებული სტიქიური მოვლენების შესახებ პირველადი შეფასება გამოაქვეყნა.
პირველადი დასკვნით, 3 აგვისტოს, მდინარე ბუბისწყლის ხეობაში ადგილი ჰქონდა სტიქიური გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების თანხვედრას, რამაც გამოიწვია ექსტრემალური ხასიათის ღვარცოფული ნაკადის ფორმირება.
ხეობაში განხორციელებული საველე კვლევების საფუძველზე დადგინდა, რომ მყინვარ ბუბას დასავლეთით, ადგილი ჰქონდა კლდეზვავური მასის ჩამოშლას, რომელიც დინამიკაში მოსვლის შემდეგ შეეჯახა მყინვარს, მოახდინა მისი გარკვეული ნაწილის ჩამონგრევა, რამაც შესაძლოა გამოიწვია მყინვარქვეშა დაგუბებული წყლების გადმოდინება, რის შემდეგაც წარმოქმნილმა ნაკადმა დიდი სიჩქარით დაიწყო მოძრაობა ხეობის კალაპოტში.
დასკვნის თანახმად, აღნიშნულ პროცესს ხელი შეუწყო ბოლო პერიოდში მომატებულმა ჰაერის ტემპერატურულმა ფონმა, კლიმატის ცვლილებით გამოწვეულმა მყინვარების ინტენსიურმა დნობამ და თანმდევმა ატმოსფერულმა ნალექებმა.
პირველად შეფასებას სრულად შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბმულზე.
გარემოს ეროვნულმა სააგენტომ შოვში განვითარებული სტიქიური მოვლენების ამსახველი გრაფიკული მასალაც გამოაქვეყნა:
კომენტარები