ხელოვნებაკულტურასაზოგადოება

მეტისმეტად პროვოკაციულია! – ქალთევზას ახალი ქანდაკება იტალიური ქალაქის მთავარ მოედანზე კრიტიკის და დაცინვის ობიექტი გახდა (ფოტო)

სამხრეთ იტალიაში, ქალაქ მონოპოლიში, რიტა ლევი-მონტალჩინის მოედანზე ქალთევზას ახალი ქანდაკება დადგეს, რომელმაც საზოგადოებაში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ქანდაკება „მეტისმეტად პროვოკაციულად“ შეაფასეს, სოციალურ ქსელებში გავრცელებულ მის ფოტოებს კი ბევრი დამცინავი კომენტარი მოჰყვა.

ქანდაკება იტალიის ქალაქ მონოპოლის ლუიჯი როკოს ხელოვნების სკოლის სტუდენტებმა შექმნეს ადგილობრივი საბჭოს დაკვეთით. მისი ფოტოები ოფიციალურ გახსნამდე ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა და აქტიური კრიტიკა მოჰყვა.

მსახიობმა ქალაქ ბარიდან, ტიციანა სკიავარელიმ დაწერა, რომ მისი მეგობარი მონოპოლში „სამართლიანად არის გაოგნებული ამ ქანდაკების გამო“.

„ქალთევზას ჰგავს სილიკონის ორი ძუძუთი და, პირველ ყოვლისა, უზარმაზარი უკანალით, რომელიც ქალთევზაზე წარმოუდგენელია“, – წერს იგი.

მისი თქმით, სტუდენტ ხელოვანებთან კი არ აქვს პრეტენზია, არამედ ადგილობრივ საბჭოსთან, რომელმაც ეს ნამუშევარი შეუკვეთა.

„მაგრამ ძალიან კი მართობს ეს რაღაცა… ვინ იცის, იქნებ ის ტურისტებისთვის კიდევ ერთი ღირსშესანიშნაობა გახდეს“, – დასძენს მსახიობი ბარიდან.

ხელოვნების სკოლის დირექტორის, ადოლფო მარჩიანოს თქმით, ქალთევზას ქანდაკებაზე საზოგადოების ასეთ რეაქციას არ მოელოდა.

ფოტო: Monopoli Times

იგი განმარტავს, რომ ეს ქანდაკება იმ ქალებს ეძღვნება, რომლებსაც სავსე ფორმები აქვთ და იტალიაში ასეთი ქალები უმეტესობაა.

„ქანდაკება ქალების უმრავლესობას წარმოადგენს, რომლებსაც სხეულის სავსე ფორმები აქვთ. ტელევიზიასა და რეკლამებში ხშირად ვხედავთ ძალიან გამხდარ მოდელებს, მაგრამ ქალთევზას ქანდაკება იმ ქალებს ჰგავს, რომლებსაც რეალობაში, განსაკუთრებით კი, ჩვენს ქვეყანაში ყოველდღიურად ხშირად ვხვდებით. ცუდი იქნებოდა, ჩვენც რომ ძალიან გამხდარი ქალი წარმოგვედგინა“, – განაცხადა მან.

ლუიჯი როკოს ხელოვნების სკოლის დირექტორის თქმით, სტუდენტებმა ქანდაკება სამუშაოზე უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპულ ქალებს მიუძღვნეს, რაც ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ქალთევზას გარეგნობა.

იტალიელმა მსახიობმა, კომიკოსმა, ბლოგერმა და პოლიტიკოსმა ბეპემ, რომელიც მონოპოლიში ცხოვრობს, თქვა, რომ ქანდაკებამ, რომელიც გახსნამდე დაფარული იყო, ბოლო დღეებში ბევრი დისკუსია გამოიწვია, ზოგიერთი ადამიანი კი მას აკრიტიკებს, როგორც „ზედმეტად პროვოკაციულს“.

„ეს სირცხვილია, რადგან სტუდენტი ხელოვანები ქებას იმსახურებენ და არა კრიტიკას“, – თქვა მან.

დაახლოებით წლინახევრის წინათ კიდევ ერთმა ქალის ქანდაკებამ გამოიწვია აჟიოტაჟი იტალიაში. 2021 წლის სექტემბერში მე-19 საუკუნის ლექსის პერსონაჟის, გამჭვირვალე კაბაში ჩაცმული ქალის ქანდაკების დადგმას კამპანიის სამხრეთში, საპრიში (სალერნოს პროვინცია), დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა, ავტორი სექსიზმში დაადანაშაულეს. ქანდაკების გახსნას მაშინდელი პრემიერ-მინისტრი ჯუზეპე კონტე დაესწრო.

მოქანდაკე ემანუელე სტიფანოს ეს ნამუშევარი ეძღვნება ლუიჯი მერკანტინის ცნობილ ლექსს La Spigolatrice di Sapri („თავთავების შემგროვებელი ქალი საპრიდან“), რომელიც პოეტმა 1857 წელს დაწერა. ლექსში ერთ-ერთი პირველი იტალიელი მოაზროვნე -სოციალისტის, კარლო პიზაკანეს მიერ ნეაპოლის სამეფოს წინააღმდეგ მოწყობილ წარუმატებელ ექსპედიციაზეა მოთხრობილი. შეგახსენებთ, რომ ლუიჯი მერკანტინი არის, აგრეთვე, ცნობილი „გარიბალდის ჰიმნის“ (Inno di Garibaldi) ავტორი.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close