ტექნოლოგიები

რა ღირს სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ? – ბიზნესი, რომელიც „ბედნიერი გამოღვიძების“ იმედს ყიდის

სიკვდილის შემდეგ ცხედრის გაყინვა $28 000 ეღირება – იდეის ავტორი ვისკონსინის შტატში მდებარე კრიონიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელი დენის კოვალსკია. მისი თქმით, შეთავაზებით 200 ადამიანი უკვე დაინტერესდა.

მისი „პაციენტები“ ის ადამიანები არიან, რომელთაც სჯეროდათ, ან რომელთა ახლობლებიც მიიჩნევენ, რომ მომავალში მეცნიერები გარდაცვლილი ადამიანის გაცოცხლებას შეძლებენ.

მსოფლიოში უკვე დაახლოებით 400 ადამიანის და 200 ცხოველის ცხედარია გაყინული.

გაყინვის ტექნოლოგიის სახელწოდებაა კრიონიკა (ბერძ.κρύος – „სიცივე“, „ყინვა“). ამ ტექნოლოგიისადმი დამოკიდებულება არაერთგვაროვანია – მას ბევრი კრიტიკოსი ჰყავს.

ზოგისთვის ცხედრის გაყინვა მორალური და ეთიკური თვალსაზრისით მიუღებელია, ზოგს ეს  ტექნოლოგია ფსევდომეცნიერულად მიაჩნია, თუმცა არიან ისეთი მეცნიერებიც, რომლებიც ამტკიცებენ, რომ გაყინვით შესაძლებელია შემდგომი აღდგომისთვის ადამიანის ტვინის ყველა ფუნდამენტური  სტრუქტურის შენარჩუნება. ახლა ამ მიმართულებით სულ უფრო და უფრო მეტი ახალი კვლევა ტარდება.

კრიონიკა მე-17 საუკუნიდან იღებს სათავეს. სწორედ იმ პერიოდში დაიწყეს ცხოველების გაყინვა მათი გამოღვიძების მიზნით. მე-18 საუკუნის მეორე ნახევარში ინგლისელმა ექიმმა-ქიმიკოსმა ჯონ ჰანტერმა წამოაყენა ჰიპოთეზა, რომ ადამიანის სიცოცხლის გახანგრძლივება ნებისმიერი ვადით იყო შესაძლებელი, თუ მას გაყინავდნენ და მეტაბოლიზმს შეაჩერებდნენ.

მეოცე საუკუნეში კრიოპროტექტორად რთულ სამატომიან სპირტს – გლიცერინს იყენებდნენ, თუმცა მისი მეშვეობით ქსოვილების მხოლოდ მცირე ფრაგმენტებს ყინავდნენ.

1956 წლიდან გლიცერინთან ერთად თხევადი აზოტის გამოყენებაც დაიწყეს. თანამედროვე კრიონიკას კი საფუძვლად დაედო რობერტ ეტინგერის 1964 წელს გამოქვეყნებული წიგნი „უკვდავების პერსპექტივა“.

1967 წელს გაყინეს პირველი ადამიანი – ფსიქოლოგიის პროფესორი ჯეიმს ბედფორდი, რომელიც ფილტვის კიბოთი გარდაიცვალა. ამჟამაად მის გაყინულ სხეულს კომპანია Alcor Life Extension Foundation-ში ინახავენ. ამ ტექნოლოგიის მომხრეების საზოგადოებაში „ბედფორდის დღეს“ აღნიშნავენ, როდესაც პროფესორი გაყინეს.

დღემდე არ არსებობს არცერთი მტკიცებულება, რომ მეცნიერები ოდესმე მიცვალებულის გაცოცხლებას შეძლებენ, თუმცა ამის მიუხედავად არიან ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ ერთ დღესაც სიცოცხლეს დაუბრუნებენ.

ეს იმედი უკვე სარფიან ბიზნესად იქცა არა მარტო აშშ-ში. რუსული კომპანია KrioRus-ი გარდაცვლილი ადამიანების ტვინებსა და სხეულებს გარკვეული თანხის სანაცვლოდ გაყინულ მდგომარეობაში ინახავს. კომპანიას ამჟამად 71 ადამიანის ტვინი აქვს გაყინული. რუსეთის იმ მოქალაქეებს, რომლებსაც კრიონიკის პროცედურის საშუალებით მთლიანი სხეულის გაყინვა სურთ, 36 000 აშშ დოლარის, იმავე მეთოდით ტვინის გაყინვისთვის კი 15 000 აშშ დოლარის გადახდა მოუწევთ, ფასი შედარებით მაღალია სხვა ქვეყნების მოქალაქეებისთვის.

KrioRus-ის დირექტორი ვალერია უდალოვა ამტკიცებს, რომ დიდი ალბათობით, კაცობრიობა განავითარებს ტექნოლოგიას, რომლითაც მომავალში გარდაცვლილი ადამიანების გაცოცხლება გახდება შესაძლებელი. მისივე თქმით, კომპანიასთან ხელშეკრულება ასობით პოტენციურ კლიენტს აქვს გაფორმებული, რომლებიც 20-მდე სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები არიან.

KrioRus-ი, როგორც თავად ამბობენ, რუსეთსა და რეგიონში ერთადერთი კომპანიაა, რომელიც მოქალაქეებს კრიონიკის მომსახურებას სთავაზობს, აშშ-ში კი მას, სულ ცოტა, 2 კონკურენტი კომპანია ჰყავს.

ერთ-ერთი სწორედ ვისკონსინის შტატში მდებარე კრიონიკის ინსტიტუტია. მის ხელმძღვანელს, დენის კოვალსკისაც სჯერა, რომ უკიდურესად დაბალი ტემპერატურის შედეგად შექმნილ პირობებში ქსოვილის შენარჩუნება საუკუნეების განმავლობაშია შესაძლებელი, მთავარია სხეული იდეალურად შეინახონ.

პროფესორ კოვალსკის იდეაა, ბიუროკრატიული პროცედურა გამარტივდეს, მომსახურება ფინანსურად ხელმისაწვდომი იყოს და სხეულის გაყინვა ოჯახის გადაწყვეტილებითაც შესაძლებელი გახდეს.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close