კრიმინალისაქართველო

ბრიტანული THE TELEGRAPH-ი საქართველოდან მოპარული ჩვილების შესახებ წერს

ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ი საერთაშორისო გაშვილების საკითხზე სტატიას აქვეყნებს, სადაც ერთ თავს საქართველოდან მოპარულ ჩვილებს უძღვნის.

„შეცდომით მკვდრად გამოცხადებული ჩვილები“

„თუ ოდესმე შეგხვედრიათ ვინმე, ვინც მე მგავს, გულით გთხოვთ, დამიკავშირდეთ“, – წერს მარიამ კობელაშვილი ფეისბუქის ქართულ ჯგუფში, რომელიც მიზნად ისახავს დაბადებისას მოპარული ბავშვების გაერთიანებას.

მარიამი ერთ-ერთია ორი იდენტური ტყუპისცალიდან, რომლებიც1990 წლის დეკემბერში თბილისის მთავარ სამშობიაროში დაიბადნენ.  მიუხედავად იმისა, რომ ორივე ჩვილი ჯანმრთელი იყო, მარიამის დედას უთხრეს, რომ ერთი გარდაიცვალა და მან საავადმყოფო ორის ნაცვლად მხოლოდ ერთ შვილთან ერთად დატოვა.

ახლა, 32 წლის შემდეგ, მარიამი თავის ტყუპისცალ დას ეძებს და დარწმუნებულია, რომ ის სამშობიაროდან თანხის სანაცვლოდ გააშვილეს.

„სავარაუდოდ, ჩვენ ბევრი ადამიანის ბედი გავიზიარეთ, რომლებმაც არ იციან, რა დაემართათ მათი ოჯახის წევრებს“, – ამბობს იგი.

მარიამ კობელაშვილი

გაშვილების ეს ქართული სქემა 1980 წლიდან 2005 წლამდე მოქმედებდა. ფიქრობენ, რომ ასობით ჩვილი ტყუილად გამოაცხადეს გარდაცვლილად საავადმყოფოს ექიმებმა და ექთნებმა, სანამ მათ თანხის სანაცვლოდ გააშვილებდნენ ქვეყნის შიგნით ან მის ფარგლებს გარეთ.

მხოლოდ ახლა, მრავალი წლის შემდეგ მშობლები იგებენ, რომ მათი შვილები, რომლებზეც უთხრეს, რომ გარდაიცვალნენ, ცოცხლები არიან და დნმ-ის ტესტებს იყენებენ მათთან ბიოლოგიური კავშირის დასამტკიცებლად.

მარიამ კობელაშვილი პატარაობისას

FB-ჯგუფის „ვეძებ“ დამფუძნებელი თამუნა მუსერიძე, რომელმაც ეს სკანდალური ამბავი სააშკარაოზე გამოიტანა,  ამბობს, რომ დანაშაულებრივ სქემა საქართველოს რამდენიმე საავადმყოფოში მუშაობდა.

საბჭოთა კავშირის დაშლამდე ბიჭებს, როგორც წესი, საქართველოში 1500 მანეთად ყიდდნენ, ხოლო გოგონებს – 1000 მანეთად. ეს დაახლოებით ერთი წლის ხელფასი იყო.

„1993 წლიდან ყოველთვიურად 20-30 ბავშვი გაჰყავდათ ქვეყნიდან“, – ამბობს თამუნა მუსერიძე გაშვილების სააგენტოების წარმომადგენლებზე დაყრდნობით, რომლებმაც ვინაობის დასახელება არ ისურვეს.

„როგორც ვიცით, ბოლო შემთხვევა 2005 წელს დაფიქსირდა. მაღალი ფასი იყო მიზეზი, რის გამოც მათ უცხოეთში ჩვილების გაყიდვა დაიწყეს. უცხო ქვეყნებიდან ჩამოსული ოჯახები [ერთ ბავშვში] დაახლოებით $20,000-ს იხდიდნენ“.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close