ლეგენდარული ამერიკელი ასტრონავტი ბაზ ოლდრინი 93 წლის ასაკში დაქორწინდა
„მშობლებს გამოქცეული თინეიჯერებივით აღელვებულები ვართ“
ყოფილი ამერიკელი ასტრონავტი ბაზ ოლდრინი 93 წლის ასაკში დაქორწინდა. საქორწილო ცერემონია 20 იანვარს ლოს-ანჯელესში გაიმართა. ამავე დღეს ოლდრინი 93 წლის გახდა.
ქორწილის შესახებ პოსტი ოლდრინის მიკრობლოგ ტვიტერზე გამოქვეყნდა: „ჩემს 93-ე დაბადების დღეზე მოხარული ვარ გაუწყოთ, რომ ჩემი დიდი ხნის სიყვარული, ანკა ფაური და მე დავქორწინდით. ერთმანეთს წმინდა ქორწინებით დავუკავშირდით პატარა კერძო ცერემონიაზე ლოს-ანჯელესში და მშობლებისგან გამოქცეული თინეიჯერებივით აღელვებულები ვართ“, – დაწერა ოლდრინმა.
მის პოსტს უამრავი გამოხმაურება მოჰყვა. კომენტარებში ასტრონავტს ასე მოსწრებულადაც ულოცავენ: You must be over the moon! (ქართული შესატყვისი: „მეცხრე ცაზე უნდა იყოთ [ბედნიერებისაგან]“, სიტყვა-სიტყვით კი ასე ჟღერს: „მთვარეზე უნდა იყოთ [ბედნიერებისაგან]).
როგორც ცნობილია, ბაზ ოლდრინი და ნილ არმსტრონგი პირველები იყვნენ მსოფლიოში, ვინც მთვარეზე ფეხი დადგა.
On my 93rd birthday & the day I will also be honored by Living Legends of Aviation I am pleased to announce that my longtime love Dr. Anca Faur & I have tied the knot.We were joined in holy matrimony in a small private ceremony in Los Angeles & are as excited as eloping teenagers pic.twitter.com/VwMP4W30Tn
— Dr. Buzz Aldrin (@TheRealBuzz) January 21, 2023
ყოფილი ასტრონავტისთვის ეს მეოთხე ქორწინებაა. მას პირველი ქორწინებიდან 3 შვილი ჰყავს. ანკა ფაური მეუღლეზე 30 წლით პატარაა. იგი 2019 წლიდან მუშაობს ბაზ ოლდრინის კომპანიაში Buzz Aldrin Ventures LLC, სადაც ამჟამად ვიცე-პრეზიდენტის პოსტს იკავებს.
ბაზ ოლდრინი მთვარეზე მსოფლიოში პირველი წარმატებული დაშვების მისიის, Apollo 11-ის ეკიპაჟის ერთადერთი ცოცხალი წევრია. მაიკლ კოლინზი 2021 წლის 28 აპრილს გარდაიცვალა 90 წლის ასაკში, ნილ არმსტრონგი კი – 2012 წლის 25 აგვისტოს, 82 წლისა.
Apollo 11 სამი ამერიკელი ასტრონავტით – ნილ არმსტრონგი (ხომალდის მეთაური), მაიკლ კოლინზი (მთავარი ბლოკის პილოტი) და ბაზ ოლდრინი, რომელიც მთვარის ნაწილის პილოტი იყო ამ მისიაზე – მთვარეზე 1969 წლის 20 ივლისს დაეშვა.
ბაზ ოლდრინი მთვარეზე ნილ არმსტრონგის შემდეგ გადავიდა 1969 წლის 21 ივლისს გრინვიჩის დროით. მან დედამიწის თანამგზავრის ზედაპირზე ერთი კილომეტრი გაიარა.
2002 წელს ოლდრინს ინციდენტი შეემთხვა – მან ყბაში უთავაზა სცენარისტ ბარტ სიბრელს, რომელიც მოითხოვდა, ოლდრინს კამერის წინ ბიბლიაზე დაეფიცებინა, რომ მთვარეზე გადასვლა დადგმული სცენა არ იყო. შეთქმულების თეორიის მომხრე სიბრელს მიაჩნდა, რომ ასტრონავტები მთავრის ზედაპირზე არ გადასულან და მთელ მსოფლიოში გავრცელებული კადრები კინოსტუდიაში იყო ჩაწერილი. ოლდრინმა მაშინ შეძლო, სასამართლოსთვის თავი აერიდებინა.
ნუცა ყაველაშვილი
კომენტარები