„სუფლიორ, ტიშე!“ – ქართული თეატრალური კურიოზები
თოთხმეტი იანვარი ქართული თეატრის დღეა. ვულოცავთ ქართველ თეატრალებს პროფესიულ დღესასწაულს, შემოქმედებით წარმატებებს ვუსურვებთ და გთავაზობთ სახალისო, კურიოზულ ამბებს წარსულიდან – კერძოდ, მეცხრამეტე საუკუნის დასასრულისა და მეოცე საუკუნის დასაწყისის ქართული თეატრის ისტორიიდან, როდესაც სცენას ამშვენებდნენ უდიდესი მსახიობები: მაკო საფაროვა-აბაშიძისა, ნატო გაბუნია, ვასო გოძიაშვილი, ვალერიან გუნია, ლადო მესხიშვილი და სხვები.
„სუფლიორ, ტიშე!“
ალბათ ბევრმა არც იცის, რომ ცნობილი ქართველი პოეტი იოსებ გრიშაშვილი თეატრში მოკარნახედ მუშაობდა. მას მსახიობებისათვის უნდა ეკარნახა არა მარტო მისთვის განკუთვნილი სიტყვები, არამედ რემარკებიც: ადექი, დაჯექი, მიდი, მოდი, წადი, აკოცე, გაიცინე და ა. შ. ამის გამო ბატონ სოსოს არაერთი კურიოზი გადახდენია თავს. ერთ-ერთ მათგანს იგი ასე იხსენებდა:
„ვთამაშობდით ვალერიან გუნიას ისტორიულ პიესას „და-ძმა“, სცენა წარმოადგენდა ციხეს. პატიმრებს ეძინათ. მათ შორის იყო მარინეს ძმა, გაიოზიც. შემოდის აღელვებული და თმაგაწეწილი მარინე (აფხაზიშვილი). ყურები ჩამოყრილი თმებით აქვს დაფარული, ღელავს, ვკარნახობ სიტყვებს, მაგრამ არ ესმის. გაფაციცებით დარბის სცენაზე, პატიმრებს შორის დაეძებს ძმას, რომ ციხიდან ჩუმად გააპაროს. მარინე მალიმალ ფეხებს მიბაკუნებს. ეს ნიშნავს, არ მესმის და სიტყვები ხმამაღლა მითხარიო. ხმამაღლა რომ ვუკარნახო, საზოგადოება მიწყრება: „სუფლიორ, ტიშე!“, ის კი ფეხების ბაკუნს განაგრძობს. ბოლოს, გაბრაზებულმა მივაძახე: „გადაიწიე ეგ თმები და გაიგებ, რაღა!“ მარინეს ეს ფრაზა პიესიდან ეგონა და მძინარე გაიოზს მიმართა: „გაიოზ, გაიოზ, გადაიწიე ეგ თმები და გაიგებ, რაღა!“
„მიირთვი, ბატონო ნიკო!“
ძველად თეატრს არა მარტო საქართველოში, არამედ ყველა სხვა ქვეყანაში სანთლებით ანათებდნენ. მოგვიანებით სანთლები ნავთის ლამპებმა შეცვალეს, მაგრამ მათი არსებობა მეტად სახიფათო იყო, რადგან ყოველ წუთს შეიძლებოდა ხანძარი გაჩენილიყო, ამიტომ ნავთის ლამპებს მეთვალყურეობდნენ. სწორედ სცენის განათებასთან არის დაკავშირებული ცნობილი ქართველი მსახიობის, ნიკო გოცირიძის მოგონება:
„უჩვენებდნენ სპექტაკლს „პარიზის ღარიბ-ღატაკნი“. მე გასტონს ვთამაშობდი. პიესის მიხედვით, საღამო ხანს უნდა შევიდე ოთახში, სანთელი ავანთო და ოთახი გავანათო. მართლაც, გავკარი ასანთი, ავანთე სანთელი, მაგრამ უცებ ის მაგიდიდან გადმოვარდა და ჩაქრა. ცხადია, თუ სანთელი ჩაქრა, სცენა უნდა დაბნელებულიყო, მაგრამ თეატრს ამგვარი ტექნიკური მოწყობილობა არ ჰქონდა და სცენა, ჩვეულებრივ, განათებული დარჩა. ვითომ ბნელოდა, დავიწყე იატაკზე ხელების ფათური და სანთლის ძებნა. სანთელი იქვე, იატაკზე ეგდო, მაგრამ რაკი სიბნელე უნდა ყოფილიყო, განზრახ არ ვამჩნევდი მას და ძებნას განვაგრძობდი. უცებ დარბაზიდან ხმა მომესმა: „ძია ნიკო, აგერ, მარცხნივ გდია სანთელი!“
მე ვითომ ვერ გავიგე, იატაკზე ხელების ფათური გავაგრძელე. „მარცხნივ, მარცხნივ, ძია“, – დარბაზიდან კვლავ გაისმა შეძახილები. მე იხტიბარს არ ვიტეხ, არ მინდა, როლი გავაფუჭო და განვაგრძობ სანთლის ძებნას. უცებ ვიღაც ბრგე კაცმა ამოალაჯა სცენაზე, დასწვდა სანთელს, მომაწოდა და მითხრა: „მიირთვი, ბატონო ნიკო!“ – და ძალიან კმაყოფილი, რომ ძია ნიკოს დაეხმარა, სცენიდან ჩავიდა და თავისი ადგილი დაიკავა“.
„სამსახური ღამით“
დიდი ქართველი მსახიობის, მაკო საფაროვას გამოჩენას სცენაზე აკაკი წერეთელსა და სერგეი მესხს უნდა ვუმადლოდეთ. მომავალი მსახიობის ბებია არათუ ქალის არტისტობის, არამედ მისი განათლების პრინციპული მოწინააღმდეგე იყო. იგი ამბობდა, ჩვენს ქალებს სწავლა არ უნდაო. ოჯახის დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად მაკო მაინც გამოვიდა სცენაზე. მისი დებიუტი დიდი წარმატებით დაგვირგვინდა. იგი ბედნიერებისაგან ფრთაშესხმული დაბრუნდა სახლში, სადაც ბებიამისი მოთქმით ტიროდა. მან სიძეს წერილი მისწერა: „შვილო, მიხეილ! დიდი უბედურება და სირცხვილი დაატყდა თავს ჩვენს ოჯახს. ვიცი, შვილო, ეს ამბავი თავზარს დაგცემს, მაგრამ როდემდე დაგიმალო, ხომ მაინც გაიგებ – შენს ქალბატონ მაკოს მე თავი ვეღარ დავუჭირე და გავარდა! – ვაი, შენსა და ჩემს მოსწრებას, – გავარდა და პირდაპირ ტეატრში შევარდა!“
მაკომ ამ წერილის შესახებ გვიან შეიტყო და დასამშვიდებლად მამას პირველივე ბენეფისის შემდეგ მისწერა: „ცუდ ადგილას არ შევსულვარ, არამედ ისეთ სამსახურში შევედი, რომ ღამეში სამოც თუმნამდე ფული და საჩუქარი მივიღე“. ამ წერილმა კიდევ უფრო გადარია მიხეილ საფაროვი. გამძვინვარებული შვილს სწერდა: „მამა გიცხონდება, კარგ ხელობას დასდგომიხარ, თუ ღამეში სამოც თუმანს იღებ! ეგ რა მამაძაღლური სამსახურია ისეთი, რომ ღამით არის და არა დღისით? თავი დაანებე მაგ სამსახურს, თორემ თუ ჩამოვედი, მამაჩემი სოლომონი არ წამიწყდება, სულ მათრახის წვერით აგაჭრელებ“.
ოჯახი მაკოს მხოლოდ მას შემდეგ შეურიგდა, რაც იგი ვასო აბაშიძის მეუღლე გახდა.
„იფ, კნიაზჯან!“
სწორედ ვასო აბაშიძის სახელთანაა დაკავშირებული ერთი ტრაგიკომიკური კურიოზი. ერთხელ, როდესაც ეკონომიკური გაჭირვების გამო ქართულ თეატრს დახურვის საფრთხე დაემუქრა, ვასო აბაშიძე და კოტე მესხი ცნობილ ბანკირ ივანე ბაგრატიონ-მუხრანსკისთან (მუხრანბატონთან) მისულან და სპექტაკლის დასადგმელად სესხად 500 მანეთი უთხოვიათ. თურმე მუხრანბატონმა გაიცინა და ვასო აბაშიძეს ჰკითხა, შენ არ იყავი, გუშინწინ წარმოდგენის დროს რომ შეხტი, შემობზრიალდი და ყველანი გააცინეო? „მე ვიყავი“, – უპასუხა მსახიობმა. „აბა, ახლაც შეხტი, შემობზრიალდი და ფულსაც მიიღებ“. შეურაცხყოფილი აბაშიძე სიბრაზისგან აცახცახდა, მესხმა კი იფიქრა, შეიძლება ამ შემთხვევით ვისარგებლოთო და აბაშიძეს ჩასჩურჩულა: „რა გენაღვლება, შეხტი, ეგებ ფული დავტყუოთ“. ბატონი ვასოც მიუხვდა გულისწადილს და, სიბრაზისგან გაწიწმატებული, უფრო გამეტებით შეხტა, ცალ ფეხზე შემოტრიალდა და თან დააყოლა: „იფ, კნიაზჯან!“ მუხრანბატონს სიცილი აუტყდა და ქართველ მსახიობებს 500 მანეთი უფეშქაშა.
თამარ ოთიაშვილი
კომენტარები