აჟიოტაჟი ლევილის მამულის გარშემო – როდის, რა, როგორ კეთდება, თუ ვერ (არ) კეთდება მამულში?
პარიზიდან 37 კილომეტრში მდებარე 45 000 კვადრატული მეტრი ფართობის ისტორიული მამულის საქართველოსათვის გადმოცემის აქტს 2016 წლის 23 სექტემბერს მოეწერა ხელი, რითაც დასრულდა 25-წლიანი ისტორიული პროცესი და მამული საქართველოს დაუბრუნდა. სახელწიფომ მამული სავალალო მდგომარეობაში ჩაიბარა. მისი რეაბილიტაციისთვის საქართველომ 5,6 მილიონი ევრო გამოყო. რა გაკეთდა, რა არ ან ვერ გაკეთდა, დაწვრილებით გაიგებთ, თუ ბლომდე ჩაიკითხავთ ამ ვრცელ მასალას. nostal.ge სრულად გთავაზობთ ყველა იმ მასალას, რაც ქართულ მედიაში ბოლო სამი დღის განმავლობაში გავრცელდა.
აჟიოტაჟის მიზეზი კი გახდა ვიდეო , რომელიც მოქალაქე ვახტანგ ბარამაშვილმა ლევილის მამულიდან Facebook-ზე გაავრცელა. მისი თქმით, განადგურებულია მნიშვნელოვანი მასალა.
„ასე გამოიყურება ლევილი დღეს. შენობა ჩამონგრეულია და წყალი ჩადის, სახურავზე ყრია წიგნები და ხელნაწერები. ექვთიმე თაყაიშვილის ღირსეული მემკვიდრეები გამოვდექით“, – დაწერა კიდევ ერთმა მომხმარებელმა და ფოტოები გაავრცელა.
ვახტანგ და თამარ ბარამაშვილების მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება ლევილის მმართველი საბჭოს წევრი, ტიერი ბერიშვილი:
„ძალიან ბევრი კითხვა მიჩნდება თქვენთან დაკავშირებით და ეს კითხვები განსაკუთრებით შეეხება თქვენს მცდელობას, დაამახინჯოთ რეალობა. საფრანგეთში მე შემიძლია ასეთი სიცრუისა და ცილისწამებისთვის გიჩივლოთ! ხომ არ თვლით, რომ როგორც საქართველოს მოქალაქეს, შემიძლია საქართველოშიც გიჩივლოთ?“ – წერს ბერიშვილი და მათ ღია წერილით მიმართავს.
„ქართველმა მეგობრებმა საქმის კურსში ჩამაყენეს ამ დღეებში ფეისბუქით თქვენ მიერ გავრცელებული ინფორმაციის შესახებ. როგორც გურულს, მაშინვე გამიჩნდა სურვილი, თქვენთვის მეპასუხა, იმიტომ რომ თქვენი ვიდეო და სიტყვები შეცდომაში შემყვანი, შეურაცხმყოფელი და ანტიპატრიოტულია! თუმცა ნახევრად ფრანგი ვარ და ამან მაიძულა, კარგად გამეანალიზებინა თქვენი სიცრუე და დავფიქრებულიყავი მნიშვნელოვან საკითხზე : „რა არის თქვენი ინტერესი?“. ასეც მოვიქეცი.
რამდენიმე წინასწარი შენიშვნა:
ჩემს რამდენიმე ქართველ მეგობარს ვთხოვე, რომ კარგად გაეანალიზებინათ თქვენი ე.წ. არგუმენტები და ახლა აბსოლუტურად მშვიდად შემიძლია გიპასუხოთ, თუმცა ძალიან გაბრაზებული ვიყავი ამდენ უაზრობაზე, ტყუილზე, სისულელეზე და სიბრმავეზე თქვენი მხრიდან.
ჩვენ ვიმუშავეთ, ვმუშაობთ და ვიმუშავებთ ლევილის ცენტრის სრულყოფილ განვითარებამდე.
მაპატიეთ, მაგრამ თუ თქვენ ეს არ იცით, როგორ გაიგებთ იმას, რაც ლევილში ხდება?
რამდენიმე სამართლებრივი შენიშვნა:
თქვენ ყოველგვარი ნებართვის გარეშე შეიჭერით კერძო საკუთრებაში. არ გქონიათ არც კულტურის სამინისტროს, არც მმართველი საბჭოს ნებართვა, რაც მნიშვნელოვანი იურიდიული ფაქტორია. სამუშაოების გამო გაღებულ ჭიშკარზე ხომ ნამდვილად წერია, რომ მამული კერძო საკუთრებაა.
თქვენ იქ მაინც შეხვედით!
თქვენს ფეისბუქგვერდზე გიწერიათ, რომ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი ხართ.
სხვა თუ არაფერი, ეს წოდება უნდა მოგიწოდებდეთ კანონის დაცვისკენ! საფრანგეთში, ისევე როგორც საქართველოში, კანონის დაცვა აუცილებელია გაწონასწორებული და სამართლიანი საზოგადოების მშენებლობისთვის, რომელიც ჩვენს სამყაროს ასე აკლია.
მამულისა და შენობის კარები ღია იყო იმიტომ, რომ იქ მუშები შრომობენ. წესით ეს უნდა შეგემჩნიათ იმიტომ, რომ კარიბჭის მარცხნივ მიმდინარე სამუშაოების გარკვეული ნიშნები უნდა შეგემჩნიათ და მარჯვნივ აუცილებლად დაინახავდით გალავნის რამდენიმე ათეულ მეტრზე ჩატარებულ სამუშაოებს და ხარაჩოებს.
რატომ არ აჩვენეთ ეს სამუშაოები თქვენს ვიდეოში? თქვენი მობილური იყო დასატენი თუ იდეოლოგიურმა სიბრმავემ შეგიშალათ ხელი? ან იქნებ თქვენი სურვილი იყო, გეჩვენებინათ „საშინელებები“ ან მართვის შეცდომები საბრალო ქართველი ოჯახები შესაშინებლად?
რატომ არ გაესაუბრეთ მამულის მუდმივ მაცხოვრებლებს, რომლებიც მამულის შესასვლელიდან 250 მეტრში ცხოვრობენ? შეგეძლოთ, გეჩვენებინათ უკვე შესრულებული სამუშაოს პირველი ფაზა!
თქვენ მიერ ნაჩვენები კადრების შესახებ:
1. რატომ არ აჩვენეთ შემოსასვლელიდან 300 მეტრში მდებარე შენობა ვიდეოში? აღნიშნული შენობა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ფონდის დაფინანსებით გარემონტდა და წარმოადგენს ლევილის მამულის ბიბლიოთეკას, სადაც დაცულია ის წიგნები, რომლებსაც გაეცნობიან პირველი რესპუბლიკის ისტორიულ-მემორიული და კულტურული ცენტრის დამთვალიერებლები. ფანჯრებიდან ჩანს თაროები და მოწესრიგებული ყუთები, სადაც აწყვია წიგნები, რომლებიც დაცულია ნესტისაგან.
2. თქვენ ამტკიცებთ, რომ კადრში ბიბლიოთეკაა, რომელიც შატოს მესამე სართულზე მდებარეობს. სინამდვილეში საქმე ეხება მხოლოდ სხვენს, სადაც მხოლოდ შატოს ყოფილი, გარდაცვლილი მაცხოვრებლების ნივთების და დოკუმენტების ნარჩენებია, რომლებსაც რაიმე ღირებულება არ გააჩნიათ! წყალი სხვენში არ ჩადის. ჟურნალების დასტები, რომლებსაც ხედავთ, აქ 50 წელზე მეტია აწყვია… ეს ჟურნალები არც საქართველოში გავრცელებულა, არც საფრანგეთში. ეს არაა ბიბლიოთეკა!
3. თქვენ ამბობთ, რომ ამ არქივს ქართველი ხალხი სამუდამოდ კარგავს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თქვენ საუბრობთ პრობლემაზე, რომელსაც საერთოდ არ იცნობთ. შეგახსენებთ:
– პირველი რესპუბლიკის მთავრობის არქივი გაიგზავნა ჰარვარდის უნივერსიტეტში, ამერიკაში, არქივის კომისიის მიერ, რომელიც გახიზნული მთავრობის წევრებმა შექმნეს. არქივი დახარისხდა, გაიწმინდა და აიციფრა. ხელშეკრულების ვადის (30 წ.) გასვლის შემდეგ, ისინი დამოუკიდებელ საქართველოს დაუბრუნდა, მიკროფილმების 2 სერიასთან ერთად.
– 1996 წელს მამაჩემმა, მამია ბერიშვილმა, საარქივო კომისიის თავმჯდომარემ, ემიგრაციული მთავრობისა და სოციალ-დემოკრატიული პარტიის არქივი (450 კგ ტვირთი) საქართველოში ჩაიტანა. არქივი გადაეცა ჟვანიას, რომელიც მაშინ პრემიერი იყო. მასალები დახარისხდა და დამუშავდა პარლამენტის ბიბლიოთეკის მიერ.
– 2015 წელს, მამაჩემის მითითებების შესაბამისად, რომელიც 2003 წელს გარდაიცვალა, მე კიდევ 130 კგ დოკუმენტაცია გადავეცი ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს. მასალები დამუშავდა, გაიწმინდა და დახარისხდა და ხელმისაწვდომი გახდა ქართველი ხალხისთვის.
– 2018 წელს ეროვნულ არქივს გადავეცი სოციალ-დემოკრატიული პარტიის არქივისა და ლევილის მამულის მართვის არქივის ბოლო ნაწილი. დოკუმენტები ქართველი ხალხისთვის ხელმისაწვდომია.
ემიგრაციული მთავრობის, სოციალ-დემოკრატიული პარტიის არქივები, შატოს ისტორიული დოკუმენტაცია საქართველოშია, ოფიციალური ორგანიზაციების ხელში. ნოე ჟორდანიას სახელობის ბიბლიოთეკის (რომელსაც ჯერ ინა ჟორდანია, შემდეგ კი მამაჩემი, მამია ბერიშვილი და ბოლოს კარლო ინასარიძე მართავდნენ) დიდი ნაწილი დახარისხდა და დაცულია ძველი ბიბლიოთეკის სივრცეში, რომელიც უკეთ მოეწყობა ერთ ან ორ წელიწადში.
დამატებით უნდა აღვნიშნო, რომ ჩემთვის წუხილის საგანია განსჯის უნარის ნაკლებობა თქვენი მხრიდან, იმიტომ, რომ სხვენი აგერიათ ბიბლიოთეკაში, რომელიც ნამდვილად არსებობს და არ დაგინახავთ!
სკანდალი მოგვიწყეთ რამდენიმე დოკუმენტზე, რომელთაც არანაირი მნიშვნელობა არ აქვთ ან რომელთა რამდენიმე ეგზემპლარი არსებობს, რომლებიც, სულ ცოტა, ბოლო 50 წლის განმავლობაში ცუდ მდგომარეობაშია და, შესაბამისად, ყველაზე უკეთეს მდგომარეობაში მყოფი ეგზემპლარები გადანახულია ან კი, ისეთ დოკუმენტებზე, რომლებიც უნდა გადაგვეყარა.
ისმის კითხვა: ისტორიკოსი ხართ? თუ უბრალოდ კულტურის სამინისტროს ან 6 წლის განმავლობაში მოქმედი მმართველი საბჭოს მიერ გაწეული სამუშაოს გასვრა გინდათ?
რაც შეეხება იმას, რომ საქართველოს მთავრობა თავისი არაკომპეტენტურობითა თუ დაუდევრობით კარგავს ლევილის ქონებას, ვერ იცავს არქივს დაზიანებისგან და შენობებს – ნგრევისგან.
ლევილის მამულის თითქმის ოთხჰექტარიან ტერიტორიაზე 7 შენობა დგას. ამ შენობათაგან, სულ მცირე, 4 რამდენიმე საუკუნისაა, მეორე ნაწილი კი უფრო გვიან აშენდა, მაგრამ ათწლეულების განმავლობაში მოუვლელი იყო მაცხოვრებლებისა და სახსრების ნაკლებობის გამო.
შეთანხმება, რომელსაც ხელი მოაწერეს პირველი რესპუბლიკის მთავრობის წევრების შთამომავლებმა და საქართველოს მთავრობამ, ითვალისწინებს მამულის კეთილმოწყობასა და სხვადასხვა ფუნქციით დატვირთვას, რისთვისაც გათვალისწინებულია 5 000 000 ევროზე მეტი.
შეთანხმების თანახმად, პროექტი 10 წლის ვადაში უნდა განხორციელდეს. რაკი შეთანხმებას ხელი 2016 წელს მოეწერა, წინ კიდევ 4 წელი რჩება შეთანხმების პირობების შესასრულებლად.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, წარმოგიდგენთ პირველ ანგარიშს:
რა გაკეთდა:
მთლიანად რეაბილიტირდა – თავიდან აშენდა მთელი შენობა: საცხოვრებლები, რომლებიც გათვალისწინებული იყო ლევილის მუდმივი მაცხოვრებლების დასაბინავებლად. რაც თქვენ ვერ დაინახეთ! საკვირველია!
არქიტექტორის კაბინეტის მიერ წარმოდგენილი გლობალური პროექტი წარედგინა მმართველი საბჭოს წევრებს და 20 დეკემბრის სხდომაზე ძალიან ბევრი შენიშვნა ჩამოყალიბდა პროექტის პირველ ვერსიასთან დაკავშირებით.
სამშენებლო ნებართვების მოთხოვნები წარედგინათ კომპეტენტურ ორგანოებს. საფრანგეთში აღნიშნულ პროცედურას რამდენიმე თვე სჭირდება.
მოვლილია პარკის გაზონები და სხვა მწვანე სივრცეები, გაისხლა ხეები და ბუჩქები, არც ეს დაგინახავთ? უცნაურია!
დაცულია ელექტრომრიცხველები, რეაბილიტაციამდე. არც ეს დაგინახავთ? უცნაურია.
მიმდინარე საქმიანობა:
საქართველოში მასალები შეკვეთილია ოდას ასაშენებლად, რომელიც თავდაპირველად იქნება რესტორანი და მაღაზია ქართული ხელნაკეთობების გასაყიდად,
მიმდინარეობს ცენტრის მომავალი მენეჯერის ოფისისა და გუშაგის საცხოვრებლის სარეაბილიტაციო სამუშაოები. რაც არ დაგინახავთ! ეს კი უცნაურია, იმიტომ რომ შენობა კარიბჭის გვერდით, მარცხნივ მდებარეობს.
მიმდინარეობს მამულის გალავნის რეაბილიტაცია. არც ეს დაგინახავთ! უცნაურია, საქმე ეხება ჭიშკრის მარჯვნივ მდებარე მონაკვეთს.
ძველ შენობაში აღდგა ძველი კრამიტი, რათა წყალი არ ჩამოსულიყო ნაგებობებში. არც ეს დაგინახავთ! უცნაურია.
რა რჩება გასაკეთებელი:
მთავარი შენობის კეთილმოწყობა, რომელშიც განთავსდება მუზეუმი და ოთახები რეზიდენციის სტუმარი სტუდენტებისთვის, ნებართვის მოპოვების ვადები დამოკიდებულია საფრანგეთის უწყებებზე.
ახალი შენობის აგება და კეთილმოწყობა. შენობა ჩაანაცვლებს არსებულს, რომელიც დაინგრევა. შენობაში განთავსდება ოთახები რეზიდენციის სტუდენტებისთვის და სტუმართა ოთახები, ასევე, სახელოსნოები ქართველი ხელოვანებისათვის.
აიგება ოდა, როგორც კი საფრანგეთის კომპეტენტური ორგანოები გასცემენ ნებართვას და მასალები ჩამოტანილ იქნება საფრანგეთში.
აი, ბატონო ადვოკატო, პირველი, ობიექტური ანგარიში, რომელსაც შეგეძლოთ გასცნობოდით, თუ იქნებოდით კონსტრუქციული და კითხვებით მიმართავდით პირდაპირ ან მმართველ საბჭოს წევრებს ან, უბრალოდ, ბატონ გოჩა ჯავახიშვილს, რომელიც, შეგახსენებთ, რომ გარდა იმისა, რომ ჩვენი და თქვენი ელჩია საფრანგეთში, მოლაპარაკებების ძალიან აქტიური წევრი იყო.
თქვენ კი, თვალის ერთი გადავლებით, კერძო საკუთრებაში, ყოველგვარი კომპეტენტური მეგზურის გარეშე არალეგალურად შეჭრილი, იგნორირებას უკეთებთ ყველაფერს და ყურადღებას აჩერებთ რამდენიმე დოკუმენტსა და წიგნზე, რომლებსაც არანაირი ისტორიული ღირებულება არ გააჩნიათ და სხვენში, რომელსაც „ბიბლიოთეკას“ უწოდებთ, განადგურების პირზეა. უცნაური არ არის?
ჩემი ყველა ფრანგი მეგობარი და ჩემი ასოციაციის წევრები, რომლებიც კარგად იცნობენ ლევილის მამულს, შეურაცხყოფილია თქვენი ქცევით და, საქმე ასე სერიოზულად რომ არ იყოს, თქვენს სულელურ ქცევაზე გაეცინებოდათ!
ასეთი უარყოფითი და მატყუარა დამოკიდებულებით თქვენ ღალატობთ ადვოკატის ფიცს და სათანადოდ ვერ წარმოაჩენთ თქვენი ქართული ასოციაციის წევრებს. ნუთუ ყველა ქართველი ადვოკატი თქვენსავით იქცევა? იქნებ, ის ობიექტურობა, რომელსაც თქვენი პროფესია თქვენგან მოითხოვს, არ გაინტერესებთ და პოლიტიკური ინტერესებით მოქმედებთ?
ძალიან ბევრი კითხვა მიჩნდება თქვენთან დაკავშირებით და ეს კითხვები ეს განსაკუთრებით შეეხება თქვენს მცდელობას, დაამახინჯოთ რეალობა. საფრანგეთში მე შემიძლია ასეთი სიცრუისა და ცილისწამებისთვის გიჩივლოთ! ხომ არ თვლით, რომ როგორც საქართველოს მოქალაქეს, შემიძლია საქართველოშიც გიჩივლოთ?“ – წერს ბერიშვილი.
ლევილის მამულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ფეისბუქში ვრცელ პოსტს აქვეყნებს საფრანგეთში საქართველოს ელჩი გოჩა ჯავახიშვილიც.
ძალიან გულსატკენია, როცა შენი ქვეყნის საამაყო, ისტორიული სიმბოლო ლევილის შატო ცუდ მდგომარეობაშია, ამის აღნიშვნა და შეხსენებაც კარგია, მაგრამ ფოკუსის მხოლოდ მტვრიან და მოუწესრიგებელზე მიტანა და დანარჩენზე, რაც გაკეთდა ან კეთდება, ამისი არხსენება, არ არის კარგი, ბიბლიოთეკა, ნახეთ, რა დღეშიაო – ეს არ არის სწორი, როცა სხვენი არც ბიბლიოთეკაა და არც სხვენიდან რემონტის დაწყება იქნებოდა გამართლებული, – წერს ელჩი.
„ლევილის მამულის მმართველმა კულტურის სამინისტრომ უკვე უპასუხა ლევილიდან სოციალურ მედიაში გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით. ვინაიდან პირადად მეც დიდი ხანი მომიწია ლევილის საკითხებზე მუშაობა – მამულის საქართველოსთვის დაბრუნების სრული პროცესის მონაწილე და დაბრუნების შემდეგ 2021 წლის ჩათვლით მმართველი საბჭოს წევრიც გახლდით, თავს მოვალედ ვთვლი, რომ გამოვეხმაურო ამ ძალიან ემოციურ სიუჟეტს.
არავის კრიტიკა არ არის ჩემი მიზანი და იმ ადამიანებისაც კარგად მესმის, ვინც მიწოდებული ფოტოებით შექმნილი შთაბეჭდილებით გულწრფელი წუხილი და აღშფოთება გამოხატა. უფრო მეტიც, ყველა გულწრფელად შეწუხებული ადამიანის მადლიერიც კი ვარ. უბრალოდ, ჩემი წილი ობიექტურობითა და სამართლიანობით მოგაწვდით ინფორმაციას ლევილში არსებული მდგომარეობის შესახებ.
დავიწყოთ იქიდან, რომ არავინ დავობს იმაზე, რომ ლევილის შატო (მე-17 და მე-18 საუკუნეში აშენებული შენობა) ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, ამას აცნობიერებს მთავრობაც და ყველა, ვისაც მამულთან აქვს ან წარსულიდან, ან დღეს შეხება. როცა საქართველოს 2016 წლის სექტემბრის ბოლოს, მოლაპარაკებების რთული და ხანგრძლივი პროცესის შემდეგ მამული და ეს უკვე ავარიული შენობა გადმოეცა, არ არსებობდა არავითარი ტექნიკური დოკუმენტაცია. მოგეხსენებათ, ნებისმიერი რეაბილიტაციისათვის რიგი ექსპერტიზებია ჩასატარებელი (აზომვითი ნახაზების ანუ გეომეტრიული, ნიადაგის სიმკვრივის – გეოლოგიური, ფიტოსანიტარული – 3 ჰექტარზე მეტი მოცულობის პარკისთვის, აზბესტის, ტყვიის შემადგენლობის და ა. შ.). ამ ყველაფრის გაკეთება, დაკვეთა, რეალიზება და შემდეგ დოსიეების შედგენა მოუწია საქართველოს საკუთარი ხარჯებით. ალბათ წარმოგიდგენიათ ფრანგული ბიუროკრატიული ადმინისტრაციული პროცედურები და ვადები. მხოლოდ ლევილის გენ. გეგმაში ცვლილებების შეტანას დასჭირდა თითქმის ორი წელი. რადგან ლევილის მუნიციპალიტეტს მთლიანად აკრძალულ ზონად ჰქონდა გამოცხადებული მამულის მთელი ტერიტორია და ვერანაირ რეაბილიტაციას ვერ დავიწყებდით ამ მნიშვნელოვანი დოკუმენტის გარეშე. ახლა, როცა ლევილის რეაბილიტაციის საქმეში დინამიკა გაჩნდა და რეალურად იწყება მამულისა და შატოს რეაბილიტაცია, მხოლოდ არეული სხვენის ჩვენება მთლიან ობიექტურ სურათს ამახინჯებს. ბოლოს და ბოლოს, მხოლოდ მოყვრის გულის გასახეთქად ხომ არ გარჯილან ეს პატიოსანი ახალგაზრდები. იქვე არის ბევრი რამ, რაც გაკეთებულსაც მოწმობს და ცოტა რამ ამ ამბავზეც მოეთხროთ.
შედგა რეაბილიტაციისათვის საერთო, გლობალური პროექტი და სწორედ იმ რეალობიდან გამომდინარე, რომ სავალალო მდგომარეობაში მყოფ შენობაში არ დაზიანებულიყო მნიშვნელოვანი წიგნები და არქივი, ამასთან მუდმივი სტატუსით მცხოვრები პირები გამოგვეყვანა შატოს შენობიდან (რეაბილიტაციისათვის), გლობალურ პროექტს მაშინვე გამოეყო პრიორიტეტულად ორანჟერიის პროექტი და მოეწყო ბიბლიოთეკა შატოს უკანა მხარეს. სწორედ იქაა ბიბლიოთეკა მოწყობილი, რომელიც ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომელთა ხანგრძლივი შრომით, ნორმალურ პირობებში, კატალოგიზაციით, თემატურად, ენებისა და ავტორების მიხედვითაა დახარისხებული და სპეციალურად შეძენილ თაროებზეა დალაგებული. ეროვნული ბიბლიოთეკის გუნდმა ყველა მნიშვნელოვანი დოკუმენტი ლევილისა და პოლიტიკური ემიგრაციის ისტორიიდან გააციფრულა და ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომია.
რაც კადრებში ჩანს, შემაძრწუნებლად მტვრიანი და მიუხედავი გახლავთ შატოს შენობის სხვენი, სადაც, სრული პასუხისმგებლობით მოგახსენებთ, არ არის დარჩენილი არცერთი ისტორიული მნიშვნელობის დოკუმენტის დედანი. იმდენმა ისტორიკოსმა, მკვლევარმა, დოქტორანტმა თუ სტუდენტმა, იმდენმა ბიბლიოთეკარმა იმუშავა ამ სხვენში, იმდენი წიგნი ჩამოვიტანეთ ბიბლიოთეკაში, იმდენი გამოვაგზავნეთ (პარტიებად) თბილისში, გარწმუნებთ, არაფერია იქ განსაკუთრებული ღირებულების მქონე დოკუმენტი დარჩენილი. ლევან თაქთაქიშვილი რომ არაფერ ღირებულს დატოვებდა იმ სხვენში, ვინც მას იცნობს, დამეთანხმება.
მესმის, რომ ჩემგან ამ დოკუმენტების „ღირებულების“ განსაზღვრა უხერხულია, ამიტომ უფრო დეტალურად მოგახსენებთ: ეს სხვენი, შატოს საქართველოსთვის გადმოცემამდე უფრო და მერეც, იქცა ერთგვარ საწყობად, სადაც ამოჰქონდათ ოჯახებს პირადი ნივთები და წიგნები, ან ვინმე თუ გარდაიცვლებოდა, მის ბინას დაცლიდნენ და ნივთებს სხვენში უწესრიგოდ ტოვებდნენ. ამანაც განაპირობა ის მდგომარეობა, რაც იქ იხილეთ.
რასაკვირველია, ღირებულია კარლო ინასარიძის მიერ რადიო თავისუფლებისთვის მომზადებული გადაცემების სცენარების ასლები, კალისტრატე სალიას წერილის ასლიც მისი დოკუმენტების ყუთში იდო. არ არის არცერთი დედანი. კალისტრატე სალიას ლევილში არ უცხოვრია და კალისტრატე და ნინო სალიებმა სიცოცხლეშივე გადასცეს საქართველოს პირადი არქივი. რადიოგადაცემისთვის სცენარშიც უწერია კარლო ინასარიძეს, რომ იმ დღეს მის წერილზე ისაუბრებდა.
ცხონებულმა კარლო ინასარიძემაც თავის სიცოცხლეშივე მოაწყო პატარა ბიბლიოთეკა შატოს უკანა შენობაში, სადაც ყველაფერი ღირებული, მათ შორის, მისი გადაცემების ფირებისა და სცენარების დედნებია შენახული. სხვენში დარჩენილია საბჭოთა პერიოდიკა, „მნათობის“, „ცისკარის“, დიდ შეკვრებად გაზეთები და ემიგრაციაში გამოცემული გაზეთების დარჩენილი ეგზემპლარები. ცნობილია, რომ ისინი 3000 ეგზემპლარად ბეჭდავდნენ, 1000-მდე ავრცელებდნენ და 2000 რჩებოდა. ფოტოებზე რაც ჩანს, იმ წიგნებისა და ჟურნალების მრავალი ეგზემპლარია უკვე საქართველოს ეროვნულ არქივშიც, ეროვნულ ბიბლიოთეკაშიც და ჯავახიშვილის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაშიც. ასევე შენახულია ლევილის ბიბლიოთეკაში და სხვენში დარჩა ზედმეტი ეგზემპლარები. სხვენში დიაპოზიტივები რაც არის დარჩენილი, ძირითადად, საბავშვო თემატიკისაა და მამია ბერიშვილის სარდაფი რომ დავცალეთ, ვაითუ რამე ღირებული იყოს-მეთქი, გადასაყრელად დამენანა და მე ავიტანე სხვენში. მერე აღმოჩნდა, რომ ტიერი ბერიშვილის ბავშვობისდროინდელი დიაპოზიტივები ყოფილა. იქვეა საბჭოთა საქართველოს დროინდელი თბილისისა და ჭიათურის დიაპოზიტივები, რომლებიც, როგორც ჩანს, საბჭოთა პერიოდში საქართველოდან ჩაჰქონდათ მონატრებული ემიგრანტებისთვის.
ვიცი, ზოგი მისაყვედურებს, ზედმეტი რას ჰქვიაო. რას ჰქვია და ათასობით ეგზემპლარი რომ გაქვს, ყველგან რომ შეინახავთ და მაინც კიდევ ბლომად დაგირჩებათ, თქვენც ალბათ სადმე სივრცეში მოათავსებთ. პირობები დღეს არ არის კარგი. რაც გაფუჭებული ნახეთ, ის ამ ბოლო წლებში არ გაფუჭებულა. საბჭოთა პერიოდის გამოცემების გადარჩენა არც არავის უცდია, საქართველოშიც საკმარისზე მეტია. ემიგრაციაში დაბეჭდილი მასალა იყო ჩვენთვის პრიორიტეტი და ასობით ეგზემპლარი, როგორც მოგახსენეთ, გადანახულია ყველა გამოცემისა და ყველა ნომრის.
ძალიან გულსატკენია, როცა შენი ქვეყნის საამაყო, ისტორიული სიმბოლო ლევილის შატო ცუდ მდგომარეობაშია, ამის აღნიშვნა და შეხსენებაც კარგია, მაგრამ ფოკუსის მხოლოდ მტვრიან და მოუწესრიგებელზე მიტანა და დანარჩენზე, რაც გაკეთდა ან კეთდება, ამისი არხსენება არ არის კარგი. ბიბლიოთეკა, ნახეთ, რა დღეშიაო – ეს არ არის სწორი, როცა სხვენი არც ბიბლიოთეკაა და არც სხვენიდან რემონტის დაწყება იქნებოდა გამართლებული. პრიორიტეტები სწორედ ამ მიზნით დაისახა, რომ გადაგვერჩინა, რისი გადარჩენაც ჯერ კიდევ შეიძლებოდა. კოვიდის პანდემიას სრულად რომ არ გაეჩერებინა პროცესი წელიწად-ნახევარი, ახლა, მერწმუნეთ, სხვა სურათი დაგხვდებოდათ. არაფერს ვიტყოდი, რომ არ ვიცოდე, როგორი გულით ეკიდება ამ საქმეს მამულის ამჟამინდელი მმართველი კულტურის სამინისტრო. მარტივი როდია, დისტანციურად მართო და მოაწესრიგო ყველა საკითხი და დეტალი, საქმე კი ბევრი კეთდება, რაც ვერც კადრში მოხვდა და არც სიტყვა თქმულა. 5,6 მილიონი ევრო გამოყო ქვეყანამ, რომელსაც შიგნითაც ბევრი პრობლემა აქვს გადასაწყვეტი და ნელ-ნელა პროექტი წინ მიდის.
გასაკეთებელი, მისახედი და მოსავლელია მამული, არავინ დაობს. ბევრი საქმე გვაქვს წინ, ძალიან ბევრი. ამდენი გულანთებული ადამიანის ენერგია მხოლოდ შეეშველება საქმეს.
მეტი სიცხადისთვის რამდენიმე ფოტოს გაახლებთ, რომ დარწმუნდეთ ლევილის შატოში ყველგან სხვენის მდგომარეობა არ არის. მხოლოდ ის რად ღირს, რომ ჯუნგლებად ქცეული, სრულიად გაუვალი პარკი გაისხლა, გამოიხშირა ექსპერტების მიერ დასახული გეგმის მიხედვით და ალეებად მოწესრიგდა, ლამაზად, გასეირნება გესიამოვნებათ.
ერთი ქალბატონის კომენტარი შემორჩება ჩემს მეხსიერებას, რამდენი საქმე ყოფილა, მოდით, ლანძღვის მაგივრად ხელები დავიკაპიწოთ და დავეხმაროთ, ვისაც რითი შეგვიძლია, რომ პრობლემა მოვაგვაროთო. მთელი თვე ვიმუშავებ და დავახარისხებ ამ წიგნებსო. ამ ქალბატონს, მჯერა, რომ გულწრფელად ეტკინა გული ნანახით და ასევე გულწრფელად სურს, უკეთესობა იხილოს ლევილის მამულში.
ხანდახან ვინმეზე გაბრაზებულები ვესვრით ისარს და ქვეყანას ვარტყამთ. ერთმანეთს ვეჩხუბებით და მტერი ამით ხარობს“, – წერს სოციალურ ქსელში საფრანგეთში საქართველოს ელჩი.
კულტურის სამინისტროში განაცხადეს, რომ ეს ინფორმაცია არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა.მიმდინარეობს მამულის რეაბილიტაცია გამოყოფილია ბიუჯეტიც და გაწერილია კონკრეტული ვადებიც. უკვე გაკეთებულ და გასაკეთებელ სამუშაოებზე გაეცანით პოსტს
კომენტარები