რატომ არის ფეიხოა ასე სასარგებლო, როგორ შევარჩიოთ და როგორ მოვამზადოთ
ფეიხოა რომ ძალიან სასარგებლოა, ეს ყველამ იცის, მაგრამ კონკრეტულად რატომ? ამ მწვანე ნაყოფს არაჩვეულებრივი გემო აქვს – მისი ნაზი რბილობის არომატი ანანასის, მარწყვისა და კივის ნოტებს შეიცავს, თუმცა ყველამ როდი იცის, როგორ უნდა მიირთვას ფეიხოა.
რატომ არის სასარგებლო ფეიხოა
ფეიხოის ნაყოფი მდიდარია წყალში ხსნადი (ადვილად ასათვისებელი) იოდის ნაერთებით. ამ ნაყოფში იოდის შემცველობა ზღვის პროდუქტებზე ნაკლები არ არის. მიირთვით დღეში მხოლოდ ორი ცალი ფეიხოა და – და გარანტირებული გაქვთ კარგი მეხსიერება და მაღალი შრომისუნარიანობა, ფარისებრი ჯირკვალიც წესრიგში იქნება.
ფეიხოის კიდევ 5 უპირატესობა:
- გრიპის ვირუსი და სხვა ინფექციები ვერაფერს დაგაკლებთ – ფეიხოა ხომ ვიტამინ C-ს შოკურ დოზას შეიცავს.
- ფეიხოა შეიძლება გამოყენებულ იქნას, როგორც კინეტოზის (მოძრაობის დაავადება – გულისრევის შეგრძნება და ღებინება მგზავრობის დროს) სამკურნალო საშუალება.
- ფეიხოა წარმატებით ებრძვის ცუდ ქოლესტერინს, ამიტომ ცხიმიან ხორცს დაუმატეთ.
- ფეიხოა შეიცავს თუთიას, რომელიც აუცილებელია იმისათვის, რომ სუფთა კანი და ჯანმრთელი ფრჩხილები გქონდეთ, აგრეთვე, B ჯგუფის ვიტამინებს, რომლებიც თმის ცვენას აჩერებს.
- ფეიხოა ბუნებრივი ანტიდეპრესანტია, ისეთივე ძლიერი, როგორიც შავი შოკოლადი.
როგორ ავირჩიოთ ფეიხოის ნაყოფი
შეიძინეთ ღია მწვანე ფერის ნაყოფი ყავისფერი ლაქებისა და დაზიანებების გარეშე. ხელით გასინჯვისას კენკრა ოდნავ დრეკადი უნდა იყოს, მაგრამ არც ისე რბილი, წინააღმდეგ შემთხვევაში არსებობს საშიშროება, რომ გული გადამწიფებული ჰქონდეს. თუ მაგარ ნაყოფს იყიდით, ნებისმიერ შემთხვევაში, ფეიხოა რამდენიმე დღეში დამწიფდება – მოათავსეთ თბილ ადგილას, რომელიც ნიავდება. კარგად დამწიფებულ ფეიხოას ნაყოფს გამჭვირვალე ჟელეს მსგავსი სურნელოვანი რბილობი აქვს. თუ რბილობი თეთრია, ფეიხოა ჯერ მკვახეა, ხოლო თუ ყავისფერია, ნაყოფს უკვე დაწყებული აქვს გაფუჭება.
ფეიხოა საუზმეზე
მოამზადეთ საუზმეზე სმუზი კივით, ბანანით, ნახევარი ვაშლით, 4 ცალი ფეიხოით და ერთი ჭიქა რძით. გაფცქვნილი ხილი (შეგიძლიათ ფეიხოა კანიანად გამოიყენოთ, მხოლოდ „კუჭები“ ამოაჭერით; გაითვალისწინეთ, რომ კანიანი ფეიხოა კუჭის მოქმედებას ააქტიურებს) რძესთან ერთად ბლენდერში ათქვიფეთ. სურვილისამებრ, ცოტა ყავისფერი შაქარი და მწიკვი დარიჩინი დაუმატეთ.
ფეიხოა დესერტად
ყველამ ვიცით სუპერ რეცეპტი, როდესაც კანიან ფეიხოას ხორცსაკეპ მანქანაში ატარებენ და შემდეგ შაქარს ურევენ (შეფარდებით 1:1), მაგრამ თუ გეზარებათ ამ სამკურნალო ნარევის მომზადება, შეგიძლიათ მზა ჯემი იყიდოთ. სხვათა შორის, 1 კგ ჯემის მოსამზადებლად 850 გრამი ახალდაკრეფილი ფეიხოის ნაყოფია საჭირო.
თამარ ქავჟარაძე
კომენტარები