ვიდეოიტალიასაზოგადოება

იტალიის სანაპიროსთან ბოლო თითქმის 100 წლის განმავლობაში ყველაზე მძლავრი მიწისძვრა მოხდა (ვიდეო)

მიწისძვრას 70 აფტერშოკი მოჰყვა, მათგან ყველაზე ძლიერი 5,2 ბალი იყო, ადამიანები შიშისგან ქუჩაში გამოცვივდნენ

9 ნოემბერს, დილით იტალიის სანაპიროსთან, ადრიატიკის ზღვაში მომხდარი მიწისძვრა ყველაზე ძლიერი აღმოჩნდა ბოლო 92 წლის განმავლობაში დაფიქსირებულ ამ ბუნებრივ კატაკლიზმებს შორის, – ამის შესახებ იტალიის ნაციონალურ სეისმოლოგიურ სამსახურში განაცხადეს. ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ეპიცენტრში (ადრიატიკის ზღვაში, 27 კილომეტრის დაშორებით ნაპირიდან, ფანოდან და პეზაროდან – დაახლ. 30 კმ-ში) მიწისძვრის მაგნიტუდამ რიხტერის სკალით 5,7 ბალი შეადგინა. ბიძგები კარგად იგრძნობოდა მთელ ცენტრალურ და ჩრდილოეთ იტალიაში, მათ შორის, ბოლონიასა და რომანიაში, რიმინიში, რავენაში, ჩეზენაში, უმბრიასა და ლაციოში…

ყველაზე ძლიერი ბიძგი 9-ში დილით, 7;07 სთ-ზე მოხდა, მას მოჰყვა მეორე – 7:12 სთ-ზე, რომლის მაგნიტუდა 4 ბალს შეადგენდა.

მთლიანობაში 5,7-ბალიან მიწისძვრას 70 აფტერშოკი მოჰყვა, რომელთაგან ყველაზე ძლიერი იყო 5,2 მაგნიტუდის ბიძგი მთავარი მიწისძვრიდან რამდენიმე წუთში.

ასეთი ძლიერი მიწისძვრა მარკეს რეგიონში ბოლო 92 წლის განმავლობაში არ ყოფილა – მას შემდეგ, რაც 1930 წელს მარკეს ჩრდილოეთ სანაპიროზე, სენიგალიაში 1930 წელს 5,8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.

რაც შეეხება დაზიანებებს, ფანოს მცხოვრები „ანსასთან“ ჰყვება, რომ „ქუჩის ფანრები ირხეოდა, როგორც ტოტები, ყველაფერი ძლიერ ზანზარებდა, საშინელი განცდა იყო, ადამიანები ქუჩაში გამოცვივდნენ“.

წინასწარი ინფორმაციით, მნიშვნელოვანი დაზიანებები შენობებს არ მიუღია, თუმცა ზოგიერთ სახლში კედლები დაიბზარა და ღიობები გაჩნდა.  ზოგან ნაგებობებმა მცირე დაზიანება მიიღო.

მარკეს პრეზიდენტის, ფრანჩესკო აკვაროლის თქმით, პირველი ბიძგისთანავე ხალხი ქუჩაში გამოცვივდა, საგანგებო სამსახურში 1200-ზე მეტი ზარი შევიდა, ქუჩებში დღის განმავლობაში მონიტორინგი მიმდინარეობდა ნგრევისა და დაზიანებების აღმოსაჩენად. „ამ მომენტისთვის სერიოზული დაზიანებები არ არის, მიმდინარეობს შემოწმებები“, – განაცხადა აკვაროლიმ.

საავადმყოფოებში ათამდე ადამიანი შეიყვანეს გულის კანკალის, შიშისა და მღელვარების გამო – ნგრევის შედეგად დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

უსაფრთხოების მოსაზრებიდან გამომდინარე მარკეს რეგიონის რამდენიმე ქალაქში დაიკეტა ყველა დონის სკოლები, აგრეთვე, ზოგან – უნივერსიტეტებიც.

რეგიონში გაჩერდა მატარებლების მოძრაობა, თუმცა პირველი მიწისძვრიდან 4-5 საათის შემდეგ ისევ აღდგა.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close