სისხლის ანალიზით კიბოს გამოვლენა ადრეულ სტადიაზე შეძლეს! – ტესტირებას 97-პროცენტიანი სიზუსტე აქვს
მასობრივი კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ კიბოს წინააღმდეგ ბრძოლისთვის შეიძლება ახალი იარაღი გვქონდეს: ეს უბრალო სისხლის ანალიზია, რომელსაც შეუძლია კიბოს მრავალი სახეობა აღმოაჩინოს, თანაც, სიმპტომების გამოვლენამდე!
Pathfinder-ის კვლევაში 50+ ასაკის 6600 ზრდასრული ადამიანი მონაწილეობდა. თითოეულს სისხლის ანალიზის გაკეთება შესთავაზეს, რათა დაედგინათ Galleri-ს ტესტი შეძლებდა თუ არა კიბოს იმ ტიპების აღმოჩენას, რომელთაც სხვა მეთოდებით ვერ ადგენდნენ.
სავარაუდოდ, GRAIL-ის მიერ შემუშავებული ტესტი კიბოს გამოვლენის საშუალებას ადრეულ ეტაპზევე მოგვცემს, ანუ მაშინ, როცა იგი ყველაზე მეტად ექვემდებარება მკურნალობას. I და II სტადიაზე გამოვლენილ კიბოებში გადარჩენის მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება, შესაბამისად, დიაგნოსტიკა მძლავრი ინსტრუმენტია, რათა მსოფლიოში მილიონობით ადამიანის კიბოთი გარდაცვალება თავიდან ავიცილოთ.
მთლიანი ნიმუშებიდან ტესტმა კიბო ადამიანთა დაახლოებით 1 პროცენტში აღმოაჩინა. მათში კიბოს ზოგიერთი ისეთი სახეობაცაა აღმოჩენილი, რომელთათვისაც ამჟამად სკრინინგის მეთოდებიც კი არ არსებობს. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, კიბოს 36 დიაგნოზიდან 25-ისთვის სკრინინგის ტესტები არ არსებობდა.
„სტანდარტულ სკრინინგთან შედარებით ამ ტესტირებამ გამოვლენილი სიმსივნეების რაოდენობა გააორმაგა. ეს მოიცავდა ღვიძლის, წვრილი ნაწლავისა და საშვილოსნოს I სტადიის კიბოს, პანკრეასის, ძვლებისა და ოროფარინგეალური კიბოს II სტადიებს“, — ამბობს ჯეფრი ვენსტრომი GRAIL-იდან.
საინტერესოა ისიც, რომ კიბოს ტესტირებას მისი წარმოშობის იდენტიფიცირებაში 97-პროცენტიანი სიზუსტე ჰქონდა, რაც სტანდარტულ სკრინინგთან შედარებით საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია.
„კიბოს სიკვდილიანობის სტატისტიკის შემცირება მის უფრო ადრე გამოვლენას მოითხოვს, თუმცა კიბოს თითოეულ სკრინინგ ტესტს აქვს ცრუ დადებითი მაჩვენებელი 5-10 პროცენტამდე. ჩვენ გვჯერა, რომ ადრეულ სტადიებზე კიბოს უფრო მეტი ტიპის გამოვლენით MCED ტესტებს ამ პარადიგმის შეცვლა შეუძლია“, — ამბობს ჯოშ ოფმანი, GRAIL-ის პრეზიდენტი.
marketer.ge
კომენტარები