ზაალ კოკაია – შვედეთში მოღვაწე ცნობილი ქართველი მეცნიერის წარმატების უნივერსალური რეცეპტი
ზაალ კოკაია 1992 წელს, კოლეგებთან ერთად, საქართველოდან უპერსპექტივობას გაექცა და აგერ უკვე 26 წელია შვედეთში ცხოვრობს. ამჟამად იგი ლუნდის უნივერსიტეტში ღეროვანი უჯრედების ცენტრს ხელმძღვანელობს და მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს მეცნიერად ითვლება ამ სფეროში. მან დიდ წარმატებას მიაღწია ტვინის პათოლოგიების, კერძოდ, ეპილეფსიის, ტვინის იშემიური ინსულტის პათოფიზიოლოგიური მექანიზმებისა და მათი განვითარების პროცესის კვლევისას, რის შემდეგაც ნერვული ღეროვანი უჯრედების ბიოლოგიის ლაბორატორიისა და ნეირომეცნიერების პროგრამის ხელმძღვანელად დაწინაურდა.
„საქმის სიყვარული და დაუღალავი შრომა – ეს არის, ჩემი აზრით, წარმატების უნივერსალური რეცეპტი და არ აქვს მნიშვნელობა, რომელ ქვეყანაში მოღვაწეობ ან რა პროფესიის ხარ. მჯერა, რომ ბუნებაში უკვალოდ არაფერი იკარგება და ყოველი წუთი, რომელსაც საკუთარი თავის განვითარებას და საქმის კეთებას დაუთმობ, ადრე თუ გვიან, თავის შედეგს აუცილებლად გამოიღებს“, – ამბობს ბატონი ზაალი ჩვენს კორესპონდენტთან ინტერვიუში.
ბატონო ზაალ, 1990-იანი წლების დასაწყისში რა მიზნით გაემგზავრეთ საქართველოდან?
1991 წლის შემოდგომაზე შვედეთის ინსტიტუტის დაფინანსებით გავემგზავრე ლუნდის უნივერსიტეტის ჰისტოლოგიის კათედრაზე 6-თვიან სტაჟირებაზე. საკანდიდატო უკვე დაცული მქონდა და ეს ერთგვარი პოსტდოქტურანტურა იყო ჩემთვის. შვედებთან უკვე ვთანამშრომლობდი, რადგანაც ჩემი უფროსი ძმა – მერაბი, რომელთან ერთადაც ვმუშაობდი ივანე ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგიის ინსტიტუტში, 1987 წელს იმავე კათედრაზე იყო სამეცნიერო სტაჟირებით. შვედეთში ყოფნისას ჩემი კვლევები ძალიან ნაყოფიერად წარიმართა და 6 თვე გადაიზარდა 10 თვეში. თბილისში გამომგზავრების წინ კი ჩემმა ხელმძღვანელმა, პროფესორმა ულე ლინდვალმა შემომთავაზა უფრო ხანგრძლივი ვადით დავბრუნებულიყავი შვედეთში. ასეც მოვიქეცი – მოვკიდე ხელი ჩემს მეუღლეს და ერთი წლის ვაჟს და 1992 წელს შვედეთში დავბრუნდი. ასე გადაიზარდა 6-თვიანი მივლინება 26-წლიან სამეცნიერო კარიერაში.
როგორც ვიცი, შვედეთის მოქალაქე გახდით… რა აზრის ხართ ცვლილებებზე ორმაგ მოქალაქეობასთან დაკავშირებით „მოქალაქეობის შესახებ“ ორგანულ კანონში, რომლის მიღებასაც საქართველოს პარლამენტი უახლოეს მომავალში აპირებს?
სანამ შვედეთმა ორმაგი მოქალაქეობა არ დაუშვა, საქართველოს მოქალაქედ ვრჩებოდი; მხოლოდ 2006 წელს მივიღე შვედეთის მოქალაქეობა და იმავე წელს აღვიდგინე საქართველოს მოქალაქეობა. ასე რომ, ამჟამად ორივე ქვეყნის მოქალაქე ვარ. ჩემი აზრით, ორმაგი მოქალაქეობის შესაძლებლობა მნიშვნელოვანია, რათა ქართული წარმომავლობის ადამიანებს შეეძლოთ თავიანთი იდენტობისა და საქართველოსთან კავშირების შენარჩუნება და, სურვილის შემთხვევაში, საქართველოში სამუშაოდ ან მუდმივად საცხოვრებლად უპრობლემოდ დაბრუნება.
უცხოეთში მოღვაწე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართველი მეცნიერი ხართ, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი წარმატების მისაღწევად?
საქმის სიყვარული და დაუღალავი შრომა – ეს არის, ჩემი აზრით, წარმატების უნივერსალური რეცეპტი და არ აქვს მნიშვნელობა, რომელ ქვეყანაში მოღვაწეობ, ან რა პროფესიის ხარ. მჯერა, რომ ბუნებაში უკვალოდ არაფერი იკარგება და ყოველი წუთი, რომელსაც საკუთარი თავის განვითარებას და საქმის კეთებას დაუთმობ, ადრე თუ გვიან, თავის შედეგს აუცილებლად გამოიღებს. სხვაგვარად რომ იყოს, კაცობრიობა არ განვითარდებოდა…
რამდენად ხშირად გაქვთ თავისუფალი დრო და როგორ ატარებთ?
ჩემს სამეცნიერო საქმიანობას ძალიან დიდი დრო მიაქვს და ჩემთვის თავისუფალი დრო დიდი ფუფუნებაა. ახალგაზრდობაში, კარიერის დასაწყისში და როცა ჩემი შვილები პატარები იყვნენ, საკუთარი თავისთვის დრო, პრაქტიკულად, არ მრჩებოდა, სამსახურის მერე ბავშვებთან და მეუღლესთან ერთად ვიყავი და ეს იყო ჩემი დასვენება. ახლა შედარებით მეტი თავისუფალი დრო მაქვს და მეუღლესთან ერთად სიამოვნებით ვუყურებ კარგ ფილმს ან საინტერესო სერიალს, ხშირად ვამზადებ კერძებს, რაც ჩემი ჰობია. ვთვლი, რომ აუცილებელია ყველა ადამიანს პერიოდულად ჰქონდეს დასვენების შანსი, რათა შეეძლოს რამე სახალისოს და საინტერესოს კეთება საკუთარი პროფესიული საქმიანობის გარდა. ამით გარკვეულწილად გონება და სხეული განიტვირთება და ადამიანი უფრო ნაყოფიერი და პროდუქტიული ხდება.
შვედეთში დიდი ქართული დიასპორაა, თქვენ თუ გაქვთ მათთან ურთიერთობა?
ჩემი ძმა მერაბი იმავე კათედრაზეა პროფესორი, სადაც მე და, ამავდროულად, არის ეპილეფსიის ცენტრის დირექტორი. მერაბი თავისი ოჯახით ჩვენზე რამდენიმე თვით ადრე წამოვიდა შვედეთში და მას მერე სულ ერთად ვართ. ამან, რა თქმა უნდა, ძალიან გააადვილა ჩვენთვის შვედეთში ადაპტაცია. აქ რამდენიმე ქართულ ოჯახსაც ვიცნობთ და გვაქვს ურთიერთობა, მათ შორის არიან მერაბის და ჩემ მიერ სხვადასხვა დროს შვედეთში ჩამოყვანილი სტუდენტები, რომლებიც აქ დარჩნენ და გააგრძელეს სამეცნიერო საქმიანობა.
დღეს ლუნდის უნივერსიტეტის ჰოსპიტალთან არსებულ ღეროვანი უჯრედების ცენტრს ხელმძღვანელობთ, კაცობრიობისთვის ამ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თეორიის კვლევის პრივილეგია მხოლოდ რამდენიმე ქვეყანას აქვს, მათ შორის, შვედეთს და მსოფლიო მეცნიერების ვიწრო ჯგუფს, რომელთა შორისაც თქვენ ერთ-ერთ პირველ ადგილზე ხართ. რა არის, ზოგადად, ღეროვანი უჯრედი?
ზოგადად, ღეროვანი უჯრედი მარტივი, არასპეციალიზებული უჯრედია, რომელსაც ორი ძირითადი თვისება აქვს: შეუძლია თვითგანახლება, ანუ დაყოფის შედეგად თავისივე მსგავსი უჯრედების წარმოქმნა, და ასევე შეუძლია განვითარდეს სპეციალიზებულ – მაგალითად, კანის, ტვინის ან კუნთების უჯრედებად, რომლებიც ორგანიზმში კონკრეტულ ფუნქციას ასრულებენ.
არსებობს სხვადასხვა ტიპის ღეროვანი უჯრედები. ემბრიონული უჯრედები ემბრიონის განვითარების მხოლოდ ადრეულ ეტაპებზე გვხვდება. მათ შეუძლიათ ორგანიზმში არსებული ყველა, 200-ზე მეტი სპეციალიზებული უჯრედის წარმოქმნა. ღეროვანი უჯრედები ასევე არსებობს ზრდასრული ორგანიზმის სხვადასხვა ქსოვილში. მაგალითად, ზრდასრული ადამიანის ძვლის ტვინის ღეროვანი უჯრედები მთელი სიცოცხლის განმავლობაში წარმოქმნიან სისხლის უჯრედებს, ხოლო ტვინის ღეროვანი უჯრედები – ტვინის ნერვულ უჯრედებს. დღეს უკვე შესაძლებელია, რომ ზრდასრული ადამიანის კანის უჯრედებიდან, ლაბორატორიულ პირობებში, რეპროგრამირების გზით მივიღოთ ღეროვანი უჯრედები, რომლებსაც სხვადასხვა ტიპის სპეციალიზებულ უჯრედებად, მაგალითად, ნეირონებად, გულის კუნთის ან სისხლის უჯრედებად განვითარების უნარი შესწევთ. ამ მეთოდის გამომგონებელმა, იაპონელმა მეცნიერმა შინია იამანაკამ 2012 წელს ნობელის პრემია მიიღო. სწორედ ღეროვანი უჯრედებიდან რეპროგრამირების გზით მიღებული ნერვული უჯრედების გამოყენება ინსულტით დაზიანებული ტვინის ფუნქციების ეფექტიანად აღსადგენად არის ჩემი კვლევის ძირითადი საგანი. იმედი მაქვს, მომავალში შევძლებთ ამ მეთოდის კლინიკაში დანერგვას და ინსულტიანი პაციენტების მკურნალობას.
რა უნდა იცოდეს ადამიანმა საკუთარი თავისა თუ ჯანმრთელობის შესახებ, რომ თავი დაიცვას სამყაროში არსებული მავნე ბაქტერიებისგან?
მე არ ვარ ბაქტერიოლოგი ან ინფექციონისტი და, ამდენად, ამ კითხვაზე კვალიფიციურ პასუხს ვერ გაგცემთ. თუმცაღა, ზოგადად, ჩვენი ორგანიზმის საკუთარი დაცვითი სისტემა ანუ იმუნური სისტემა საუკეთესო იარაღია ყველანაირი ინფექციის და ბევრი სხვა დაავადების წინააღმდეგ. ამდენად, ჩემი აზრით, ძლიერი იმუნური სისტემა, რასაც ხელს უწყობს სწორი და ჯანსაღი კვება და ფიზიკური აქტივობა, ჯანმრთელობის ერთ-ერთი უმთავრესი საწინდარია.
ესაუბრა ქეთი კვირკველია
კომენტარები