„ემიგრანტობა ჩემთვის ცხოვრებასთან ჭიდილი გამოდგა…“ – ნინია ბერიძე იტალიიდან
„კითხვაზე: „როდის ვბრუნდებით?“ - ზოგი ტირილს იწყებს, ზოგი სიცილს... აგერ უკვე თხუთმეტ წელზე მეტია აქ ვარ და ჯერ არ შემხვედრია ადამიანი, რომელიც გადაჭრით მეტყოდა: „ხვალ, ზეგ, მაზეგ...“ ღმერთი ნიშანს მოგვცემსო, ამის იმედად არიან სამოცდაათ წელს გადაცილებულები
საქართველოს ისტორიულ კუთხეში – მესხეთში დაბადებული და გაზრდილი ნინია ბერიძე უამრავი თანამემამულე ქალის მსგავსად იტალიაში მოხუცს უვლის და ემიგრანტობის მე-16 წელს ითვლის. თან ლექსებს წერს და თავის გულის ნადებს, ემოციებს და განცდებს სიტყვებში აქსოვს. „ბავშვობაში ერთმა მწვანეთვალება გოგომ გალაკტიონი წამიკითხა, გაოგნებული დავდიოდი მთელი თვე… ახლაც მისი (გალაკტიონის) ზეგავლენით ვწერ და ვცხოვრობ“, – ამბობს იგი.
ბედმა პატარაობიდან კინოხელოვნებასაც „აზიარა“: ბავშვობაში ნინია ბერიძე ცნობილი ქართული ფილმების – „რაიკომის მდივანი“ და „ივანე კოტორაშვილის“ ამბავი – გადამღებ ჯგუფში მოხვდა.
„დიდი ქაჯანა ვინმე ვიყავი, ერეკლეს ნახიდარს ვეძახით ასპინძაში, იმ ხიდიდან ვხტებოდი წყალში. კიდევ, კურორტი ასპინძა გვაქვს, ცხელი წყლის, გოგირდის აბანოები და იქ არსებული ხიდიდანაც. ცხენზე ჯირითიც ვიცოდი და ეს ყველაფერი გამომადგა, ფილმებში მონაწილეობა რომ მიმეღო“, – სიამოვნებით იხსენებს ბავშვობის დროინდელ ამბებს.
მაშინ, ცხადია, ვერ წარმოიდგენდა, რომ მშობლიური ქვეყნის დატოვება მოუხდებოდა დიდი ხნით, თუმცა ცხოვრება რომ მოულოდნელობებით სავსეა, ეს ახლა კარგად იცის.
„ემიგრაცია ძალიან ცვლის ადამიანს: ხშირად ჯანმრთელობის პრობლემა იჩენს თავს. წარმოგიდგენიათ, რას ნიშნავს გარეთ გაუსვლელად მუშაობა? მზეს რომ ვერ ხედავ, მიწაზე ფეხი რომ არ დაგიდგამს თვეები. ბევრი ქართველია ასეთ სამსახურში“, – წუხილით ამბობს იგი ინტერვიუში, რომელშიც თავისი ცხოვრების მნიშვნელოვან ამბებზე, განცდებზე, გრძნობებზე, სურვილებსა და სამომავლო გეგმებზე გულახდილად გვესაუბრება.
იშვიათი სახელი გქვიათ, ქალბატონო ნინია… მოგვიყევით თქვენ შესახებ, საიდან ხართ და როგორ აღმოჩნდით იტალიაში?
სამცხე-ჯავახეთიდან ვარ, ასპინძიდან. სოფელი იყო იქ – ერკოტა, სადაც, სამწუხაროდ, დღეს აღარავინ ცხოვრობს. ამ სოფელში გამზარდეს ბებომ და პაპამ სკოლის ასაკამდე და თუ რაიმე სიკეთის მარცვალია ჩემში, ეს მათი დამსახურებაა. მახსოვს, პაპა ქურანა ცხენს რომ დააგელვებდა ერკოტის ტყეებში და აბგაში მუდამ მე ვეჯექი… სახელი ჩემმა უფროსმა დამ დამარქვა – ნინელი, მაგრამ მერე ჯერ ნინა გავხდი, შემდეგ – ნინო და ბოლოს ნინია დამარქვა მამამ. კი, იშვიათი სახელია, თანაც უფრო ბიჭის, მაგრამ ნინელის ეს სახელი მირჩევნია. ოცი წლის ვიყავი, მამა რომ გარდამეცვალა და მას შემდეგ ჩემთვის კიდევ უფრო მეტს ნიშნავს…
იტალიაში წამოსვლა ჩემმა მეგობარმა ცირა ლობჟანიძემ მირჩია. პირველი ის წავიდა ემიგრაციაში, სამი წლის შემდეგ დაბრუნდა, მომკიდა ხელი და აღარ გამიშვა. ცირა ახლა ისრაელშია. შორიდან ვუგზავნი მოკითხვას და მადლობას კიდევ ერთხელ ვეტყვი საჯაროდ.
კონკრეტულად სად, რომელ ქალაქში ხართ ამჟამად და უცხო ქვეყანაში პირველ ნაბიჯებს როგორ გაიხსენებთ? რა სიძნელეების გადალახვა მოგიხდათ, ძალიან გაგიჭირდათ შეჩვევა?
ახლა ავსტრიასთან ახლოს, ჩრდილოეთ იტალიაში ვარ. საოცარი მხარეა ალპებთან, სამხრეთით სულ ზღვაა, ჩრდილოეთიდან კი მთებითაა გარშემორტყმული. ბოლო სამი წელია, ძალიან კარგ ოჯახში ვმუშაობ. სამწუხაროდ, მოხუცი ქალი, რომელსაც ვუვლიდი, ახლახან გარდაიცვალა და ძალიან, ძალიან მეტკინა. მის ქალიშვილს დასავით ვუყვარვარ, მეც ისე ახლოს ვარ მასთან, ვერ ვშორდები, რაც დედა გარდაეცვალა, მინდა, ცოტა შევუმსუბუქო ტკივილი და ისე დავტოვო აქაურობა.
პირველად იტალიაში რომ ჩამოვედი, თვეების განმავლობაში ბალიში არ გამშრალა ჩემი ცრემლისაგან. ექვსი თვის განმავლობაში ყოველდღე „ვბრუნდებოდი“ სახლში, ჩავალაგებდი ბარგს ღამე და დილას ისევ ამოვალაგებდი….მერე მივხვდი, რომ სხვა გზა არ იყო, უნდა შევგუებოდი ამ ყველაფერს. ნელ-ნელა გამოჩნდნენ ჩემსავით „მოტირალი გოგონები“ და ერთმანეთის დაწყნარებაც დავიწყეთ… საერთოდ, არასოდეს არ უნდა გაბოროტდე ცხოვრებაში, ცუდი უფრო მეტია, ვიდრე კარგი ამ წუთისოფელში, ყველაფერი შეიძლება დაგემართოს, მაგრამ გულში ბოღმა არ უნდა ჩაიდო, თორემ სული მოგეწამლება, უნდა ეცადო, რომ კარგი გააკეთო…
რას იტყვით იტალიაზე – რა გასწავლათ ამ ქვეყანამ და ემიგრანტობის გამოცდილებამ?
საოცარი ქვეყანაა იტალია, ენით აუწერელია მისი სილამაზე, ოღონდ სიზარმაცეს არ გპატიობს. იტალიამ მითხრა: რამდენჯერაც წაიფორხილებ, თვალებს ნუ აცეცებ აქეთ-იქით, თავად წამოდექიო.
და ახლა, ამ გადასახედიდან ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის თქვენთვის?
შეძენილი ცოდნა, გამოცდილება და სიკეთის კეთება. ისე, რომ ამბობენ, ცხოვრებაში არაფერს შევცვლიდიო, მე ვერ დავეთანხმები. პირიქით, სიამოვნებით დავიწყებდი ყველაფერს თავიდან – შეცდომების გარეშე.
თქვენს ყველაზე დიდ შეცდომად რას თვლით, რაც შეგიძლიათ საჯაროდ აღიაროთ?
არაფერი განსაკუთრებული, უბრალოდ, თვალდახუჭული ვენდობი ადამიანებს…
ყველაზე დიდი პრობლემა რა არის ემიგრაციის გზაზე? რას ეტყოდით მათ, ვინც ემიგრაციაში წასვლას აპირებს – მათი რიცხვი კი, სამწუხაროდ, დღითიდღე იზრდება. დაბრუნების მსურველიც ბევრია, მაგრამ დაბრუნება ძნელია, როგორც ჩანს…
ემიგრაციას არ ვუყურებ, როგორც პრობლემას. ჩვენ პატარა ქვეყნის შვილები ვართ და გარკვეული დროით, გარკვეულ ეტაპზე როგორც ოჯახს, ისე ქვეყანას დახმარება უნდა. ერთი კია: ჩვენ „მესამე ქვეყნის“ შვილებს გვეძახიან და აქ არ უნდა დავრჩეთ მუდმივად… უცხოეთში დამკვიდრება ძალიან ძნელია და არასასურველი პირადად ჩემთვის.
საქართველო ჩემთვის სახლია, სადაც რაღაც დანაშაული ჩავიდინე ბავშობაში და გამოვიპარე. მერე იმდენ ხანს მომიწია აქ ყოფნა, სულ ვფიქრობ, რომ დავბრუნდე, აღარავინ მიცნობს ან თუ შემიცნო, ვეღარ გავაღებ-მეთქი გაჯახუნებულ კარებს. მიყვარს, მესიზმრება, მენატრება და მეტირება, როცა მახსენდება… თუმცა როდის არ მახსოვს?
რაც ემიგრანტი ხართ, საქართველოში არ ყოფილხართ?
გასულ წელს ვიყავი და წელსაც წამოვალ საქართველოში. თან ჩემს თავს ვეუბნები: იქნებ მოხდეს სასწაული და იტალიაში მხოლოდ საოცრებების სანახავად ჩამოხვიდე-მეთქი. ვნახოთ, რა იქნება.
სოციალურ ქსელში თქვენს ლექსებსა და ნოველებს გადავაწყდი – ემიგრაციაში ყოფნისას აიღეთ კალამი ხელში, თუ მანამდეც წერდით? რა პროფესიის ხართ?
პროფესიით მშენებელ-ინჟინერი ვარ და მეორადი ფაკულტეტიც მაქვს დამთავრებული, პედაგოგიური, დაწყებითების განხრით. ლექსებს სულ ვწერდი… ბავშვობაში ერთმა მწვანეთვალება გოგომ გალაკტიონი წამიკითხა, გაოგნებული დავდიოდი მთელი თვე… ახლაც მისი (გალაკტიონის) ზეგავლენით ვწერ და ვცხოვრობ.
ამ ლექსებსა და ნოველებში ბებოს და პაპას იხსენებთ ხშირად… დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, როგორ ფიქრობთ, წინაპრები რას არ გვაპატიებენ?
ქვეყანა არ უნდა შეიცვალო, შვილოო, მეტყოდა პაპა. ადამიანს შეიძლება ათი სახლი ჰქონდეს, მაგრამ სადაც აკვანს დაურწევენ, იქ, იმ სახლში სულის ამოსვლაც ადვილია.
წინაპრები არასოდეს გვაპატიებენ ძვალთშესალაგის დავიწყებას – ეს ყველას უნდა გვახსოვდეს!
ბავშვობა ვახსენეთ და – როგორც ვიცი, ქართულ ფილმებში ხართ გადაღებული ბავშვობაში…
ორი ფილმი გადაიღეს ჩემს ბავშობაში მესხეთში – „ივანე კოტორაშვილის ამბავი“ (1974) და „რაიკომის მდივანი“ (1980) და ამ ფილმებში მოვხვდი.
როგორ გიპოვეს? დიდი ხანი გავიდა, მაგრამ იქნებ უფრო დაწვრილებით მოგვიყვეთ, რა გახსოვთ ამ ფილმების გადაღებებიდან…
ადამიანი საჭირო დროს საჭირო ადგილას უნდა მოხვდე და ალბათ იღბალიც ესაა. მახსოვს, გადაღებებზე სახლში მომაკითხეს. დიდი ქაჯანა ვინმე ვიყავი, ერეკლეს ნახიდარს ვეძახით ასპინძაში, იმ ხიდიდან ვხტებოდი წყალში. კიდევ, კურორტი ასპინძა გვაქვს, ცხელი წყლის, გოგირდის აბანოები და იქ არსებული ხიდიდანაც. ცხენზე ჯირითიც ვიცოდი და ეს ყველაფერი გამომადგა, ფილმებში მონაწილეობა რომ მიმეღო. ბევრი რამ აღარ მახსოვს, მაგრამ არასოდეს დამავიწყდება თემურ ჩხეიძე მოღიმარი სახით; ბუმბერაზი ზურაბ ქაფიანიძე, რომლის ქორწილშიც ვცეკვავთ ბავშვები ფილმში, მერე კი ივანეს („ივანე კოტორაშვილის ამბავი“) ყვავილებს ვპარავთ, მეუღლესთან რომ მიაქვს. აი, „რაიკომის მდივანში“ კი ვაიოს ველებზე დავქრივართ ცხენებით. ძალიან მეგობრული ადამიანების გარემოცვაში მოვხვდი. მახსოვს, გადაღების შემდეგ როგორ ქეიფობდნენ, მღეროდნენ და ცეკვავდნენ. საოცარი იყო ბავშვობის წლები, მტკვარზე გაზრდილი მესხი გოგოს ყოფიერება.
და ეს მესხი გოგო, წლების განმავლობაში სამშობლოდან შორს მყოფი, რას ეკითხება ახლა ყველაზე ხშირად საკუთარ თავს?
ჩემს თავს და მეგობრებსაც, რომლებიც ჩემსავით უცხოეთში არიან, როდესაც ვურეკავ, პირველ რიგში, ვეკითხები: „როდის ვბრუნდებით?“ ზოგი ტირილს იწყებს, ზოგი სიცილს… აგერ უკვე თხუთმეტ წელზე მეტია, აქ ვარ და ჯერ არ შემხვედრია ადამიანი, რომელიც გადაჭრით მეტყოდა: ხვალ, ზეგ, მაზეგ… ღმერთი ნიშანს მოგვცემსო, ამის იმედად არიან სამოცდაათ წელს გადაცილებულები.
დრო აგვერია ემიგრანტებს, წელი, თვე, კვირა, დღე, საათი, წუთი აღარ გვაქვს…
პირად ცხოვრებაზე რას გვეტყვით?
პირადი ცხოვრება გვიან ავაწყვე. დიდხანს მიყვარდა ერთი შეუდარებელი ადამიანი, ჩემთვის გამორჩეული – ბოლოს შევუღლდით. თუ ვინმე მიყვარს დედამიწაზე, უპირველესი ჩემი მეუღლეა. ჩემი სიცოცხლე, ჩემი შრომა და ჩემი მომავალი მთლიანად მას ეკუთვნის. ბევრად ახალგაზრდა და ბევრად ლამაზი ვერავინ შემამჩნია, აი ზაალ მორჩაძემ კი ბედნიერი გამხადა თავისი არსებობით.
ბატონი ზაალი თქვენთან ერთადაა იტალიაში თუ საქართველოში გელოდებათ?
ერთად ვიყავით სამხრეთ იტალიაში შვიდი წელი, მერე ისევ საქართველოში წამოვიდა – აქ მამაკაცის სამსახურები ძალიან ჭირს. ჯერ გადაჭრით ვერაფერს ვამბობ, მაგრამ მალე ალბათ მეც დავბრუნდები. დიდი არაფერი მინდა: მასთან ერთად ყოფნა, პური, წყალი და… ტკბილი სიბერე კი თავისთავად მოვა.
მოდით, დაასრულეთ ფრაზა: ემიგრანტობა ჩემთვის….
ემიგრანტობა ჩემთვის ცხოვრებასთან ჭიდილი გამოდგა, ათასჯერ ნაპოვნი ძალა, ათობით ნაპოვნი ადამიანი, სიკეთე და სხვებზე ზრუნვა.
მითხრეს კიდეც თქვენზე, რომ ბევრს ზრუნავთ სხვებზე, ქველმოქმედი ბრძანდებით…
სამცხეში, ჩემს სახლთან ახლოს ორი ეკლესიაა: ხვილიშა და ჩიხორიში. ერთ ამბავს გავიხსენებ: ის პერიოდია, როდესაც ყველგან უღმერთობა სუფევდა. აღდგომა მოდიოდა და ამ დროისთვის უამრავი ქადა-ნაზუქი ცხვებოდა ჩვენს ოჯახში. მამა პარტიული მუშაკი იყო და ცოტა შიში და რიდი ყველას გვქონდა ამ სამზადისთან დაკავშირებით. დილა-ბნელზე დედამ მითხრა, ეს სინი გადაიტანე ეკლესიაში, ჩუმად დაალაგე იქ ყველაფერი, არავინ დაგინახოს და გამობრუნდიო. რვა-ცხრა წლის ვიქნებოდი. მახსოვს, ცრემლების ყლაპვით ძლივს მივაღწიე ხვილიშამდე. დავალაგე ყველაფერი ჩამონგრეული კედლების მიღმა და იქვე დავიმალე: აბა, თუ მოვა ღმერთი, აბა, რას იტყვის ღმერთი-მეთქი, ვფიქრობდი… ცოტა ხანში სონა ძალო გამოჩნდა ხუთი შვილით, ღარიბი და უპოვარი ქალი, რომლის ღიმილი არავის უნახავს… მოიძრო თავსაფარი, სახეგაბადრულმა ცას ახედა, ყველაფერი იმ თავშალში გამოკრა და ფაციფუცით მოშორდა იქაურობას. დაზაფრული მივედი სახლში და დედას ყველაფერი მოვუყევი. მახსოვს, როგორ მიმიხუტა დედამ გულზე და მითხრა: ხედავ, შვილო, ღმერთს როგორ უყვარხარო და პირჯვარი გადაიწერა. მას შემდეგ ათასმა წყალმა ჩაიარა და ახლა ვხვდები, დედამიწას რა ძალაც აბრუნებს…
სიკეთე, ხომ?
დიახ, ეს სიკეთეა!.. ერთ ამბავსაც მოგიყვებით: ქუთაისში ვცხოვრობდი 1985 წლიდან. ერთ დღეს პეტრე-პავლეს სახელობის ეკლესიაში წავედი. ოთხმოცდაათიანი წლებია, ის პერიოდი, არაფერი რომ არ გვაბადია საქართველოში. იმ დროს დიდად მორწმუნე არ ვყოფილვარ, მაგრამ ღმერთს ვთხოვე, მიშველე ან მასწავლე, ცხოვრება როგორ გავაგრძელო-მეთქი. თავდახრილი გამოვედი ეკლესიიდან და სახლის გზას ფეხით გამოუყევი. აი, იქ მოხდა საოცრება – გზაში საფულე ვიპოვე გარკვეული თანხით… დიდხანს ვიდექი ერთ ადგილას გაოგნებული, რადგან ირგვლივ ერთი ადამიანისთვისაც კი არ მომიკრავს თვალი. ჩავთვალე, რომ ეს ღმერთის საჩუქარი იყო და დამიჯერეთ, სადარბაზოში ჩემს მეზობლებს, ვისაც ვიცოდი, რომ საჭმელი არ ჰქონდათ, ერთი კვირა არ მოშიებიათ. მას შემდეგ ერთი პურიც რომ გვქონდეს მე და ჩემს მეუღლეს, ლუკმას არ ვიტოვებთ, თუ სადმე ხელი მიგვიწვდება.
ერთ რამეს მივხდი ჩემი ნახევარსაუკუნოვანი გამოცდილებიდან: ადამიანო, იადამიანე, აკეთე სიკეთე და დაიჯერე, ყველაფერი გამოვა!
ნუ მიატოვებ გაჭირვებულს, გაიხადე და ჩააცვი, დაგიბრუნდებაა ათასად, ათიათასად!
ვიცი, რომ ის პატარ-პატარა სიკეთეები, რაც დედამიწაზე მიმომიფანტავს, მიშველის… ღმერთი სადღაც შიგნითაა, თამარ, მარტო შენ რომ ხედავ და შენია, გულის ფიცარზე ზის და გითვლის ავსაც და კარგსაც.
და ამ რწმენის ადამიანის ყველაზე დიდი სადარდებელი რა არის?
ცხოვრება დიდი ლაბირინთია, ზოგი ადვილად ახერხებს თავის დაღწევას, ზოგი ამ ლაბირინთებში იკარგება. არაფერზე წამომცდება საყვედური, რაც დავიმსახურე, ალბათ მივიღე, მაგრამ დედობის განცდის გარეშე წუთისოფლის დატოვება მკლავს. ეს ოცნება და ნატვრა აუსრულებელი დამრჩა. ამ გადმოსახედიდან ვინატრებდი მთაში სახლს, ბევრ შვილს და ბევრ ცხვარ-ძროხას.
და კიდევ:
ოთხ დას ერთადერთი ძმა გვყავდა, კარგი მესხი, კარგი ფეხბურთელი, კარგი მამა და, უბრალოდ, კარგი ადამიანი – შალვა ბერიძე , ვაკე-საბურთალოს რაიონის სპორტსკოლის დირექტორი. ის რომ მომიკვდა, სულ მალე დედაც მის გზას გაუდგა – აიკრძალა ყველაფერი ამქვეყნიური და ჩემი ძმის საუფლო აირჩია. აი, მაშინ მეტკინა, თამარ… ყოველდღე სიკვდილს ვეძებდი, ეს იყო ჩემი ცხოვრების უსაშინლესი პერიოდი. საღსალამათი ძმა დავკარგე, დღისით იმსაჯა, საღამოს კი გული გაუჩერდა… სულ დავეძებ, მინდა ისეთი ადამიანი ვიპოვო, ვინც ცოტათი მაინც ჩემს ძმას ემსგავსება…
ნათელში ამყოფოს უფალმა თქვენი ძმა და დედათქვენი, თქვენ კი აგსრულებოდეთ სურვილები…
დიდი მადლობა! ნეტავ, ისეთი ქვეყანა მქონდეს, სადაც არ იქნება ბოროტება; სადაც არ მოკლავენ ქალებს; სადაც არ მოშივდებათ მოხუცებს და ბავშვებს! ნეტავ, შემეძლოს საქართველოში დიდი სახლის აშენება, სადაც ობოლი ბავშვები იცხოვრებენ თვრამეტ წლამდე ან მოხუცთა თავშესაფარი მქონდეს და მათი დიასახლისი ვიყო, ყოველი დღე მათ მოფერება-მოვლაში გავათენო და დავაღამო. მოხუცებიც და ბავშვებიც ერთნაირად მატირებენ, ვერ ვუძლებ, როდესაც ვუყურებ კადრებს, როგორ ითხოვენ დახმარებას.
დაბოლოს, თქვენი სათქმელი რა არის მშობლიური ქვეყნისთვის, ქართველი ხალხისთვის…
ჩემო ქვეყანავ, შენ უნდა შეძლო, შენ უნდა წამოდგე! შენ არავისი ხარ, შენ საქართველო გქვია!
ესაუბრა თამარ ოთიაშვილი
P. S. ამ ინტერვიუს ქალბატონი ნინია უკვე საქართველოში წაიკითხავს!
გთავაზობთ ნინია ბერიძის ლექსებს.
***
ვიდექი ჩემთვის
ბებერ ხერთვისთან,
თავს ზემოთ ფრენდა
უცხო ფრინველი,
გადაიფრინა თმოგვის ციხესთან,
ვარძიას ჩანდა ფრთათა ციალი.
ვიდექი უხმოდ ობოლი ცრემლით,
ჯავახეთიდან ქროდა ნიავი,
არ იყო ქვეყნად
ადამიანი – და არცა ძალა
მასზე დიადი.
ჩამოვივაკე მტკვრის ნაპირებთან,
მზე მაცილებდა
მწველი სხივებით,
ვიდექი მარტო, მიტოვებული,
მტკვარი მაფრთხობდა ლომის ღრიალით.
აპრილი იდგა ჩემს ქვეყანაში, –
სიზმარშიც მისგან რა შორს ვიყავი!
***
რამდენ ტკივილს გაუძელი, მიწას დაცემას,
არასოდეს არ მტოვებდი, სეტყვა მაწვიმდა,
რაც არ უნდა მეთქვა შენთვის, სულ მისრულებდი,
არ იცოდი ღალატი და მიერთგულებდი.
შენთან ერთად დავიბადე, შენით ვიცხოვრე,
ეს რა გზები გავიარეთ, რარიგ ვიშრომეთ,
აბა, რატომ გაიბზარე, სად გიღალატე,
წუწუნებ და მეუბნები, რომ დაიღალე.
არ გაგიჟდე, არ დამტოვო, არ მიღალატო,
გულო, უნდა მიმიყვანო საქართველომდე!
ვიცი გიჭირს, დაღლილი ხარ და გეძინება,
მე რაღა ვქნა, სამშობლო რომ სულ მესიზმრება,
გეხვეწები, ცოტაც კიდევ, გზა მეგულება,
ქართველი ვარ, ქართველობა მედიდგულება.
***
მძაგს უპასუხო კითხვა, ცოდვით ნაშოვნი ფული,
მძაგს ჭორი, მოთქმა-მითქმა, სიბილწით სავსე სული,
ნაცრის შემოყრა თვალში, მითვისებული გრძნობა,
არ შეყოვნება კარში, ფეხაცდენილის გმობა.
მძაგს გატეხილი ფიცი, დაგინებული დედა,
ის, რომ არც არა იცი, დაბნელებული ხედვა.
მძაგს მიტოვება ქალის, ურცხვად ჩაკლული სული,
არ დაბრუნება ვალის, არ გაყოფილი პური.
ქედს სიალალეს ვუხრი, გულის გულამდე მიმყავს,
ღმერთთან მოყრილი მუხლი და… სიყვარული მიყვარს!
ნინია ბერიძე
კომენტარები