სპორტი

იტალიელები ხვიჩას გვარის გამოთქმაში ვარჯიშობენ – სახალისო ვიდეო

ხვიჩა კვარაცხელიამ თავის ახალ გუნდთან –  „ნაპოლისთან“ ერთად იტალიის მთიან საკურორტო ქალაქ დიმაროში დაიწყო ახალი სეზონისთვის ვარჯიში, „ნაპოლის“ იტალიელი „ტიფოზები“ კი მისი გვარის გამოთქმაში ვარჯიშობენ. ამ ვარჯიშის ამსახველ სახალისო ვიდეოს CalcioNapoli24 თავის იუთუბ-არხზე აქვეყნებს.

„კვარაცხელია 2022 წელს „ნაპოლის“ პირველი ახალწვეული ფეხბურთელია. უდავოდ ნიჭიერი მოთამაშე ჯერ მხოლოდ რუსეთსა და საქართველოში თამაშობდა, ამიტომ ძალიან საინტერესოა მისი იტალიის ჩემპიონატში ნახვა, თუმცა აქ, დიმაროში „ნაპოლის“ ყველა გულშემატკივარი საკუთარ თავს ეკითხება: როგორ წარმოითქმის „კვარაცხელია“? მოდით, ვცადოთ ამ საიდუმლოს ამოხსნა“, – ასეთ კომენტარს ურთავენ ვიდეოს ავტორები ჩანაწერს.

საფეხბურთო კლუბმა კი თავის ინსტაგრამის გვერდზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც იტალიელებს საკუთარი სახელისა და გვარის წარმოთქმას თავად ხვიჩა ასწავლის.

 

View this post on Instagram

 

A post shared by SSC Napoli (@officialsscnapoli)

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლისთან“ 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და უკვე გუნდში სათამაშო მაისურის ნომერიც აირჩია – ის იტალიურ კლუბში 77 ნომრით ითამაშებს. მისი ტრანსფერის ღირებულება, მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 10 მლნ ევრო იყო, ხოლო წლიური ანაზღაურება 1 მილიონი ევრო იქნება.

საქართველოს ნაკრების 21 წლის ლიდერი მესამე ქართველი ფეხბურთელია კახა კალაძის და ლევან მჭედლიძის შემდეგ, რომელიც იტალიის სერია A-ს გუნდის შემადგენლობაში ითამაშებს.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close