დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ მან 7 ივლისს განაცხადა ბრიტანელებისადმი მიმართვისას. ჯონსონმა, აგრეთვე, თქვა, რომ მმართველი (კონსერვატორული) პარტიის ლიდერის პოსტსაც ტოვებს, პრემიერის თანამდებობაზე კი პარტიის ახალი ლიდერის (და, შესაბამისად, ახალი პრემიერის) არჩევამდე დარჩება.
საქმე ეხება კონსერვატორული პარტიის საპარლამენტო მდივნის მოადგილე კრის პინჩერთან დაკავშირებულ სკანდალს, რომელსაც სექსუალურ შევიწროებაში დასდეს ბრალი. პინჩერმა ბოდიში მოიხადა და 30 ივნისს თანამდებობა დატოვა, თუმცა, როგორც მედია წერს, აღმოჩნდა, რომ პინჩერის წინააღმდეგ ანალოგიურ საკითხზე საჩივარი 3 წლის წინათაც შეიტანეს, რომლის შესახებ ბორის ჯონსონი საქმის კურსში იყო და ამის მიუხედავად იგი მაინც დანიშნა მაღალ თანამდებობაზე. ბორის ჯონსონმა ბოდიში მოიხადა იმის გამო, რომ კრის პინჩერი მის მთავრობაში მუშაობდა.
ბორის ჯონსონის გადადგომამდე მთავრობა დატოვეს მინისტრებმა და რამდენიმე თანამდებობის პირმა – 50-ზე მეტმა ადამიანმა, რომლებმაც სექსუალურ სკანდალთან დაკავშირებით პროტესტის ნიშნად უარი განაცხადეს ჯონსონის მთავრობაში მუშაობაზე.
ბორის ჯონსონის გადადგომა ოპოზიციურმა ლეიბორისტულმა პარტიამ სექსუალურ სკანდალამდეც, მიმდინარე წლის აპრილში მოითხოვა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ პრემიერ-მინისტრმა კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული კარანტინისა და შეზღუდვების დროს წვეულება მოაწყო საკუთარ დაბადების დღეზე, 2020 წლის 19 ივნისს. ამ დღეს ჯონსონი 56 წლის გახდა. ლონდონის ცენტრში, ერთ-ერთ რეზიდენციაში მისთვის მოწყობილი წვეულება გვიან ღამემდე გაგრძელდა და მას 30-მდე ადამიანი ესწრებოდა, მათ შორის, მინისტრები და მმართველი კონსერვატორული პარტიის წევრები.
ამ წვეულებებზე გადაღებული ფოტოები ჟურნალისტებს ჩაუვარდათ ხელში. გამოძიების შემდეგ, 2022 წლის აპრილში პოლიციამ კომენდანტის საათის დარღვევისთვის 80-ზე მეტი თანამდებობის პირი დააჯარიმა, მათ შორის, თავად პრემიერ-მინისტრი. როგორც შემდეგ გაირკვა, ჯონსონის დაბადების დღის წვეულება ერთ-ერთი იყო იმ 16 წვეულებიდან, რომელიც ხელისუფლების წევრებმა არალეგალურად გამართეს პანდემიით გამოწვეული კარანტინის დროს, როდესაც კანონით აკრძალული იყო 2-ზე მეტი ადამიანის შეკრება და სახლიდან გამოსვლა აუცილებელი საჭიროების გარეშე. მათგან რამდენიმეს თავად პრემიერიც ესწრებოდა.
ამრიგად, ბორის ჯონსონი პირველი პრემიერ-მინისტრი გახდა დიდი ბრიტანეთის ისტორიაში, რომელიც თანამდებობაზე ყოფნის დროს ამხილეს კანონდარღვევაში.
ჯონსონის გადადგომის მოთხოვნას მიმდინარე წლის მაისში მისი თანაგუნდელებიც შეუერთდნენ.
5 ივნისს დიდი ბრიტანეთის პარლამენტში, თემთა პალატაში კონსერვატიულმა პარტიის ინიციატივით ჯონსონისთვის ნდობის ვოტუმის გამოცხადების პროცედურა გაიმართა პრემიერის პოპულარობისა და მმართველი პარტიის რეიტინგის მკვეთრი ვარდნის ფონზე. მაშინ ჯონსონი „გადარჩა“ – 359 დეპუტატიდან პრემიერ-მინისტრს მხოლოდ 148-მა გამოუცხადა უნდობლობა.
„ეს დამაჯერებელი და გადამწყვეტი შედეგია. ახლა შეგვიძლია უკან მოვიტოვოთ გაუგებრობები და ქვეყნის სასიკეთოდ გავაგრძელოთ მუშაობა“, – განაცხადა ჯონსონმა კენჭისყრის შედეგების გამოცხადების შემდეგ, თუმცა შემდგომ განვითარებულმა მოვლენებმა – კრის პინჩერის მიერ ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში 2 მამაკაცის სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებით აგორებულმა სკანდალმა მას შანსი აღარ დაუტოვა.
პრემიერ-მინისტრმა 6 ივლისს განაცხადა, რომ გადადგომას არ აპირებდა, თუმცა 7 ივლისს ბრიფინგი მოიწვია და ბრიტანელებს მიმართა. მან თქვა, რომ კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარის პოსტი დატოვა და პრემიერ-მინისტრობიდანაც გადადგება 2022 წლის ოქტომბერში, როდესაც კონსერვატიული პარტია ახალ ლიდერს აირჩევს, რომელიც ახალი პრემიერ-მინისტრი გახდება, თუმცა BBC-ს ცნობით, კონსერვატორთა საკმაოდ დიდ ნაწილს უნდა, რომ ჯონსონმა თანამდებობა დაუყოვნებლივ დატოვოს.
ბორის ჯონსონი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი 3 წლის წინათ, 2019 წლის 24 ივლისს გახდა. მანამდე იგი ლონდონის მერი იყო (2008-16 წლებში). ჯონსონის მთავარი დაპირება იყო „ბრექსიტის ბოლომდე მიყვანა“, რაც შეასრულა კიდეც – ბრიტანეთმა ევროკავშირი 2020 წლის 31 იანვარს დატოვა.
აღსანიშნავია, რომ ბორის ჯონსონი ევროპელი ლიდერებიდან უკრაინის ყველაზე მხურვალე მხარდამჭერია რუსეთის წინააღმდეგ ომში. იგი პირველი ჩავიდა კიევში. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დიდმა ბრიტანეთმა ქვეყანას უკვე გამოუყო 2.3 მილიარდი გირვანქა სტერლინგის შეიარაღება – იმაზე მეტი, ვიდრე ევროკავშირმა ან აშშ-მა. დიდმა ბრიტანეთმა უკრაინული საქონელი გადასახადებისგან გაათავისუფლა. ბრიტანეთის პრემიერთან ერთ-ერთი შეხვედრისას ზელენსკიმ თქვა, რომ „ჯონსონი ლიდერია, რომელიც ყველაზე მეტად ეხმარება უკრაინას“, მაშინ როდესაც დანარჩენი ევროპული ქვეყნები ყოყმანობენ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე.
უკრაინული მედიის ცნობით, ბორის ჯონსონი გადადგომის შესახებ განცხადების გაკეთების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა.
საუბრისას ჯონსონმა დაუდასტურა მას დიდი ბრიტანეთის მხრიდან ურყევი მხარდაჭერა და აღნიშნა, რომ ლონდონი იმდენ ხანს გააგრძელებს უკრაინის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სამხედრო დახმარებას, რამდენიც საჭირო იქნება.
თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ბორის ჯონსონს და აღნიშნა, რომ უკრაინელი ხალხი დიდი ბრიტანეთის ძალისხმევის მადლობელია.
„ჩვენ ყველამ სევდით მივიღეთ ეს [გადადგომის] ამბავი. არა მხოლოდ მე, არამედ მთელმა უკრაინულმა საზოგადოებამ, რომელიც თქვენ მიმართ დიდი სიმპათიით არის განწყობილი. მთელი ჩემი ოფისი და ყველა უკრაინელი მადლობელია თქვენი დახმარებისთვის. ეჭვი არ გვეპარება, რომ დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერა შენარჩუნდება, თუმცა თქვენი პირადი ლიდერობა და ქარიზმა მას განსაკუთრებულს ხდიდა“, – უთხრა ზელენსკიმ ჯონსონს.
რუსები კი ბორის ჯონსონის გადადგომის შესახებ ინფორმაციამ დიდად გაახარა, რაც აშკარად იგრძნობა არა მარტო რუსულ მედიაში გამოქვეყნებული ინფორმაციების აქცენტებსა და შეფასებებში, არამედ მთავრობის წარმომადგენელთა განცხადებებშიც:
„ყველასთვის აშკარაა – ლიბერალური რეჟიმები ღრმა პოლიტიკურ, იდეოლოგიურ და ეკონომიკურ კრიზისში არიან. ბრიტანეთის ნახევრად დაშლის სიტუაცია საგანგაშოა. უმართაობა, ქაოსი – ძირითადი დახასიათებებია, რომლებსაც ექსპერტები იძლევიან“, – დაწერა ტელეგრამში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ. – „[ჯონსონი] ამჯერად თანამებრძოლებმა გაყიდეს. და როგორ გაყიდეს! მორალი – ნუ ისწრაფვით რუსეთის განადგურებისკენ. რუსეთის განადგურება შეუძლებელია. მასზე კბილების მომტვრევა კი – შესაძლებელი. და ეს კბილები გადაგცდებათ და დაგახრჩობთ“.
მოამზადა ნიკო აბაშიშვილმა
კომენტარები