რას არ გაიგებ/ფაქტებიხელოვნებასაზოგადოება

თავდასხმა „მონა ლიზაზე“ – „მოხუცმა ქალმა“ ლეონარდოს შედევრს ტორტი ესროლა (ვიდეო)

პარიზის „ლუვრში“ თავს დაესხნენ „მონა ლიზას“ – ლეონარდო და ვინჩის მიერ შექმნილ უნიკალურ პორტრეტს, რომელიც რენესანსის პერიოდის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ შედევრად ითვლება. თავდამსხმელი მოხუც ქალად იყო გადაცმული და ინვალიდის ეტლში იჯდა, რამაც დაცვა შეცდომაში შეიყვანა და იგი უპრობლემოდ შეუშვეს მუზეუმში.

როდესაც შედევრის წინ აღმოჩნდა, „მოხუცი ქალი“, ლუვრის ვიზიტორების და თანამშრომლების გასაოცრად, ინვალიდის ეტლიდან წამოხტა და წინასწარ გამზადებული ტორტი ლეონარდოს ტილოს ესროლა.

მართალია, მე-16 საუკუნის დასაწყისში შექმნილი შედევრი არ დაზიანებულა, რადგან ვანდალების მრავალრიცხოვანი თავდასხმის გამო იგი დიდი ხანია ტყვიაგაუმტარი შუშის სქელი ფენითაა დაფარული, მაგრამ თავდამსხმელმა დიდი ფურორი ნამდვილად მოახდინა.

ვიდეოში, რომელიც სოციალურ მედიაში სწრაფად გავრცელდა, ჩანს, რომ ხანშიშესულ ქალად გადაცმული ახალგაზრდა მამაკაცი „მონა ლიზას“ ტყვიაგაუმტარ მინაზე ტორტის წასმას მაშინაც კი აგრძელებდა, როდესაც დაცვის თანამშრომლებმა დაიჭირეს.

დაკავების შემდეგ ახალგაზრდა კაცმა პარიკი მოიძრო და, როგორც ვიდეოშიც ისმის, ფრანგულად დაიძახა: „იფიქრეთ დედამიწაზე, მხატვრები ფიქრობენ მასზე, ყველა მხატვარი ფიქრობს დედამიწაზე. აი ამიტომ გავაკეთე მე ეს. და თქვენც იფიქრეთ დედამიწაზე!“

ახალი თავდასხმა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ (და საგულდაგულოდ დაცულ) შედევრზე, სავარაუდოდ, ისტორიაში დარჩება, როგორც გლობალური კლიმატური ცვლილებების პრობლემაზე ყურადღების მიქცევის ერთ-ერთი ყველაზე ორიგინალური გზა.

„ჯოკონდასთვის“ ასეთი ფაქტები უცხო ნამდვილად არ არის: წარსულში ის არაერთხელ გამხდარა ვანდალებისა და თავდამსხმელების სამიზნე.

ყველაფერი ჯერ კიდევ 1911 წელს დაიწყო, როდესაც „ლუვრიდან“ ტილო გაუჩინარდა და ის მხოლოდ ორი წლის შემდეგ შემთხვევით აღმოაჩინეს ფლორენციაში. მთელი ამ ხნის განმავლობაში გამტაცებელს – ვინჩენცო პერუჯას „მონა ლიზასთან“ ეძინა, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით: ლეონარდოს ფასდაუდებელ ნახატს იგი სახლში, საკუთარ საწოლზე, ლეიბის ქვეშ ინახავდა.

თავად პერუჯა დაჟინებით ამტკიცებდა, რომ მას კეთილშობილური მიზანი ამოძრავებდა – აპირებდა შედევრი დაებრუნებინა იტალიაში, საიდანაც ის ნაპოლეონმა საფრანგეთში წაიღო.

„ჯოკონდა“ 1956 წელს  განადგურების პირველ მცდელობას გადაურჩა სამხრეთ საფრანგეთის ქალაქ მონტობანის მუზეუმში გამართული გამოფენის დროს. ერთ-ერთმა ვიზიტორმა ნახატს გოგირდმჟავა შეასხა, რამაც ტილოს ქვედა ნაწილი დააზიანა.

იმავე წელს (რომელიც „მონა ლიზასთვის“ საკმაოდ უიღბლო აღმოჩნდა) ახალგაზრდა ბოლივიელმა უგო უნგაზა ვილეგასმა ნახატს ქვა ესროლა და მას შემდეგ ატყვია „ჯოკონდას“ ოდნავ შესამჩნევი კვალი მარცხენა იდაყვზე. ზოგიერთი წყაროს თანახმად, ვილეგასმა მოგვიანებით აღიარა, რომ „მონა ლიზა“ დედასავით უყვარდა, მაგრამ შემდეგ შენიშნა, რომ იგი დასცინოდა და ამას ვერ გაუძლო.

მას შემდეგ გადაწყდა ლეონარდოს შედევრის ტყვიაგაუმტარი შუშით დაფარვა.

იცოდა თუ არა ამის შესახებ იაპონელმა ტურისტმა, რომელმაც 1974 წელს ნახატს საღებავით სავსე ბოთლი ესროლა და რა იყო მისი მოტივები, უცნობია, მაგრამ სწორედ დამცავმა მინამ იხსნა ნახატი დაზიანებისგან. ამ შემთხვევის შემდეგ „მონა ლიზა“ კიდევ უფრო „ღრმად“ დამალეს – სპეციალურად მისთვის დამზადებულ  ტყვიაგაუმტარ, ჰელიუმით სავსე შუშის ყუთში მოათავსეს.

ამის მიუხედავად „მონა ლიზას“ მოძულეები მასზე თავდასხმას განაგრძობდნენ – 2009 წლის აგვისტოში ტილოს ამჯერად რუსმა ტურისტმა ქალმა კათხა ესროლა, მაგრამ დამცავმა ეკრანმა, როგორც მოსალოდნელი იყო, თავისი ფუნქცია წარმატებით შეასრულა და ნახატს არაფერი დაშავებია. თავდამსხმელი პოლიციის განყოფილებაში წაიყვანეს (და მალევე გაათავისუფლეს).

წყარო: bbc.com

თარგმნა ნუცა ყაველაშვილმა

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close