ალცჰაიმერის დაავადება, დემენციის ყველაზე გავრცელებული სახეობა, მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანს აწუხებს.
ეს ნეიროდეგენერაციული დაავადება ხასიათდება მეხსიერების პროგრესირებადი დაქვეითებითა და გარკვეული ინტელექტუალური (კოგნიტიური) ფუნქციების მოშლით, რაც ადამიანის ყოველდღიურ საქმიანობაში დარღვევებს იწვევს.
დაავადების ზუსტი მიზეზები დადგენილი არ არის. ცნობილია, რომ ალცჰაიმერი მაშინ იჩენს თავს, თუ ტვინში ერთდროულად ორი ნეიროპათოლოგიური დაზიანებაა — ბეტა-ამილოიდური ცილის უჯრედშორისი დალექვა და ტაუ-ცილის უჯრედშიდა დალექვა.
ამასთან დაავადების გამომწვევი რისკების დაახლოებით 70% გენეტიკურ ფაქტორებს უკავშირდება.
ალცჰაიმერის პირველი ნიშნები
სამწუხაროდ, ამ დროისათვის არ არსებობს სტანდარტული ტესტი, რომელიც დაავადებას სიმპტომების გაჩენამდე გამოავლენს. ამიტომ ყურადღება უნდა გამახვილდეს პირველ გამაფრთხილებელ ნიშნებზე, რომლებიც შესაძლოა არც კი იყოს დაკავშირებული ალცჰაიმერთან.
გახსოვდეთ: მეხსიერების დაქვეითება ყოველთვის არ არის ალცჰაიმერის სიმპტომი. დაავადების დიაგნოზი მხოლოდ სპეციალისტმა უნდა დასვას!
პირველი გამაფრთხილებელი ნიშნები კი ასეთია:
- ქცევისა და პიროვნული თვისებების (ხასიათის) შეცვლა;
- ცოტა ხნის წინ მომხდარი მოვლენების დავიწყება;
- ნაცნობი საგნებისა და ადამიანების ცნობის უნარის დაქვეითება;
- მეტყველებაში დარღვევა (სიტყვების დავიწყება, წერისა და კითხვის უნარის შეფერხება);
- გართულებები ჩვეული საქმიანობის შესრულებაში;
- დროსა და სივრცეში ორიენტაციის უნარის დაკარგვა;
- ჯანსაღი და ლოგიკური მსჯელობის უნარის დარღვევა;
- მოტივაციის დაკარგვა.
როგორც მეცნიერები ამბობენ, ალცჰაიმერის დაავადების რისკი ასაკთან არის დაკავშირებული. 65 წლამდე ასაკის მოსახლეობაში ალცჰაიმერით მხოლოდ 2%-ზე ნაკლები დაავადებული გვხვდება. აღინიშნება, რომ ამ დაავადების შემთხვევაში სქესი ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია: პაციენტების 60% ქალია.
თუმცა ყველაფრის მიუხედავად, მეცნიერების თქმით, არსებობს რამდენიმე რისკ-ფაქტორი, რომელთა აღკვეთას შეუძლია შეაჩეროს დაავადების განვითარება.
ასეთი საყურადღებო ფაქტორებია:
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები — მაღალი არტერიული წნევა, სისხლში LDL (ცუდი) ქოლესტერინის მაღალი დონე და HDL (კარგი) ქოლესტერინის დაბალი დონე, მეორე ტიპის დიაბეტი.
განათლების დონე და შემეცნებითი აქტივობა — კვლევებმა აჩვენა, რომ რაც უფრო განვითარებული და გამოყენებულია ტვინი, მით უფრო დაბალია დემენციის განვითარების რისკი. ამიტომ განათლების დაბალი დონე ალცჰეაიმერის განვითარების რისკ-ფაქტორად მიიჩნევა. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ინტელექტუალურ სტიმულაციას შეუძლია შეამსუბუქოს დაავადების შედეგები.
თავის ტრავმა — წარსულში თავის ტრავმა ასევე ახდენს გავლენას მოგვიანებით დემენციის განვითარებაზე. ეს განსაკუთრებით ეხება ისეთ ტრავმას, როდესაც ადამიანი ცნობიერებას ხუთ წუთზე მეტი ხნის განმავლობაში კარგავს.
დეპრესია — ზოგიერთ შემთხვევაში ის ალცჰაიმერის სიმპტომად ითვლება, თუმცა რეალურად რისკ-ფაქტორია. დეპრესიის პერიოდებში იზრდება ტვინში მავნე ქიმიური ნივთიერებების დონე, რაც შესაბამისად ზრდის ალცჰაიმერით დაავადების რისკს.
ძილის დარღვევა — ძილის დროს ტვინი ტოქსინებისგან იწმინდება. ალცჰაიმერით დაავადებული პაციენტების ორგანიზმიდან ბეტა-ამილოიდური ცილების დანალექები სწორედ ძილის დროს გამოიდევნება.
ქრონიკული სტრესი — სტრესის ჰორმონი კორტიზოლი განსაკუთრებით ძლიერ გავლენას ახდენს მეხსიერებაზე. გარდა ამისა, სტრესი ასევე მოქმედებს გულისა და სისხლძარღვების ჯანმრთელობაზე, ასუსტებს იმუნურ სისტემას, რომელიც ხელს უწყობს დემენციის წინააღმდეგ ბრძოლას.
sputnik-georgia.com
კომენტარები