მსოფლიოპოლიტიკაქართველები უცხოეთში

„აზოვი“ მე და ორმა ქართველმა მოხალისე მებრძოლმა შევქმენით – რას ჰყვება ლეგენდარული ბატალიონის ერთ-ერთი დამფუძნებელი

სერგეი კოროტკიხი – მეტსახელად „ბოცმანი“ პოლკ „აზოვის“ ერთ-ერთი დამფუძნებელია. სწორედ „აზოვის“ მებრძოლები იცავენ თვე-ნახევარზე მეტია რუსული ჯარების მიერ ალყაშემორტყმულ უკრაინულ საპორტო ქალაქს აზოვის ზღვის სანაპიროზე, რომელსაც რუსეთისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს თავისი იმპერიალისტური მიზნების განსახორციელებლად.

ბოლო რვა წელია „აზოვსა“ და სხვა მოხალისე ბატალიონებს, სულ მცირე, ექსტრემისტულ დაჯგუფებებად თვლიდნენ, მაგრამ 24 თებერვლიდან სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა – ახლა „აზოვი“ უდიდესი სამხედრო სიმამაცის და ღირსების სიმბოლოდ ითვლება არა მარტო უკრაინაში. ახლახან იაპონიამაც ამოიღო ის ექსტრემისტული ორგანიზაციების სიიდან. თავად სერგეი კოროტკიხმა – რთული ბიოგრაფიის ადამიანმა თავისი ცხოვრების ბოლო 7 წელი მთლიანად ომს და ჩეკისტურ-პუტინური რუსეთის ავტორიტარიზმთან ბრძოლას შესწირა, ისევე როგორც მისმა თანამებრძოლებმა როგორც უკრაინიდან, ისე სხვა ქვეყნებიდანაც – მათ შორის, საქართველოდან.

ვრცელ ინტერვიუში, რომელიც ინტერეტგამოცემა kievvlast-ს მისცა, „ბოცმანმა“ თავის 2 ქართველ თანამებრძოლზეც ისაუბრა, რომლებთან ერთად, მისვე თქმით, შექმნა მსოფლიოში ცნობილი ბატალიონი. 

„როცა ჰყვებიან, თითქოს ჩვენ ვიღაც დასავლელ ინსტრუქტორები გვამზადებდნენ – ეს სისულელეა.

ფაქტობრივად, „აზოვი“ მე და ორმა ქართველმა მოხალისე მებრძოლმა შევქმენით 2014 წელს – ბახვა ჩიქობავამ (რომელიც მარიუპოლის დაცვისას გარდაიცვალა) და გიორგი ყუფარაშვილმა (რომელიც მძიმედ მარიუპოლის დაცვისას დაიჭრა და ახლა ვინიცაში მკურნალობს).

ჩვენი, სამივეს ლიკვიდაციისთვის 2014 წელს რუსები მილიონ დოლარს იხდიდნენ. ახლა მხოლოდ ჩემი თავი აქვთ შეფასებული 500 ათას დოლარად. ვიზრდები (იცინის).

აი, ასე, არანაირი ნატოს ინსტრუქტორები არასდროს ყოფილან. ჩვენ ხომ სანქცირებულები ვიყავით, ჩვენგან საფრთხობელა შექმნეს, რა ნატოზეა საუბარი? ჩვენ თავად შევქმენით სერჟანტთა და ოფიცერთა სკოლები – ეს 90%-ით გიორგის [ყუფარაშვილი] დამსახურებაა. ის 7 წლის განმავლობაში ასწავლიდა და წვრთნიდა მებრძოლებს შევიმუშავეთ მარიუპოლის დაცვის გეგმა, რომლის მიხედვითაც ამ ქალაქს ვიცავთ.

გიორგის იშვიათად ახსენებენ და ეს უსამართლობაა, რადგან ყველგან, სადაც ახლა „აზოველები“ არიან, შედეგსაც ვაღწევთ – მარიუპოლი, ხარკოვი, სუმა, ჩერნიგოვი, დნეპრი, ნიკოლაევი, ოდესა…

…7 წელი გვდევნიდნენ, „ნაცისტებს“ გვეძახდნენ, კერძო ჯარი ხართო, ჩვენი წვერი არ მოსწონდათ. ომზე რომ ვსაუბრობდით, არ გვისმენდნენ, მაგრამ რასაც ახლა „აზოვი“ აკეთებს მარიუპოლში, მსოფლიოში ვერცერთი არმიას ვერ შეძლებდა“, – ამბობს სერგეი კოროტკიხი.

შეგახსენებთ, რომ მარიუპოლის დამცველებს, რომლებიც ახლა „აზოვსტალის“ მეტალურგიულ ქარხანაში არიან გამაგრებულნი, რუსმა ოკუპანტებმა კიდევ ერთხელ შესთავაზეს 17 აპრილს დანებება – იარაღის დაყრა და ჩაბარება. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინულმა მედიამ გაავრცელა რუსეთის თავდაცვის უწყებაზე დაყრდნობით.

რუსეთის შეიარაღებული ძალები „ნაციონალისტური ბატალიონების მებრძოლებსა და უცხოელ დაქირავებულებს 2022 წლის 17 აპრილის 06:00 საათიდან 13:00 საათამდე აძლევდნენ ვადას, შეეწყვიტათ საომარი მოქმედებები და იარაღი დაეყარათ“ და ყველას, ვინც ჩაბარდებოდა, ჰპირდებოდნენ, რომ სიცოცხლეს შეუნარჩუნებდნენ.

დღეს ლეგიონმა „აზოვმა“ თავის ტვიტერის გვერდზე გაავრცელა განცხადება, რომ მარიუპოლის დაცვა გრძელდება და მრავალრიცხოვანი მტრის მიუხედავად, კონტრშეტევას ახორციელებენ. შესაბამისად, როგორც მოსალოდნელი იყო, „აზოვი“ დანებებას და იარაღის დაყრას არ აპირებს.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close