წარმოუდგენელი სისასტიკის ამსახველი ეს კადრები, რომლებსაც ქვემოთ შემოგთავაზებთ (გაფრთხილებთ, რომ ისინი ძალიან მძიმეა), კიეველმა იური ტკაჩენკომ გამოგვიგზავნა, რომელიც ამჟამადაც უკრაინის დედაქალაქში იმყოფება. ისინი კიდევ ერთხელ მოწმობენ, როგორ ანადგურებს პუტინის ბრძანებით რუსული ჯარი უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობას და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, რაც ომის კანონებშიც კი არ ჯდება. ამ კადრების გავრცელების შემდეგ გუშინ, 4 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, რომელიც არ ერიდება, მოვლენებს თავისი სახელი დაარქვას და პუტინს ის შეფასება მისცეს, რასაც იმსახურებს, გუშინ კიდევ ერთხელ უწოდა რუსეთის პრეზიდენტს „ომის დამნაშავე“ და მოითხოვა უკრაინაში მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ ჩადენილი ომის დანაშაულის გამოძიება. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ვარშავაში ვიზიტისას მან პუტინს „ყასაბი“ (ჯალათი) უწოდა.
უკრაინის შემოგარენში, 25, 50, 80 კმ-ის რადიუსში მდებარე 10-ზე მეტი ქალაქიდან და დასახლებული პუნქტიდან რუსული ჯარის გასვლის შემდეგ, გუშინ უკრაინის მხარის მიერ გავრცელებული იმ ფოტო და ვიდეოკადრების საპასუხოდ, რომლებიც წარმოუდგენელ სისასტიკეს ასახავს, აშშ-მა და რამდენიმე ევროპულმა ქვეყანამ, მათ შორის, ლიეტუვამ, ლატვიამ, გერმანიამ, დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, იტალიამ, მიიღეს გადაწყვეტილება, შეამცირონ თავიანთ ქვეყანაში რუსეთის დიპლომატიური პერსონალის რაოდენობა და ქვეყნიდან გააძევეს ათობით დიპლომატი. საერთაშორისო საზოგადოება მოითხოვს, დაუყოვნებლივ დაიწყოს კიევის სიახლოვეს მდებარე დასახლებებში რუსეთის მიერ ჩადენილი ომის დანაშაულის (უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი „გენოციდს“ უწოდებს) გამოძიება.
ვოლოდიმირ ზელენსკი გუშინ თავად ჩავიდა ბუჩაში, დაათვალიერა განადგურებული ქალაქი და იქ დარჩენილ ადგილობრივ მოსახლეობას ესაუბრა. გათავისუფლებულ ქალაქებში ჰუმანიტარული დახმარება – საკვები და სხვა პირველადი საჭიროების ნივთები ჩაიტანეს. ზელენსკიმ ბუჩიდან ისევ მიმართა გერმანიის ყოფილ კანცლერს ანგელა მერკელს და მოუწოდა, ადგილზე ჩავიდეს, რათა საკუთარი თვალით ნახოს, რა შედეგი მოიტანა რუსეთისადმი დათმობის პოლიტიკამ. ზელენსკიმ ბუჩაში ჩასვლამდეც მიიწვია საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი და გერმანიის ექსკანცლერი მერკელი გათავისუფლებულ ბუჩაში. ზელენსკის ამ მიწვევას მერკელის ოფისი გამოეხმაურა განცხადებით, რომ ანგელა მერკელი დღესაც გამართლებულად მიიჩნევს 2008 წლის 2-3 აპრილს ბუქარესტში ნატოს სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას, როდესაც საქართველოს და უკრაინას, გერმანიის მცდელობით (რომელსაც, ჩვეულებისამებრ, მხარი აუბა საფრანგეთმაც), უარი ეთქვა MAP-ის მინიჭებაზე.
შესაძლო ომის დანაშაულის სასტიკი კადრების გავრცელების შემდეგ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაზრდასა და რუსეთისთვის სანქციების გაფართოებას აპირებს კიდევ რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის, დიდი ბრიტანეთი და აშშ.
კადრების გავრცელების საპასუხოდ რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ეს არის დადგმული პროვოკაცია რუსეთის წინააღმდეგ. ლავროვის თქმით, რუსული ჯარის გასვლის შემდეგ, 31 მარტს ადამიანთა ცხედრები ქუჩებში არ ეყარა და ისინი 1-2 აპრილის შემდეგ გაჩნდა. ლავროვმა ამ საკითხთან დაკავშირებით გაეროში უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევა მოითხოვა, სადაც მტკიცებულებების წარდგენას აპირებდა, თუმცა როგორც ადრე, ახლაც უარი მიიღო იმ მოტივით, რომ გაერო რუსეთს საკუთარი პროპაგანდისტული მიზნების განხორციელების საშუალებას არ მისცემს.
დღეს გამოცემა „ნიუ-იორკ თაიმსმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ცხედრები კიევთან ახლომდებარე ქალაქის ქუჩებში მარტის შუა რიცხვებიდან უკვე იყო – ეს დასკვნა გამოცემამ გამოაქვეყნა ბუჩის ქუჩების სატელიტური გამოსახულებების შესწავლის შემდეგ. „ნიუ-იორკ თაიმსი“ წერს, რომ სატელიტური გამოსახულებების ანალიზი არ ადასტურებს რუსეთის ხელისუფლების განცხადებებს, თითქოს ბუჩაში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობები მას შემდეგ მოხდა, რაც რუსმა სამხედროებმა ქალაქი დატოვეს. სინამდვილეში მშვიდობიანი მოქალაქეები მაშინ დახოცეს, როდესაც ქალაქი რუსეთის არმიას ჰქონდა დაკავებული.
გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში ბუჩაში მომხდარი მოვლენების დამოუკიდებელ გამოძიებას ემხრობა.
მილა კიევის რეგიონის სოფელია, რომელიც დმიტროვკას მახლობლად მდებარეობს (დმიტროვკა კიევიდან 25 კმ-ის დაშორებითაა). სოფლის მოსახლეობა ომამდე 500 კაცი იყო, მათი უმეტესობა რუსული ჯარის გამო დაზარალდა. ადამიანებს გაქცევის მცდელობისას ესროდნენ, რუსი ჯარისკაცები შედიოდნენ მშვიდობიანი მოქალაქეების სახლებში, ძარცვავდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ მათ.
სოფელ მოტიჟინში, რომელიც კიევიდან 50 კილომეტრში მდებარეობს, რუსებმა სოფლის მეთაურის ოჯახი დაატყვევეს, აწამეს და სანამ უკან დაიხევდნენ, დახვრიტეს. ისინი ნაჩქარევად გათხრილ ორმოში ჩაყარეს (Vladimir Koval).
კიევის რეგიონის სოფელ იასნოროდკაში ეკოპარკი იყო, სადაც ოჯახებს ბავშვები ცხოველების სანახავად მიჰყავდათ. ახლა ეკოპარკი სასაფლაოდ იქცა. ცხოველების ნაწილი შიმშილისგან დაიხოცა ან სხვა მშიერმა ცხოველებმა შეჭამეს იმის გამო, რომ რუსებმა ქალაქში არ შეუშვეს ჰუმანიტარული დახმარება ცხოველების გამოსაკვებად.
ეს დაჭრილი შველი კი სოფელ დმიტრივკაში გადაიღო „როიტერსის“ კორესპონდენტმა.
უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ ამ ყველაფრის შემდეგ ძნელია, მაგრამ უკრაინამ რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებები უნდა აწარმოოს. მისივე თქმით, რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრა, სავარაუდოდ, არ იქნება, თუმცა კრემლში ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრის შესაძლებლობას არ გამორიცხავენ.
კომენტარები