იტალიაპოლიტიკა

იტალია სუპერ გრინპასს და ფერად ზონებს ემშვიდობება – როგორია ნორმალურ ცხოვრებაზე დაბრუნების „საგზაო რუკა“ პირველი აპრილიდან

მაისში პირბადის ტარების ვალდებულება ყველგან მოიხსნება, ჭკვიანი სამუშაო კი ივნისამდე გაგრძელდება

Addio al super green pass e ai colori – მშვიდობით „სუპერ მწვანე საშვს“ და ფერად ზონებს – 31 მარტიდან იტალია ნორმალურ ცხოვრებაზე დაბრუნებას იწყებს ვირუსთან თანაცხოვრებით, რომელიც ფართოდ ცირკულირებას აგრძელებს. ამის შესახებ Ansa წერს.

აუცრელ მოქალაქეებს (სამედიცინო მუშაკების გარდა) სამსახურში შეშვებაზე უარს აღარ ეტყვიან და ისინი აღარ დარჩებიან ხელფასის გარეშე; ფაქტობრივად, უქმდება კარანტინი ინფიცირებულთან კონტაქტის გამო და კარანტინი თვითმეთვალყურეობით ჩანაცვლდება.

აი კალენდარი სხვადასხვა ეტაპით, რომელსაც მთავრობის ახალი დეკრეტი ადგენს პანდემიასთან ბრძოლის შემზღუდავი ზომების მოხსნასთან დაკავშირებით (ახალი დადგენილება 25 მარტს შევიდა ძალაში):

1-ლი აპრილიდან – თითქმის 2 წელზე მეტი ხნის შემდეგ იტალია აღარ იცხოვრებს Covid-19-ის საგანგებო მდგომარეობის რეჟიმში, რომლის ვადა 31 მარტს იწურება. შესაბამისად, სამეცნიერო-ტექნიკური კომიტეტი და საგანგებო სიტუაციების კომისრის, გენერალ ფრანჩესკო ფილიულოს სტრუქტურაც გაუქმდება, მათ ნაცვლად კი იქნება სპეციალური ოპერატიული განყოფილება „ვაქცინაციის კამპანიის დასასრულებლად და პანდემიასთან ბრძოლის სხვა ზომების მისაღებად“. ეს უკანასკნელი მიმდინარე წლის 31 დეკემბრამდე იფუნქციონირებს. ფერადი (თეთრი, ყვითელი, ნარინჯისფერი, წითელი) ეპიდემიოლოგიური ზონების სისტემაც გაუქმდება, თუმცა მონიტორინგი გაგრძელდება.

საჯარო დაწესებულებებში, მაღაზიებში, ბანკებში, საფოსტო განყოფილებებსა და თამბაქოს ჯიხურებში შესასვლელად პირველი აპრილიდან საჭირო აღარ არის ე. წ. გრინპასი, არც საბაზო. ბარში ან რესტორანში შიგნით, დახურულ სივრცეში ბარის დახლთან ან სუფრასთან სადილისთვის საბაზო მწვანე საშვი დაგჭირდებათ (რომლის მიღება შესაძლებელია ტესტის საფუძველზეც და აცრის ცნობა აუცილებელი არ არის).

„მწვანე საშვი“ (green pass) საჭირო აღარ არის ადგილობრივ საზოგადოებრივ ტრანსპორტში, თუმცა ნიღბის ტარების ვალდებულება 30 აპრილამდე იქნება ძალაში.

ამას გარდა, პირველი აპრილიდან უქმდება ადამიანთა დასაშვები რაოდენობის შეზღუდვა შენობებში, შესაბამისად, სტადიონებზე, სადაც შესასვლელად საბაზო მწვანე საშვია საჭირო, დაშვებულია ტრიბუნების 100%-ით შევსება.

ნებისმიერი ადამიანი, რომელიც კოვიდინფიცირებულთან კონტაქტში იყო, თუნდაც აუცრელი იყოს, აღარ არის ვალდებული დაიცვას კარანტინი. ასეთი ადამიანებისთვის 10 დღის განმავლობაში მოქმედებს ე. წ. თვითმეთვალყურობის რეჟიმი: მათ შეუძლიათ ქუჩაში გამოსვლა და სამსახურში სიარული, თუმცა მხოლოდ Ffp2 ნიღბით.

თვითიზოლაცია მოეთხოვებათ მხოლოდ კოვიდინფიცირებულებს (უარყოფითი ტესტის ჩაბარებამდე ინფიცირების დადასტურებიდან მინიმუმ 7 დღის შემდეგ ან 10 დღის შემდეგ მათთვის, ვინც საავადმყოფოში რჩება).

წესები სკოლებშიც იცვლება: მხოლოდ კოვიდდადებითი მოსწავლეები გადავლენ დისტანციურ სწავლებაზე, ხოლო თუ  კლასში ინფიცირების 4-ზე მეტი შემთხვევა დადასტურდება, გაკვეთილები მოსწავლეთა ფიზიკური დასწრებით მაინც გაგრძელდება, თუმცა ყველა ვალდებული იქნება, 10 დღის განმავლობაში  Ffp2 ნიღაბი ეკეთოს (ქირურგიული ნიღაბი, ჩვეულებრივ, ისევ სავალდებულოა). ბავშვებს შეუძლიათ სკოლაში სიარული, ხოლო აუცრელ მასწავლებლებს შეუძლიათ სკოლაში მისვლა, მაგრამ გაკვეთილების ჩატარების უფლება არ ექნებათ.

1-ლი მაისიდან – „მწვანე საშვი“ საჭირო აღარ იქნება თითქმის არსად, 30 აპრილამდე კი საბაზო „მწვანე საშვი“ სავალდებულო რჩება საზოგადოებრივი კვების ობიექტების დახურული სივრცეებში, საჯარო შეჯიბრებების მიმდინარეობისას და საპატიმროში შეხვედრებისას, საერთაშორისო ტრანსპორტით მგზავრობისას; გაძლიერებული (იგივე სუპერ) გრინპასი კი 30 აპრილამდე სავალდებულო იქნება სპა-ცენტრებისთვის, სათამაშო ოთახებისთვის, დისკოთეკებზე, კონგრესებსა და დახურულ შენობაში სპორტულ ღონისძიებებზე დასასწრებად.

15 ივნისიდან – უქმდება აცრის ვალდებულება სასკოლო პერსონალისთვის, სამხედრო მოსამსახურეებისთვის, პოლიციის თანამშრომლებისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დამცველთათვის, ციხის ადმინისტრაციის თანამშრომლებისათვის, მთლიანად ყველა სახის ციხეების პერსონალისთვის, ეროვნული კიბერუსაფრთხოების სააგენტოს თანამშრომლებისთვის. ისინი სამუშაოს უკვე დაუბრუნდნენ (დეკრეტის ძალაში შესვლის დღიდან – 25 მარტიდან) საბაზო მწვანე საშვით – ყოველ 2 დღეში ერთხელ ანტიგენის ტესტს იკეთებენ.

15 ივნისის შემდეგ ვაქცინაცია სავალდებულო რჩება მხოლოდ სამედიცინო პერსონალისა და ხანდაზმულთა სახლების თანამშრომლებისათვის.

30 ივნისი – ეს ბოლო თარიღია კერძო სექტორში დისტანციური მუშაობის დასრულებისა და მთლიანად ოფისში დაბრუნებისთვის. ამ თარიღამდე კერძო სექტორში შესაძლებელია ე. წ. „მოქნილი სამუშაოს“ გამოყენება დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის ინდივიდუალური შეთანხმების გარეშე.

31 დეკემბერი – ე. წ. საგზაო რუკის კალენდრის ბოლო თარიღია. ამ დრომდე დარჩება სავალდებულო ვაქცინაცია ჯანდაცვის სფეროს მუშაკებისა და ხანდაზმულთა სახლების პერსონალისთვის. საავადმყოფოებსა და სოციალური უზრუნველყოფის სახლებში მოთავსებული ადამიანების მოსანახულებლად ოჯახის წევრებისა და მნახველთა ვიზიტი დაშვებული იქნება მხოლოდ Super Green Pass-ის საფუძველზე.

ნინო ხოშტარია

p. s. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, იტალიაში გასულ 24 საათში კოვიდ-19-ით ინფიცირების 59 555 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 82 ადამიანი. შაბათს, 26 მარტს კი 73 357 ახალი შემთხვევა და 118 გარდაცვლილი იყო. დადებითობის მაჩვენებელია 15,5% (შაბათს – 14,5%).

მთლიანობაში პანდემიის დაწყებიდან დღემდე იტალიაში SARS-CoV-2-ით ინფიცირების 14 364 723 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან გარდაიცვალა 158 782 პაციენტი კოვიდ-19-ის დადასტურებული დიაგნოზით, გამოჯანმრთელდა 12 943 050. ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 52 022-ით გაიზარდა. ამ დროისთვის 1 262 891 აქტიური შემთხვევაა, მათგან ექიმები კრიტიკულად მძიმედ აფასებენ 464 პაციენტის მდგომარეობას.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close