ევროკავშირმა ხმაურის გარეშე, მაგრამ ძალიან მკაფიო პოზიცია დააფიქსირა რუსეთის მიმართ – რუსული აქტივები ევროკავშირში უვადოდ გაიყინა. გადაწყვეტილება, რომელიც 12 დეკემბერს ბრიუსელში მიიღეს ევროკავშირის ქვეყნებმა, არ არის მხოლოდ სანქციების ტექნიკური გაგრძელება – ეს არის პოლიტიკური პოზიცია, რომელსაც ვადა აღარ აქვს.
რას ნიშნავს – უვადოდ
ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივები უვადოდ დარჩეს გაყინული – მანამდე, ვიდრე მოსკოვი ომს არ შეწყვეტს და უკრაინისთვის მიყენებულ ზიანს სრულად არ აანაზღაურებს. ეს ნიშნავს, რომ სანქციები აღარ იქნება პერიოდულად გადასახედი საკითხი – აღარ იქნება ყოველ ექვს თვეში პოლიტიკური ვაჭრობა იმაზე, დარჩება თუ არა რუსეთის ფული გაყინული.
გადაწყვეტილება ბრიუსელში ევროკავშირის 25 წევრი სახელმწიფოს მხარდაჭერით მიიღეს. მხოლოდ ორი ქვეყანა – უნგრეთი და სლოვაკეთი – არ შეუერთდა ამ, პრაქტიკულად, ერთსულოვან გადაწყვეტილებას. მანამდე ორივე ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ღიად განაცხადა, რომ რუსული აქტივების ხანგრძლივ ბლოკირებას არ ეთანხმებოდნენ, თუმცა ამჯერად მათი პოზიცია ვერ იქცა შემაფერხებელ ფაქტორად.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა მკაცრად გააკრიტიკა ევროკავშირის გადაწყვეტილება და „უსამართლო და უკანონო“ უწოდა. ორბანის თქმით, EU-მა წესები დაარღვია და ევროპული კანონმდებლობის ჩარჩოებიდან გამოვიდა, რადგან ასეთი ზომის მიღებას, ჩვეულებრივ, ერთსულოვანი (27-ვე წევრი სახელმწიფოს – რედ.) თანხმობა სჭირდება.
როგორ შეძლო ევროკავშირმა უნგრეთისა და სლოვაკეთის ვეტოდან „თავის დაღწევა“
ევროკავშირში ყველა გადაწყვეტილება ერთნაირი წესით არ მიიღება. ზოგი საკითხი – განსაკუთრებით საგარეო პოლიტიკის და სანქციები – მართლაც მოითხოვს 27-ე წევრი სახელმწიფოს თანხმობას. სწორედ ამ ბერკეტს იყენებდნენ წარსულში უნგრეთი და სლოვაკეთი, როცა უკრაინასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს აფერხებდნენ.
მაგრამ რუსული აქტივების შემთხვევაში ბრიუსელმა სხვა გზა აირჩია.
საქმე ის არის, რომ რუსეთის აქტივები უკვე გაყინული იყო – ეს არ იყო ახალი სანქცია. წლებია, ეს თანხები „იმობილიზებულია“ ევროკავშირის ფინანსურ სისტემაში. ახლა საკითხი აღარ იდგა ასე: გავყინოთ თუ არა? არამედ – გავაგრძელოთ თუ არა ეს მდგომარეობა უვადოდ და ტექნიკურად როგორ მოვიქცეთ ამ ფულთან დაკავშირებით?
და სწორედ აქ გამოჩნდა სამართლებრივი გზა.
ევროკავშირმა გადაწყვეტილება გაატარა, არა როგორც ახალი სანქცია, არამედ როგორც ფინანსური და ინსტიტუციური ზომა, რომელიც უკავშირდება ევროკავშირის შიდა ბაზრის სტაბილურობას, ფინანსურ უსაფრთხოებას და საბანკო ინფრასტრუქტურის დაცვას. ამ ტიპის გადაწყვეტილებები 27-ე წევრის თანხმობას აღარ საჭიროებს – საკმარისია კვალიფიციური უმრავლესობა.
სხვა სიტყვებით, ბრიუსელმა თქვა: ეს აღარ არის საგარეო პოლიტიკის საკითხი, ეს არის ევროკავშირის ფინანსური წესრიგის საკითხი.
ამ ფორმულირებით უნგრეთსა და სლოვაკეთს ვეტოს უფლება, უბრალოდ, აღარ ჰქონდათ.
არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი.
ევროკავშირმა გამოიყენა „საგანგებო სამართლებრივი მექანიზმი“, რომელიც, როგორც წესი, მაშინ იწყებს მოქმედებას, როცა ევროკავშირის საერთო ინტერესები საფრთხის წინაშე დგება – ამ შემთხვევაში საუბარია ფინანსურ სტაბილურობასა და უკრაინის მხარდაჭერის უწყვეტობაზე. ასეთ დროს გადაწყვეტილება შეიძლება მიღებულ იქნას ზოგიერთი ქვეყნის წინააღმდეგობის მიუხედავად, თუ ისინი უმცირესობაში იქნებიან.
სწორედ ამიტომ მივიღეთ სურათი, რომ მიუხედავად ორი ქვეყანის წინააღმდეგობისა, პროცესი მაინც დასრულდა.
ეს არის პრეცედენტული გადაწყვეტილება – ევროკავშირმა, ფაქტობრივად, აჩვენა, რომ თუ პოლიტიკურ ბლოკირებას და ვეტოს გამოყენებას სისტემური ხასიათი მიეცემა, ბრიუსელი შეძლებს გადაწყვეტილების მიღებას ალტერნატიული სამართლებრივი გზით.
და სწორედ ამიტომ ამ გადაწყვეტილებას ასე დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ – არა მხოლოდ რუსეთისთვის, არამედ თავად ევროკავშირის შიგნით.
„ევროპული სუვერენიტეტის მკაფიო სიგნალი“
ამ ფონზე განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია კანცლერ ფრიდრიხ მერცის განცხადებამ. გერმანელმა პოლიტიკოსმა პირდაპირ თქვა, რომ რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივები გაყინული დარჩება მანამ, სანამ რუსეთი ომს არ შეწყვეტს და უკრაინას კომპენსაციას არ გადაუხდის.
„ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა: რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივები გაყინული დარჩება მანამ, სანამ რუსეთი არ დაასრულებს აგრესიულ ომს და არ გადაუხდის უკრაინას კომპენსაციას. მივესალმები ევროპული სუვერენიტეტის ამ მკაფიო სიგნალს, რომელიც თითქმის ერთხმად იქნა მიღწეული – იტალიასთან და ბელგიასთან ერთად“, – დაწერა მერცმა X-ზე.
Der Rat der EU hat entschieden: Das Vermögen der russischen Zentralbank bleibt eingefroren, bis Russland den Angriffskrieg einstellt und die Ukraine entschädigt. Ich freue mich über ein klares Signal europäischer Souveränität, nahezu einstimmig – mit Italien und Belgien.
— Bundeskanzler Friedrich Merz (@bundeskanzler) December 12, 2025
რა ნიშნავს ეს გადაწყვეტილება „თანხობრივად“
თუ საკითხს რიცხვებად „გავშლით“, საუბარია კოლოსალურ თანხაზე. დასავლეთში გაყინული რუსეთის სახელმწიფო აქტივების საერთო მოცულობა დაახლოებით 210 მილიარდ ევროს აღწევს. ამ თანხის უდიდესი ნაწილი ევროპაშია თავმოყრილი – განსაკუთრებით ბრიუსელში, ფინანსურ ინფრასტრუქტურაში, რომელიც წლებია ერთ-ერთ მთავარ საკვანძო ჰაბად ითვლება. ეს ფული რუსეთის ცენტრალური ბანკის რეზერვებია და სწორედ ამიტომ აქვს გადაწყვეტილებას ასეთი დიდი პოლიტიკური და ფინანსური წონა.
თავად ევროკავშირი ხაზგასმით აცხადებს, რომ ამ ეტაპზე საუბარი არ არის კონფისკაციაზე. აქტივები რჩება გაყინული, თუმცა მათგან მიღებული სარგებელი და ფინანსური ბერკეტები უკვე გამოიყენება უკრაინის მხარდასაჭერად. ლოგიკა მარტივია: ვიდრე რუსეთი არ გადაიხდის რეპარაციებს, თავის ფულს ვერ დაიბრუნებს.
ამ კონტექსტში ბუნებრივად ჩნდება კითხვა – რა ზარალი მიადგა ომის შედეგად უკრაინას?
რა თქმა უნდა, შეუფასებელია ადამიანური დანაკარგი – ამას ვერანაირი თანხა და ვერაფერი აანაზღაურებს. ეს სამუდამოდ დარჩება რუსეთის კისერზე, როგორც საზარელი დანაშაულის სამარცხვინო ლაქა.
უკრაინისთვის ომის შედეგად მიყენებულ პირდაპირ მატერიალურ ზარალს რაც შეეხება, საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებით, ის უკვე ასეულობით მილიარდ დოლარს აღემატება. განადგურებულია ან სერიოზულად დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, ენერგოსისტემები, გზები, ხიდები, საავადმყოფოები, სკოლები, საწარმოები. მხოლოდ ინფრასტრუქტურის ზარალი ათობით მილიარდ დოლარად ფასდება.
რაც შეეხება სრული აღდგენის საჭიროებას, ერთობლივი საერთაშორისო შეფასებები მიუთითებს, რომ უკრაინის რეკონსტრუქციისთვის საჭირო თანხა 500 მილიარდ დოლარს აჭარბებს. ეს რიცხვი არ მოიცავს მხოლოდ შენობების აღდგენას – მასში შედის ეკონომიკის ხელახლა ამუშავება, სოციალური სისტემები, დევნილების დაბრუნება და ქვეყნის ფუნქციონირების აღდგენის უზრუნველყოფა ომის შემდეგ.
ამ ფონზე ევროკავშირის გადაწყვეტილება აღარ გამოიყურება როგორც მხოლოდ ფინანსური ბერკეტი. ეს არის მცდელობა, ომს მიეცეს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ ეკონომიკური ფასი, რომელიც წლების განმავლობაში არ გაქრება.
რუსეთისთვის ეს ნიშნავს, რომ ომის გაგრძელება მისთვის აღარ არის მხოლოდ სამხედრო ხარჯები – ეს არის გაყინული რესურსები, რომლებიც ვერ დაბრუნდება მანამ, სანამ პოლიტიკური პასუხისმგებლობა არ დადგება. უკრაინისთვის კი ეს არის გზავნილი, რომ დასავლეთი აღარ განიხილავს მის მხარდაჭერას დროებით გადაწყვეტილებად.
ევროპამ ამჯერად უბრალოდ თქვა – ფული დარჩება იქ, სადაც არის. იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება.
მოკლე შეჯამება:
- ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივები უვადოდ დარჩეს გაყინული.
- საუბარია დაახლოებით 210 მილიარდი ევროს ღირებულების რუსულ სახელმწიფო რეზერვებზე, რომლებიც დასავლეთშია დაბლოკილი.
- აქტივები არ გაიხსნება მანამ, სანამ რუსეთი ომს არ შეწყვეტს და უკრაინისთვის მიყენებულ ზიანს არ აანაზღაურებს.
- გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა ევროკავშირის 25 ქვეყანამ, წინააღმდეგი იყვნენ უნგრეთი და სლოვაკეთი, თუმცა ამჯერად ვეტოს გამოყენება ვერ შეძლეს.
- უკრაინისთვის ომის შედეგად მიყენებული მატერიალური ზარალი ამ ეტაპზე ასეულ მილიარდ დოლარს აჭარბებს, ხოლო სრული აღდგენა 500 მილიარდ დოლარზე მეტს მოითხოვს.
ნიკო აბაშიშვილი




კომენტარები