აშშ-ში მოგზაურობის მსურველებს სოცქსელებში აქტიურობის 5-წლიანი ისტორიის წარდგენას მოსთხოვენ
კიდევ რას ითვალისწინებს ტრამპის ადმინისტრაციის ახალი ინიციატივა
დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია გეგმავს, ყველა უცხოელ ტურისტს ქვეყანაში შესასვლელად ბოლო ხუთი წლის განმავლობაში სოციალურ ქსელებში აქტიურობის ისტორიის წარდგენა მოსთხოვოს, – ამის შესახებ „ვაშინგტონ პოსტი“ წერს.
როგორც გამოცემა იუწყება, ეს სავალდებულო იქნება მათთვის, ვინც აშშ-ში პირველად ჩავა. თუ ცვლილება დაკანონდება, „სოციალურ ქსელებში აქტიურობის ისტორია“ გახდება აუცილებელი ელემენტი მოგზაურობის ავტორიზაციის ელექტრონულ სისტემაში (ESTA) განაცხადის შევსებისას. ის შეეხება, პრაქტიკულად, ყველას: ვისაც აშშ-ში მოგზაურობისთვის ვიზა სჭირდება და მათაც, ვისაც Visa Waiver Programme ეხება – როგორც, მაგალითად, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, ისრაელის, ავსტრალიის, იაპონიის, სამხრეთ კორეის, ბრუნეის და სხვა ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებსაც აშშ-ში ტურიზმის, ბიზნესის ან ტრანზიტის მიზნით მოკლევადიანი ვიზიტისას (მაქსიმუმ 90 დღე ზედიზედ) ვიზა არ სჭირდებათ.
გარდა სოციალურ ქსელებში აქტიურობის 5-წლიანი ისტორიისა, დაგეგმილი ახალი წესებით, მოგზაურებს შესაძლოა ასევე მოსთხოვონ ტელეფონის ნომრები, რომლებსაც ბოლო 5 წლის განმავლობაში იყენებდნენ, ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოყენებული ელფოსტის მისამართები, IP მისამართები, ელექტრონული სახით გაგზავნილი ფოტოების მეტამონაცემები (გადაღების ადგილი – GPS კოორდინატები, თარიღი, დრო და სხვა დეტალები) და შესაძლოა ბიომეტრიული მონაცემებიც (მაგალითად, თითის ანაბეჭდები, დნმ, სახის და თვალის ფერადი გარსის სკანები).
ამას გარდა, შესაძლოა დაავალდებულონ ოჯახის წევრების შესახებ ინფორმაციის მიწოდება – სახელები, ტელეფონის ნომრები, დაბადების თარიღები, ადგილები და საცხოვრებელი მისამართები.
ESTA, მოგეხსენებათ, არის ავტომატიზებული სისტემა, რომელსაც იყენებენ ტურისტები და მოკლევადიანი საქმიანი ვიზიტით მოგზაური ადამიანები, რომლებიც შეერთებულ შტატებში უვიზოდ შედიან. ის საშუალებას აძლევს გარკვეული ქვეყნების მოქალაქეებს, ეწვიონ აშშ-ს და იქ დაყონ უწყვეტად მაქსიმუმ 90 დღე. ავტორიზაცია 40 დოლარი ჯდება და ორი წელი ძალაშია – ამ ხნის განმავლობაში ESTA-ს ავტორიზაციის მფლობელს შეუძლია რამდენჯერმე შევიდეს აშშ-ის ტერიტორიაზე.
ადმინისტრაციის წინადადება, აგრეთვე, მოიცავს იმას, რომ ESTA-ზე განაცხადის შევსება აღარ იქნება შესაძლებელი მთავრობის ვებგვერდზე და მოგზაურებს ESTA-ს მობილური აპლიკაციის გამოყენება დასჭირდებათ. CBP-ის შეფასებით, ცვლილებების ძალაში შესვლის შემდეგ ყოველწლიურად 14 მილიონზე მეტი ადამიანი გამოიყენებს ESTA-ს მობილურ აპლიკაციას.
ანალოგიური მოთხოვნები აქამდე ვიზების სხვა კატეგორიებს ეხებოდა.
ბრენანის სამართლიანობის ცენტრის ანალიზის თანახმად, ყველა საიმიგრაციო და არასაიმიგრაციო ვიზებზე განაცხადის გაკეთების მსურველებს 2019 წლიდან უკვე მოეთხოვებათ სოციალურ ქსელებში თავიანი ანგარიშების გასაჯაროება, რაც ტრამპის პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს განხორციელებული ცვლილების შედეგია და წელიწადში დაახლოებით 15 მილიონ აპლიკანტს შეეხება.
მიმდინარე წლის ივნისში სახელმწიფო დეპარტამენტმა სტუდენტური ვიზის მსურველებს მოსთხოვა, თავიანთი სოციალური ქსელების ანგარიშები საჯარო გაეხადათ და იგივე მოთხოვნა მალე ამოქმედდება მაღალკვალიფიციური მუშაკის H-1B ტიპის ვიზის აპლიკანტებისთვისაც.
დაგეგმილი ცვლილება წარმოდგენილია, როგორც ნაწილი იმ მკაცრი საიმიგრაციო პოლიტიკისა, რომელსაც ტრამპის ადმინისტრაცია ბოლო არჩევნების შემდეგ ატარებს.
რა მიზანს ისახავს ახალი მოთხოვნები
დაგეგმილი ცვლილებების ოფიციალური არგუმენტია უსაფრთხოების დაცვა და ტერორიზმთან ბრძოლა: როგორც ადმინისტრაციაში აცხადებენ, ახალი წესები საჭიროა იმისთვის, რომ უცხოელ მოგზაურებზე მაქსიმალური ინფორმაცია მოიპოვონ. მისი ინიციატორების თქმით, სოციალური ქსელებისა და სხვა ციფრული მონაცემების გადახედვა ხელს შეუწყობს პოტენციურ „რისკ-პერსონათა“ გამოვლენას.
რა უარყოფითი შედეგები შეიძლება მოჰყვეს
კრიტიკოსთა აზრით, იზღუდება პიროვნული თავისუფლებები და აზრის თავისუფლად გამოხატვის უფლება. The Washington Post-ის ცნობით, აგრეთვე, ვრცელდება შენიშვნები, რომ ასეთი პრაქტიკა დიდ დისკომფორტს შეუქმნის მოგზაურებს და მათი ნაწილი უარს იტყვის აშშ-ში მოგზაურობაზე. კრიტიკოსები ამბობენ, რომ ის სერიოზულ რისკებს აჩენს კონფიდენციალურობის დაცვის თვალსაზრისით და შესაძლოა საერთაშორისო მოგზაურობა, ტურიზმი და ბიზნესკავშირები შეაფერხოს.
ნანა ძნელაძე




კომენტარები