სუს-ის განცხადებით, დეკემბრის აქციების დასაშლელად ,,ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი“ გამოიყენეს

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) განცხადებით, გამოძიებამ „უტყუარ მტკიცებულებებზე“ დაყრდნობით დაადგინა, რომ „BBC-ის ფილმში გახმოვანებული ინფორმაცია, საქართველოში ე. წ. ქიმიური იარაღის „კამიტის“ მომიტინგეთა წინააღმდეგ გამოყენების შესახებ, არის სრული და მიზანმიმართული დეზინფორმაცია და ემსახურება საქართველოს ინტერესების დაზიანებას”.
ამის შესახებ 5 დეკემბერს საგანგებო ბრიფინგზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ, ლაშა მაღრაძემ განაცხადა. მისივე თქმით, „ბრომობენზილ ციანიდი’’, იგივე ,,კამიტი’’ – „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არასდროს შეუძენია“””.
სუს-ის განცხადებით BBC-ის ფილმის გამოქვეყნების შემდეგ, 1 დეკემბერს დაწყებული გამოძიებით დაადგინა, რომ 2024 წლის დეკემბრის პირველ რიცხვებში, კერძოდ, 4-5 დეკემბრის ღამით, მასების მართვისათვის გამოყენებულ იქნა ნივთიერება „ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი“’” [Chlorobenzylidenemalononitrile], რომლის გამხსნელადაც გამოიყენეს ნივთიერება „პროპილენ გლიკოლის“ ხსნარი.
წყლის ჭავლში ქიმიური ნივთიერების დამატებაზე 2024 წლის 28 ნოემბერს დაწყებული მასობრივი საპროტესტო აქციის მონაწილეებმა და მედიამ კითხვები აქციების დაშლის პირველივე დღეებში დასვეს. 2024 წლის 30 ნოემბერს შს მინისტრის მოადგილემ აღიარა, რომ „წყლის ჭავლში შესაძლოა, რაღაც იყო გარეული“, თუმცა ამ დრომე, მთელი ერთი წლის განმავლობაში შსს-ს არაფერი უთქვამს, კონკრეტულად რა ნივთიერება იყო გარეული წყალში.
2025 წლის 5 დეკემბერს სუს-ის მიერ დასახელებული ქიმიური ნივთიერება ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი – Chlorobenzylidenemalononitrile, საერთაშორისო კატალოგებში ასევე მოხსენიებულია ცრემლსადენ გაზად – CS.
„აღნიშნული ნივთიერება [,,ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი“] შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შეძენილია ებრაული კომპანიისგან, 2007 წლის 18 დეკემბერს და 2009 წლის 27 მარტს, გამხსნელ ნივთიერება – ,,ტრიქლორეთილენთან’’ ერთად. მას ტრანსპორტირებისას მინიჭებული ჰქონდა საერთაშორისო გადაზიდვის კოდი UN3439, ხოლო გამხსნელ სითხეს – გადაზიდვის კოდი UN1710. ეს კოდები ფიქსირდება საბაჟო დოკუმენტაციაში და ყველა სხვა, მათ შორის, გამოყენების შემდგომ პერიოდში შედგენილ ჩამოწერის აქტებშიც.
ნიმუშის სახით ამოღებულია 17.5-კილოიანი კასრი, რომელშიც ხსენებული ფხვნილი ინახებოდა. მასზე დაკრულია ნივთიერების მომწოდებელი ორგანიზაციის მიერ დამზადებული საინფორმაციო სტიკერი, სადაც სხვა უამრავ მონაცემთან ერთად აღნიშნულია როგორც ხსენებული ნივთიერების დასახელება ,,ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი… ასევე მინიჭებული საერთაშორისო ტრანსპორტირების კოდი UN3439“, – აცხადებს უწყება.
სუს-ის თანახმად, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის პირველი და მეორე სამმართველოების ბაზებიდან ამოღებული 25 ნიმუშის ქიმიური ექსპერტიზა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ჩატარდა.
ლაშა მაღრაძემ ბრიფინგზე განმარტა, რომ გამოძიების ფარგლებში ჩატარდა 160-ზე მეტი საგამოძიებო მოქმედება და გამოიკითხა 93 მოწმე, მათ შორის, შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედი და ყოფილი თანამშრომლები, ექიმები, ექსპერტები, ბრიტანული მაუწყებლის სიუჟეტის რესპონდენტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომდგენლები და სხვა პირები. ამოღებულია სხვადასხვა სახის დოკუმენტაცია შინაგან საქმეთა სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტიდან.
„ვინაიდან გამოძიების მიერ დეტალურად გამოსაკვლევი ორი მიმართულებიდან ერთ-ერთთან დაკავშირებით, რომელიც შეეხებოდა პოლიციის მიერ წინა საუკუნის 30-იან წლებში აკრძალული ნივთიერების ე. წ. „კამიტის“ გამოყენების გამოგონილ ფაქტს, საგამოძიებო მოქმედებები ამოწურულია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აგრძელებს გამოძიებას იმ შესაძლო დანაშაულის შესახებ, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 319-ე მუხლით არის გათვალისწინებული და უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს“, – აცხადებს სუს-ი.
აქციის მონაწილეების, სამოქალაქო საზოგადოებისა თუ ექიმების მოთხოვნის მიუხედავად, „ქართული ოცნების” ხელისუფლებას ერთი წლის განმავლობაში არ დაუსახელებია, რა სახის ქიმიურ ნივთიერებას ურევდნენ წყალში, 2024 წლის აქციებზე, ათიათასობით მომიტინგის წინააღმდეგ. ერთი წლისთავზე კი, BBC-ის საგამოძიებო ფილმის გამოქვეყნების შემდეგ, განაცხადა, რომ გამოყენებული ფხვნილს სახეობას ექსპერტიზა დაადგენდა.
BBC-ს საგამოძიებო ფილმში ექსპერტებზე დაყრდნობით გამოთქმულია ვარაუდი, რომ საქართველოში გამოიყენეს Bromobenzyl cyanide – ძლიერ მომწამვლელი ქიმიური ტოქსინი, რომელიც პირველი მსოფლიო ომის დროს სამხედრო მიზნებისთვის შეიქმნა და უკვე ათეულობით წელია, დემოკრატიული ქვეყნები მიტინგების დასაშლელად აღარ იყენებენ, რადგან მაღალი კონცენტრაციით ლეტალურიც შეიძლება იყოს.
პირველად სწორედ სწორედ BBC-ს მიერ შს სამინისტროს სისტემიდან მოპოვებულ დოკუმენტში გამოჩნდა, რომ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს [გდდ] ჰქონდა ქიმიური ნივთიერებები კოდებით – UN3439 და UN1710.
სამოქალაქო საზოგადოებამ, ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა და ექიმების ნაწილმა თავიდანვე განაცხადეს, რომ, სანდოობის აუცილებლობის გამო, გამოძიება საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, საერთაშორისო გამოძიების ფარგლებში უნდა წარიმართოს. 6 დეკემბერს საპროტესტო აქციაც იმართება.
იმის გამო, რომ გამოძიების მიმართ ნდობა არ არსებობს, სადავო პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა მოითხოვა „ქართული ოცნების“ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტიამ – „საქართველოსთვის“.
საპროტესტო აქციების დაშლისას წყლის ჭავლში ქიმიური ნივთიერება რომ იყო გარეული, ამას თავდაპირველად მომიტინგეები თავად მიხვდნენ – დამწვრობებისა თუ სასუნთქ გზებთან დაკავშირებული სხვადასხვა პრობლემის გახანგრძლივებული სიმპტომებით. იმ პერიოდში ბევრი მათგანი ამის შესახებ რადიო თავისუფლებასაც უყვებოდა.
- ქიმიური იარაღების შესახებ საერთაშორისო კონვენციით (CWC) დაშვებულია, ნებისმიერი ქვეყნის პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენოს; მაგრამ კონვენცია ასევე აღწერს, რომ გამოსაყენებლად დასაშვები „ცრემლმდენი გაზის” ზემოქმედება და სიმპტომები „ხანმოკლე პერიოდში უნდა გაქრეს”.
- კონვენციის თანახმად, „მასობრივი არეულობის კონტროლის აგენტების” [„ცრემლმდენი გაზის”] გამოყენება დაუშვებელია საბრძოლო მოქმედებების, ომის პირობებში.
საერთაშორისო კვლევებით, მძიმე დაზიანება და ლეტალური შედეგი შეიძლება მოჰყვეს ცრემლსადენი გაზის სახელით ცნობილი და დასავლურ პრაქტიკაში დაშვებული ნებისმიერი ნივთიერების გამოყენებასაც, თუკი სათანადოდ არ იქნება დაცული უსაფრთხოების ზომები.
ეუთო/ოდირის გზამკვლევში [„სახელმძღვანელო ადამიანის უფლებებისა და საჯარო შეკრებების დროს მართლწესრიგის უზრუნველყოფის შესახებ“] გათვალისწინებულია ყველაფერი: ცრემლმდენი გაზის გამოყენების დაგეგმვა, ხალხის გაფრთხილება, სივრცე და ტერიტორია, სადაც შეიძლება ან არ შეიძლება გაზის გაშვება, მიტინგზე მისული ადამიანების განზრახვები, გარშემო მყოფი ხალხი და ამინდიც კი. მკაცრი კონტროლია რეკომენდებული ნივთიერებების გამოყენების დოზებისა და გამოყენების დისტანციის მხრივ.




კომენტარები