
იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემზე ილია სულამანიძე (-100 კგ) ოქროს მედლის მფლობელი გახდა – თავის წონაში მსოფლიო რეიტინგში მე-12 პოზიციაზე მყოფმა 24 წლის ქართველმა ფალავანმა ფინალში ულამაზესი გდებით მსოფლიო რეიტინგის მე-3 ნომერი, 20 წლის იაპონელი დოტა არაი დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს ტურნირზე პირველი ოქროს მედალი მოუტანა.
ილია სულამანიძემ ტოკიოს გრანდ სლემზე მედალი კარიერაში პირველად მოიპოვა. ქართველი ძიუდოისტებიდან ამ პრესტიჟული ტურნირის გამარჯვებულები არიან, აგრეთვე, დავით ბოდაველი (1982), ავთანდილ ჭრიკიშვილი (2015) და ბექა ღვინიაშვილი (2019).
ტურნირის პირველი დღის ბოლოს საქართველოს ნაკრების ყულაბაში სულ 3 მედალია – გარდა სულამანიძის ოქროსი, ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა ეთერ ლიპარტელიანმა (-57 კგ) და გიორგი ჯაბნიაშვილმა (-90 კგ).
ხვალ, 7 დეკემბერს საქართველოს სახელით იბრძოლებენ ლაშა შავდათუაშვილი (-73 კგ), გიორგი ტერაშვილი (-73), ზაურ დვალიშვილი (-81 კგ), მარიამ ჭანტურია (-70 კგ) და სოფიო სომხიშვილი (+78 კგ).
ვიდეო: „ქართველი ტიტანის სრული დომინაცია“
შეგახსენებთ, რომ 2 დეკემბერს აბუ-დაბის გრანდ სლემზე ოქროს მედლის მფლობელი ლაშა ბექაური (90 კგ) გახდა.
ნუცა ყაველაშვილი




კომენტარები