ისტორიასაზოგადოება

ღალატის „ფასი“ – როგორ გაჩნდა გამოთქმა „რქები დაადგეს“?

ქართული ენა გამორჩეულად მდიდარია ირონიული მეტაფორებით, თუმცა ფრაზა „რქები დაადგეს“ განსაკუთრებულად მძიმე დატვირთვას ატარებს: ყველამ იცის, რომ აქ საუბარია მტკივნეულ ოჯახურ ისტორიაზე, მოტყუებულ ქმარზე და ამ მდგომარეობის ნახევრად ირონოიულ, ნახევრად ტკივილიან აღწერაზე.

მაგრამ რატომ მაინცდამაინც რქები? რა შუაშია ცოლის ღალატთან ხარის, ირმის ან ვერძის რქები? პასუხი მარტივი და ერთმნიშვნელოვანი არ არის – ამ ფრაზას მრავალშრიანი, მრავალსაუკუნოვანი და საინტერესო ისტორია აქვს.

„კომპენსაცია“ ბიზანტიის იმპერატორისგან მოტყუებული ქმრებისთვის

ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ვერსია XII საუკუნით თარიღდება და სკანდალებით ცნობილ იმპერატორ ანდრონიკე I კომნენოსს უკავშირდება. ლეგენდა გვიყვება, რომ მექალთანე ანდრონიკე თავისუფალ ქალებს არ სჯერდებოდა და სხვის ცოლებსაც ეტანებოდა. მოტყუებულ ქმრებს კი ერთგვარი „კომპენსაციის“ სახით სანადირო მიწებს ჩუქნიდა, ხოლო ამ „საჩუქრის“ ნიშანი მათ სახლებზე გაკრული ირმის რქები იყო. აქედან გაჩნდა ხალხში გამოთქმა „რქები დაადგეს“.

მითოლოგიური ფესვები

წარმართულ და ანტიკურ კულტურებში რქებს ამბივალენტური მნიშვნელობა ჰქონდა:

რქა, როგორც ძალის სიმბოლო

  • ზევსი ქალებთან მისასვლელად ხშირად იღებდა რქოსანი ცხოველის – ხარის ან ირმის სახეს.
  • ხმელთაშუაზღვის კულტურებში რქა მამაკაცურ ენერგიას, ნაყოფიერებასა და ძალაუფლებას აღნიშნავდა.
  • ტაძრებზე, შესასვლელებზე და საიდუმლო რიტუალებში რქების სიმბოლო ხშირად ჩნდებოდა.

რქა, როგორც დამცირების ნიშანი

გარკვეულ კულტურებში რქები, პირიქით, დაჩაგრული, დამარცხებული ან უსუსური მამაკაცის ნიშანი იყო.

ამბობდნენ, რომ მოტყუებულ ქმარს თითქოს „უხილავი რქები ამოსდიოდა“, რომელსაც ყველა ამჩნევდა, მის გარდა (როგორც ცნობილია, უმეტესად ქმარი ცოლის ღალატს ყველაზე ბოლოს იგებს).

როგორ მოვიდა ფრაზა ქართულ ენაში? – ევროპული სალონებიდან საბჭოთა სივრცემდე

გამოთქმა „რქების დადგმა“ ევროპულ ენებში საუკუნეების განმავლობაში არსებობდა:

  • გერმანულად – jemandem Hörner aufsetzen;
  • ფრანგულად – porter des cornes;
  • იტალიურად – fare le corna (ჩვეული ჟესტით – ორი აწეული თითი).

XVIII–XIX საუკუნეებში ფრაზა ევროპული რომანებიდან რუსულ სალონურ ლექსიკონში შევიდა და შემდეგ საქართველოშიც გავრცელდა, ისევე როგორც მთელ ყოფილ საბჭოთა სივრცეში.

ანუ ფრაზა, როგორც კულტურული პროდუქტი, ქართულ ენაში ევროპული გავლენის შედეგად გაჩნდა და იმდენად დამკვიდრდა, რომ დღეს უკვე ძნელად ვინმეს ეგონება შემოსული და არა საკუთრივ ქართული.

გამოთქმა მოკლეა, მაგრამ თუ ფანტაზიას გასაქანს მივცემთ, მასში მთელი ადამიანური დრამა შეიძლება მოვიაზროთ მთელი თავისი ტკივილიანი პერიპეტიებით.

რქების სხვა „დატვირთვა“ – ძველბერძნული მითი და სასტიკი სასჯელი ცნობისმოყვარეობისთვის

ძველ ბერძნებს ერთი საინტერესო მითოლოგიური ისტორია აქვთ, რომელიც რქებს განსხვავებულ მნიშვნელობას აძლევს.

ერთხელ, როცა ნადირობის ქალღმერთი, მარადიული ქალწული არტემიდა მდინარეში ბანაობდა, შეამჩნია, რომ ახალგაზრდა მონადირე აქტეონი უთვალთვალებდა. აქტეონი ნადირობისას შემთხვევით მივიდა იმ მდინარესთან, სადაც შიშველი ქალღმერთი თავის ნიმფებთან ერთად ბანაობდა. იმის ნაცვლად, რომ „წმინდა შიშის გამო“ სასწრაფოდ გასცლოდა იმ ადგილს, მოჯადოებულმა აქტეონმა სანახაობას თვალი ვერ მოსწყვიტა. არტემიდამ უპატიებელი ცნობისმოყვარეობისთვის იგი სასტიკად დასაჯა – აქტეონი ირმად აქცია და თავისივე 50 მონადირე ძაღლი მიუქსია, რომლებმაც ირმად ქცეული ახალგაზრდა კაცი დაგლიჯეს.

ამ მითის მიხედვით, რქოსნობა არ ნიშნავდა მოტყუებულ ქმარს, არამედ ზედმეტად ცნობისმოყვარე ადამიანს, რომელსაც ღვთაებრივ წესრიგთან დაპირისპირებისთვის სასტიკი სასჯელი დაეკისრა.

ბუნებრივი ალეგორია: როცა ახალგაზრდა ლიდერი ძველს ამარცხებს

ბიოლოგიას რომ დავუბრუნდეთ – ირმების, ვერძებისა და, ზოგადად, რქოსანი მამრი ცხოველების სამყაროში ბრძოლის მთავარი იარაღი რქებია. ბრძოლაში დამარცხებული მამრი თავის „ჰარემს“, ტერიტორიას და სტატუსს კარგავს და რჩება მხოლოდ რქები – როგორც წარსული ძლიერების ერთგვარი „ბუტაფორია“.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close