მიგრაციაქართველები უცხოეთში

ქართველებისთვის პოლონეთის შრომის ბაზარი შეიზღუდა – რა შეიცვალა და რატომ გამკაცრდა რეგულაციები?

პოლონეთი ბოლო ათწლეულის განმავლობაში იყო ერთ-ერთი ყველაზე ხელმისაწვდომი ევროპული დასაქმების ბაზარი იმ ქართველებისთვის, რომლებიც იქ სეზონური ან მოკლევადიანი სამუშაოს საძიებლად მიდიოდნენ. გამარტივებული პროცედურები, სწრაფი დასაქმება და მინიმალური ფორმალური ბარიერები ქვეყანას მიმზიდველ მიმართულებად აქცევდა ქართველი სამუშაოს მაძიებლებისთვის.

თუმცა 2025 წლის ბოლოდან ეს სურათი რადიკალურად იცვლება: პოლონეთის მთავრობამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ 1-ელი დეკემბრიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის დაიხურა გამარტივებული პროცედურა – Oświadczenie o powierzeniu pracy cudzoziemcowi” – ე. წ. დასაქმების დეკლარაციის რეჟიმი, რომლითაც ათასობით ქართველი დღემდე ახერხებდა სამუშაო ვიზის გარეშე რამდენიმე თვით ლეგალურ დასაქმებას პოლონეთში.

ეს გადაწყვეტილება, რომელიც პოლონური მედიითა და ოფიციალური წყაროებით უკვე ფართოდ გავრცელდა, პრაქტიკულად, ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეები ამიერიდან ვერ გამოიყენებენ იმ ბერკეტს, რომელმაც ბოლო წლებში ევროპაში მუშაობის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი და იოლი გზა შექმნა.

რატომ იცვლება წესები?

პოლონეთის შრომის სამინისტრო ცვლილების მთავარ მიზეზად ასახელებს:

  • სისტემის გადატვირთვას სეზონური სამუშაოსთვის ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან მომავალი მაღალი ნაკადის გამო;
  • არაკონტროლირებად მიგრაციას მესამე ქვეყნებიდან;
  • შრომითი უსაფრთხოების დარღვევების ზრდას;
  • სეზონური სამუშაოს რეჟიმის გამოყენებას ევროპაში გადაადგილებისთვის, რომელიც სამუშაო მიზნებს არ შეესაბამება.

ჩვეულებრივ, დასაქმების გამარტივებული რეჟიმი საშუალებას აძლევდა დამსაქმებელს, უბრალოდ ონლაინ-ფორმაში შეეტანა ინფორმაცია უცხოელზე, რის შემდეგაც მოქალაქე ლეგალურად იწყებდა მუშაობას სპეციალური ნებართვის გარეშე, 6 თვემდე ვადით. სწორედ ეს მოქნილი პროცედურა ხდიდა პოლონეთს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ბაზრად საქართველოს მოქალაქეებისთვის.

მუშაობის დაწყების შემდეგ მოქალაქე იწყებდა პროცედურას პოლონეთში ბინადრობის 3-წლიანი ნებართვის ასაღებად და ამ დოკუმენტის მოლოდინში ქვეყანაში ლეგალურად რჩებოდა.

რა შეიცვლება პირველი დეკემბრიდან?

საქართველოს მოქალაქეებისთვის გამარტივებული რეჟიმი სრულად იხურება

ეს ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლეა. ცვლილება ნიშნავს, რომ არ იარსებებს სწრაფი, დაბრკოლებებისგან თავისუფალი გზა მუშაობის დასაწყებად.

სამუშაოს დასაწყებად საჭირო იქნება სრულფასოვანი ნებართვები

ქართველები ვეღარ იმუშავებენ „დეკლარაციით“ (როდესაც დამსაქმებელი გზავნიდა მოწვევას, დასაქმების მსურველი ელექტრონულ დეკლარაციას ავსებდა და ამის საფუძველზე მარტივად იღებდა მუშაობის უფლებას). აუცილებელი გახდება:

  • Zezwolenie na pracę (სამუშაო ნებართვა – ტიპი A, B, C და სხვ.) ან
  • Zezwolenie na pracę sezonową (სეზონური ნებართვა – ტიპი S)

რომელთა მიღებაც გაცილებით რთული, დროში გაწელილი და ბიუროკრატიული პროცედურაა. დამსაქმებლებს ბევრ შემთხვევაში მოუწევთ შრომითი ბაზრის ტესტის (tzw. test rynku pracy) გავლაც.

ვიზების მიღების პროცესი დროში გაიწელება

სამუშაო ვიზის მიღება შესაძლოა გაგრძელდეს კვირებიდან თვეებამდე, წესების გამკაცრებების პარალელურად.

პოლონეთში ამჟამად მყოფ/დასაქმებულ ქართველებზე ცვლილება პირდაპირ გავლენას მოახდენს

დასაქმებულთა ნაწილი ვერ შეძლებს კონტრაქტის სწრაფად განახლებას დეკლარაციის გზით. საჭირო იქნება, დამსაქმებელმა თავიდან დაიწყოს სამუშაო ნებართვის მიღების პროცედურა.

ვის ეხება ცვლილება ყველაზე მეტად?

ახალგაზრდებს, რომლებიც პოლონეთში თან სწავლობდნენ და თან მუშაობდნენ

სტუდენტებს ხშირად სჭირდებათ დამატებითი შემოსავალი, რომლის მოძიებაც სწრაფად, „დეკლარაციით“ იყო შესაძლებელი. ახლა ეს გზა დახურულია.

სეზონურ მუშაკებს (სოფლის მეურნეობა, წარმოება, მომსახურების სფერო)

სწორედ ეს კატეგორია იყო Oświadczenie რეჟიმის მთავარი ბენეფიციარი. მათთვის სამუშაო ვიზის მიღების პროცესი მნიშვნელოვნად გართულდება.

ადამიანებს, რომლებიც პოლონეთში სამუშაოდ წასვლას ახლო მომავალში გეგმავდნენ

ახალი წესები გულისხმობს, რომ პოლონეთში ჩასვლა „მუშაობის დაწყებისა და ადგილზე დარეგულირების“ იმედით, პრაქტიკულად, შეუძლებელი ხდება. დასაქმება მხოლოდ წინასწარ შეთანხმებული კონტრაქტით და დამტკიცებული სამუშაო ნებართვით იქნება შესაძლებელი.

რა მოხდება მათთვის, ვინც უკვე პოლონეთშია?

თუ საქართველოს მოქალაქე უკვე მუშაობს გამარტივებული პროცედურის საფუძველზე პირველ დეკემბრამდე მიღებული ოფიციალური დოკუმენტით:

  • მისი სამუშაო ნებართვა შეიძლება გაუქმდეს დეკლარაციაში მითითებული ვადის გასვლის შემდეგ;
  • თუმცა კონტრაქტის გაგრძელება იმავე სქემით აღარ იქნება შესაძლებელი,
  • დამსაქმებელმა თანამშრომლის დარჩენისთვის მისთვის სამუშაო ნებართვის მიღების სრული პროცედურა უნდა გაიაროს, რასაც შესაძლოა დიდი დრო (3-4 თვეც კი) დასჭირდეს.

ეს შეცვლის არა მარტო ინდივიდუალური დასაქმებულების გეგმებს, არამედ მთელი სექტორების სამუშაო რესურსის სტრუქტურას.

გონივრული იქნება, დასაქმებულმა კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ზრუნვა ადრევე დაიწყოს, რადგან რიგები და ლოდინის დრო, სავარაუდოდ, გაიზრდება.

რატომ მოხდა რეგულაციების გამკაცრება?

პოლონური მედიისა და ოფიციალური უწყებების ერთიანი მესიჯი ასეთია:

  1. მიგრაციის საერთო პოლიტიკის გამკაცრება
    2025 წელს პოლონეთმა გააძლიერა კონტროლი უცხოელების დასაქმებაზე, შეამცირა გამარტივებული სქემით შემოსვლის შესაძლებლობები და გაზარდა ნებართვების, განაცხადებისა და კონტროლის საფასურები.
  2. უსაფრთხოების ფაქტორი
    ბოლო წლების განმავლობაში პოლონეთში გაიზარდა იმ უცხოელთა რაოდენობა, რომლებიც სამართალდარღვევებში ფიგურირებდნენ. სტატისტიკაში ქართველებიც ხშირად ფიქსირდებოდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ქართველების უმრავლესობა კეთილსინდისიერად მუშაობს და კანონს არ არღვევს. 2025 წლის ივნისში თავად დონალდ ტუსკმა აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში პოლონეთიდან საქართველოს დაახლოებით 50 მოქალაქე გააძევეს „სხვადასხვა სახის დანაშაულის ჩადენისთვის“. მისივე თქმით, პოლონეთი იწყებს მკაცრ ბრძოლას უცხოელთა იმ ჯგუფებთან, რომლებიც შესაძლოა კრიმინალურ საქმიანობას ეწეოდნენ.
  3. შრომითი ბაზრის პრიორიტეტები
    პოლონეთი ცდილობს, გამოთავისუფლებული რესურსი მიმართოს იმ სპეციალობებში, სადაც ამჟამად დეფიციტია – კერძოდ: მედიცინა, მშენებლობა, IT სფერო და სოფლის მეურნეობის ზოგი სეგმენტი.

საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც, ძირითადად, სეზონური და დაბალანაზღაურებადი სამუშაოების სეგმენტში იყვნენ დასაქმებულები, ავტომატურად გახდნენ იმ ჯგუფის ნაწილი, რომლის მიმართაც მოთხოვნები გამკაცრდა.

არსებობს სხვა მიზეზიც: როგორც პოლონური ორგანიზაცია HRappka.pl წერს, პრივილეგირებულთა სიიდან საქართველოს ამოღებას საფუძვლად დაედო ორ ქვეყანას შორის არსებული მდგომარეობა და საქართველოში არსებული არასტაბილური პოლიტიკური სიტუაცია. აქვე აღნიშნულია, რომ ევროკავშირის ინსტიტუტები, „უკვე გარკვეული პერიოდია, საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის საფუძველზე შენგენის ზონაში თავისუფალი შესვლის შეზღუდვის საკითხს განიხილავენ”.

აღსანიშნავია, რომ იმ 5 ქვეყნის სიიდან, რომელთათვისაც დასაქმების გამარტივებული წესები მოქმედებდა, მხოლოდ საქართველო ამოიღეს, ჩამონათვალში ისევ რჩებიან: სომხეთი, უკრაინა, მოლდოვა და ბელარუსი.

რა შეიძლება გაკეთდეს ახლა

ვინც პოლონეთში გამგზავრებას გეგმავდა დასაქმების მიზნით, მათთვის საჭირო იქნება ახალი სტრატეგიის არჩევა

სტრატეგია – „სამუშაოს ადგილზე ჩასვლისას ვიპოვი“ – აღარ იმუშავებს. აუცილებელია:

  • კონტრაქტის წინასწარ მოძიება,
  • დამსაქმებლის მიერ სამუშაო ნებართვაზე განაცხადის შეტანა,
  • სამუშაო ვიზის სრული პროცედურით მიღება.

რას ნიშნავს ეს ცვლილება ფართო კონტექსტში?

პოლონეთი ბოლო წლები იყო ერთ-ერთი ყველაზე დემოკრატიული და მოქნილი შრომითი ბაზარი მესამე (ევროკავშირის არაწევრი) ქვეყნების მუშახელისთვის. რეგულაციის გამკაცრება აჩვენებს, რომ შრომითი ბაზრის გაჯერება, მიგრაციული ნაკადების ზრდა და ევროკავშირის მასშტაბით მკაცრი საიმიგრაციო პოლიტიკის ტენდენციები ერთად ქმნის ახალ რეალობას, სადაც სწრაფი და მარტივი დასაქმების რეჟიმები თანდათან იხურება.

საქართველოს მოქალაქეებისთვის ეს გადაწყვეტილება არა მხოლოდ პოლონეთში მუშაობის შესაძლებლობებს ცვლის, არამედ, ზოგადად, ევროპის შრომით ბაზარზე სტრატეგიის გადახედვასაც მოითხოვს. როგორც ცნობილია, საქართველოს მოქალაქეები პოლონეთში მუშაობის ნებართვის გამარტივებულად მიღების შემდეგ ახერხებდნენ ევროპის სხვა უფრო მაღალანაზღაურებად შრომით ბაზარზე დასაქმებას, მაგ., გერმანიაში. ახლა ეს შესაძლებლობაც, ფაქტობრივად, იხურება.

ექსპერტთა ნაწილის აზრით, 2025 წლის რეგულაციები შეიძლება გახდეს საწყისი ეტაპი უფრო ფართო სისტემური რეფორმებისა, რომელთა განხორციელებით პოლონეთი თავისი შრომითი ბაზრის სტრუქტურას სრულად შეცვლის.

ზოგი ვარაუდობს, რომ თუ სამუშაო ძალის დეფიციტს ადგილობრივი მუშახელის ხარჯზე ვერ შეავსებენ, 2026 წლიდან შესაძლოა ზოგიერთი შეზღუდვა ისევ შეარბილონ, თუმცა ეს ჯერჯერობით მხოლოდ ვარაუდია.

ნანა ძნელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close