ჯანმრთელობარჩევები

როგორ უნდა ვიკვებოთ მარხვაში სწორად? – რჩევები და სამარხვო კრემსუპის რეცეპტი

მართლმადიდებელი ქრისტიანებისთვის დღეიდან, 28 ნოემბრიდან საშობაო მარხვა დაიწყო, რომელიც 7 იანვარს, შობის ბრწყინვალე დღესასწაულზე დასრულდება. შობის მარხვა 40 დღეს გრძელდება და თევზის მიღება დაშვებულია 25 დეკემბრამდე (ოთხშაბათისა და პარასკევის გარდა), აგრეთვე, 1-ელ და 2 იანვარს.

მართლმადიდებელი ქრისტიანები მარხულობენ იმისთვის, რომ ქრისტეს მიმართ თავიანთი სიყვარული და პატივისცემა გამოხატონ, თუმცა მარხვას სამედიცინო მხარეც აქვს – ამ დროს ორგანიზმი ზედმეტი ცხიმებისა და ქოლესტერინისაგან სუფთავდება. 

საეკლესიო სწავლებით, ნაყროვანება ერთ-ერთი ვნებაა, რომელსაც სხეულისათვის სულზე არანაკლები ზიანი მოაქვს. გადამეტებული და უკონტროლო ჭამა-სმა იწვევს ნივთიერებათა ცვლის დარღვევას, ჭარბ წონას, შაქრიან დიაბეტს, ჰიპერტონიულ დაავადებას, ათეროსკლეროზს, ინსულტს, ინფარქტს და ა. შ.

მოკლედ, ზედმეტი ჭამა-სმა ადამიანს ნაადრევად აბერებს და სიცოცხლეს უმოკლებს. წმინდა სამედიცინო თვალსაზრისით, მარხვა ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა, ამ დროს ორგანიზმი იწმინდება და ჯანსაღდება. 

როგორც ცნობილია, ცხოველური პროდუქტები ცილის ძირითადი წყაროა. სწორედ ისინი ანიჭებენ ორგანიზმს დანაყრების შეგრძნებას და მათ გარეშე ხშირი შიმშილის გრძნობა გარდაუვალია, ამიტომ იზრდება საყვარელი ტკბილეულისა და ნამცხვრების ჭარბი რაოდენობით მიღების რისკი. ეს კი „ორგანიზმის გაწმენდა“ ნამდვილად არ იქნება. 

ამ პრობლემის თავიდან ასაცილებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ საკვები, რომელიც მცენარეული ცილის წყაროა – ესენია პარკოსნები და მარცვლეული, ასევე პროდუქტები, რომლებიც რთულ ნახშირწყლებს შეიცავს.

მაგალითად, პარკოსნებში (სოია, ლობიო, მუხუდო), არაქისში, თხილში, ნუშში, კაკალში, სოკოში უხვად არის ამინომჟავები, მიკროელემენტები, ვიტამინები, რომლებიც ცილოვან პროდუქტებზე ადამიანის მოთხოვნას მთლიანად აკმაყოფილებს. უჯრედისით მდიდარი მცენარეული საკვების წყალობით ნაწლავთა პერისტალტიკა ძლიერდება და კუჭის მოქმედება წესრიგდება. ამასთანავე, ნახშირწყლებს ორგანიზმი ცილოვან საკვებზე (ხორცი, თევზი) იოლად ითვისებს. შესაბამისად, მის გადასამუშავებლად ნაკლები ენერგია იხარჯება.

მარხვის დროს საჭმლის მონელება და ნივთიერებათა ცვლა ნორმალიზდება. ცხოველური ცხიმის მცენარეულით ჩანაცვლება არტერიული წნევის დარეგულირებისა და ქოლესტერინის დონის შემცირების საშუალებას იძლევა, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს გულის იშემიური დაავადებისა და ჰიპერტენზიის დროს. ცხოველური ცხიმი დიდი ოდენობით შეიცავს ქოლესტერინს, რომელიც სისხლძარღვთა გამტარობას ახშობს და მათ ელასტიკურობას ამცირებს, ათეროსკლეროზისა და სისხლძარღვოვანი პათოლოგიების ჩამოყალიბებისკენ მიდრეკილებას აყალიბებს.

ქოლესტერინი აუცილებელიც არის ორგანიზმისთვის – მისგან ბევრი საჭირო ნივთიერება სინთეზირდება, მაგალითად: ჰორმონები, ნაღვლის მჟავები, ზოგიერთი ვიტამინი, ამიტომ ხსნილში ცხოველურ პროდუქტებს და, მაშასადამე, ქოლესტერინს ვიღებთ, ხოლო მარხვისას ორგანიზმს ამ ნივთიერებისგან ვასვენებთ.

უნდა აღინიშნოს, რომ ზოგიერთი პროდუქტისგან თავის შეკავება სულაც არ ნიშნავს ერთფეროვან კვებას და საკვები ნივთიერებების უკმარისობას. სამარხვო მენიუში შედის ყოველგვარი ბურღული, პური, სოია, პარკოსნები, სოკო, ხილი, ბოსტნეული, თხილეული. ტკბილეულის მოყვარულებს შეუძლიათ მიირთვან მურაბა, თაფლი, ჩირი, სამარხვო ნამცხვარი.

არსებობს მოსაზრება, რომ ვეგეტარიანული დიეტა გონებრივ შესაძლებლობებს აუმჯობესებს. როდესაც საკვები ნივთიერება სისხლში უხვადაა, გონებრივი აქტივობა მცირდება. ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ დანაყრების შემდეგ ადამიანი ითენთება და გონებრივი სამუშაოს შესრულება მის ძალებს აღემატება.

დაიმახსოვრეთ, რომ მარხვის დასრულების შემდეგ ძალიან სწრაფად არ უნდა ჩართოთ რაციონში ცხოველური წარმოშობის საკვები. ამან შეიძლება საჭმლის მომნელებელი სისტემის გაღიზიანება გამოიწვიოს, ამიტომ ხორცისა და რძის ნაწარმის მიღება ნელ-ნელა, მცირე ულუფებით უნდა დაიწყოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ორგანიზმისთვის სტრესი გარანტირებული იქნება!

აქვე გთავაზობთ ერთი გემრიელი კერძის რეცეპტს:

მწვანე ბარდის კრემსუპი

ინგრედიენტები:

  • მწვანე ბარდა – 400 გ
  • კარტოფილი – 4 ცალი
  • ნიახური – 2 ღერო
  • სტაფილო – 1 ცალი
  • ხახვი – 1 თავი
  • ხმელი პიტნა – 1 ჩ/კ
  • მარილი და პილპილი – გემოვნებით
  • მცენარეული ზეთი
  • კრუტონები  (შეგიძლიათ მზა იყიდოთ ან თავად მოამზადოთ)

მომზადების წესი:

  • ბოსტნეული კარგად გარეცხეთ და გაფცქვენით. კარტოფილი დაჭერით წრეებად, ხახვი – პატარა კუბებად და სტაფილო მსხვილ სახეხზე დახეხეთ.
  • ნიახურის ღეროები წვრილად დაჭერით.
  • ქვაბი წყლით დადგით ცეცხლზე. ადუღების შემდეგ ჩაყარეთ კარტოფილი და ხარშეთ 10 წუთის განმავლობაში.
  • დაუმატეთ ნიახური და ბარდა. ხარშეთ კიდევ 10 წუთი.
  • ტაფაზე მცენარეულ ზეთში მოშუშეთ ხახვი და სტაფილო.
  • მოშუშული ბოსტნეული ქვაბში ჩაასხით. გემოვნებით შეაზავეთ მარილით და პილპილით.
  • კერძს უნიკალური არომატს პიტნის დამატებით მისცემთ.
  • მზა წვნიანი ბლენდერში ჩაასხით და დააბლენდერეთ, თუ სქელია, შეგიძლიათ ადუღებული წყალი დაუმატოთ და სასურველ კონსისტენციამდე მიიყვანოთ.

მიირთვით კრუტონებთან ერთად.
კრემის კონსისტენციის სუპი ყოველთვის გემრიელია და კარგად ანაყრებს.

კრუტონების მომზადება ჩვენმა მკითხველმა უკვე იცის, მაგრამ მაინც შეგახსენებთ:

პური პატარა ზომის კუბებად დაჭერით, ცოტაოდენ ზეითუნის ზეთში დასველებული ხელით აურიეთ, სურვილისამებრ მოაყარეთ ცოტა ცხარე დაფქული წითელი წიწაკა, დაყარეთ განიერ ტაფაზე და დატოვეთ ნელ ცეცხლზე, თან პერიოდულად ურიეთ. კარგად რომ გამოშრება, მომზადებულ კრემსუპთან ერთად გემრიელად მიირთვით.

მოამზადა ნუცა ყაველაშვილმა

ამავე თემაზე: როგორ მოქმედებს მარხვა ჯანმრთელობაზე

დაკავშირებულ თემაზე:  სამარხვოდ – სტაფილოს უგემრიელესი სალათა – მარტივად მოსამზადებელი და სასარგებლო

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close